2024-03-06

 

მოქალაქე ნათია მჭედლიშვილი "იმედის კლინიკას" და მის მედპერსონალს დაუდევრობაში ადანაშაულებს. 

როგორც ნათიამ "მშობელს" განუცხადა, კლინიკიდან ისე გაწერეს, რომ მისი მდგომარეობა არ გადაუკონტროლებიათ, გართულების შემდეგ კი სეფსისი დაუდგინდა. 

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება უკვე ცხრა თვეა შეტანილი მაქვს ჯანდაცვის სამინისტროში, თუმცა რეაგირება ჯერ არ მოუხდენიათ.

"თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემი ისტორია გაგიზიაროთ, რადგან ვინმესგან რომ მომესმინა, მე ნამდვილად ავარიდებდი თავს იმედის კლინიკაში მოხვედრას. სრულიად ჯანმრთელი და უპრობლემო ორსული შევედი კლინიკაში სამშობიაროდ. ჩამიტარდა საკეისრო კვეთა ექიმ გია გაბრიჩიძის მიერ. სტანდარტულად მესამე დღეს გამომწერეს საკონტროლო ეხოსკოპიის გარეშე, არ გადამიმოწმეს ანალიზები, ტკივილებზე მითხრეს რომ პოსტოპერაციული პერიოდია და გამივლის. პალატის ექიმმა გიგა გურასპაშვილმა გადმომცა მხოლოდ 15%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი იმედის კლინიკის და არანაირი კონსულტაცია ან დანიშნულება არ მოუცია. ასე გამომწერეს სამშობიაროდან ინფექციით, სეფსისით. 

რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდი ჩივილებით, დამიმალეს დიაგნოზი, მკურნალობდნენ არასწორად. ამაში ჩართული იყო მთელი იმედის კლინიკის ექიმები! გია გაბრიჩიძემ ყველანაირი კანონის ავლით, საკუთარი მანქანით გადამიყვანა სერგო მათითაშვილთან. ეხოსკოპიაზე იქაც არ მითხრეს თუ რა მჭირდა და იქიდან მოსული ეგრევე შემიყვანეს საოპერაციოში. 

არც მე და არც ჩემი ოჯახი არ ფლობდა ინფორმაციას, თუ რისთვის შემიყვანეს საოპერაციოში. იმედის ექიმებისგან ვიცოდი რომ ადგილობრივი ანესთეზიით უბრალოდ მოხდებოდა მუცლის ღრუში არსებული სითხის დრენაჟირება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩამიტარდა ჰისტერექტომია, დამაკარგვინეს საშვილოსნო თავისი დანამატებით. ეს ოპერაცია მაია მჭედლიძემ გამიკეთა.

ამ ოპერაციის მერე ისევ ვმძიმდებოდი და მივხვდი რომ ესენი გამოჯანმრთელების მაგივრად მკლავდნენ. მივითხოვე გადასვლა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მოხდა ჩემი სრული გამოკვლევა. რეანიმაციაში სეფსისის დიაგნოზით დამაწვინეს.

ორი კვირის განმავლობაში ვიბრძოდი სიცოცხლისთვის, ღმერთის წყალობით გადავრჩი. მივიღე მძიმე ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესი. მომაყენეს მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება, ის გამოც დარჩენილი სიცოცხლე უნდა ვიყო მკურნალობის ქვეშ და ჯერ სულ რაღაც 31 წლის ვარ. 

თავს ვალდებულად ვთვლი ეს ინფორმაცია გავაჟღერო. უნდა დაისაჯოს ყველა ექიმი იმ გულგრილი დამოკიდებულებისთვის, რასაც თითქმის ყოველდღე ჩადიან", - აცხადებს ნათია.

ნათია დავის გააგრძელებას სამართლებრივი გზით აპირებს.

"გავდივარ კონსულტაციებს და ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს, მე კი ვალდებულად ვთვლი თავს, ამ ინფორმაციით დავიცვა ის ქალები, რომლებმაც ჯერ არ იციან თუ რა ხდება კლინიკაში", - აღნიშნა მან "მშობელთან" საუბარში.

ჯანდაცვა