2024-02-24

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დღეს მეორედ შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება.

როგორც მან განმარტა, უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო პარალელურად ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს.

"დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის. ხოლო წინა ტერიტორიაზე არსებული შენობის ადგილას მისი დემონტაჟის საფუძველზე ახალი შენობის აშენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც იმას გულისხმობდა რომ უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა შეიძლებოდა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის მოხდებოდა. ეს შემოთავაზება იმ გეგმას შეესაბამება, რომელიც არსებობდა თუ არ ვცდები 2007 წელს, როცა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა, - სამწუხაროდ მერე ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშაოები. დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და წინადადებები ამ მიმართულებით მომზადდება, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჰქონდათ.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებული პროცესი გაჩერდეს. მოვამზადებთ უახლოეს თვეებში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით.

შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ ამ შუალედურ პერიოდში გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, ვიდრე ახალი საავადმყოფო აშენდება. შესაბამისად, ვფიქრობთ ეს არის ის გადაწყვეტა, რომლის მიესადაგება როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, ასევე, კოლექტივის ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ჯანდაცვა