2024-03-26

მსოფლიო ჩემპიონ ილია თოფურიას ქართველი გულშემატკივარი აეროპორტში დახვდა. მათ შორის იყო 6 წლის დანიელ ქაჯაია, რომელიც ჩემპიონის დასახვედრად, ოჯახმა ქუთაისიდან ჩამოიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სიჭარბის გამო, ილიასთან მიახლოება ვერ შეძლო.

გულდაწყვეტილი ბავშვის ვიდეო, ოჯახმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ჩემპიონის ოჯახისგან, მალევე მოყვა რეაგირება.

როგორც „მშობელს“ ილიას და, მარიამ ტლაშაძე უყვება, როგორც კი ვიდეო გავრცელდა, ოჯახის ძებნა მაშინვე დაიწყეს, რადგან ილიას თავად უნდოდა ბიჭუნას ნახვა.

„ილიასთვის ყველა გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით პატარა ბავშვები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალია. დანის ვიდეო რომ გავრცელდა სოციალურ ქსელში, მაშინვე დავიწყეთ აქტიური ძებნა, რადგან ილიას პირადად უნოდა დანისთან შეხვედრა. სამწუხაროდ. როცა შევძელით დანის დედიკოსთან დაკავშირება, ილია უკვე აღარ იმყოფებოდა საქართველოში. ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან ემოციურია, მსგავს სიყვარულს გრძნობდე ასეთი გულანთებული პატარა გულშემატკივრისგან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მის მშობლებს, რომ გამოიარეს ამხელა გზა, რამდენიმე საათი გატარეს აეროპორტში, რომ  დახვედროდნენ ილიას. ილიას ავტოგრაფი და საჩუქრები, დანიელს ოჯახის წევრებმა გადავცით“, - გვიყვება „მშობელს“ მარიამი.

დანიელის დედა, სალომე კინწურაშვილი, „მშობელს“ უყვება, რომ შვილი ილიასთან დასახვედრად ქუთაისიდან ჩამოიყვანეს, რადგან ბავშვისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო.

„მთელი ოჯახი ვგულშემატკივრობთ ილიას. ორი პატარა ვაჟი გვყავს, დემე და დანი, 6-7 წლისები. აქტიურად არიან ჩართული სპორტში, ახლა ირჩევენ მათ მისაბაძ  სპორტსმენებს. დანი მოუსვენარია და ცდილობს ილიას მიბაძოს. ახლაც აჩემებული აქვს, რომ ილიამ უნდა ასწავლოს ბრძოლა. დასახვედრად ქუთაისიდან ჩავედით, საკმაოდ ადრე წავედით და წინა რიგებში დავიკავეთ ადგილი. ილიას ჩამოსვლის დროს, დანი ეძახდა და ვერ გაიგონა. ბოლოს კი იტირა. ხელთათმანები ჰქონდა წაღებული... ვიდეო რომ გავავრცელეთ, სურვილი მქონდა ენახა, მაგრამ იმედი იმდენად არა. ჩემი შვილი ახლა იწყებს საკუთარ ოცნებებზე ფიქრს და მისთვის მისაბაძ ჩემპიონთან შეხვედრა, ძალიან მნიშნელოვანი იყო. ილიას დამ რომ მოგვწერა, დანის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ისეთი გახარებულია, ამ სიხარულისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. საოცარი ოჯახია, ისეთი ემოცია გვაჩუქეს. უდიდესი წარმატება მინდა ვუსურვო ილიას“, - განუცხადა „მშობელს“ დანიელის დედამ.

6 წლის დანიელი, ჭიდაობითაა დაკავებული, 7 წლის ძმა დემეტრე კი ფეხბურთის გულშემატკივარია და ახლა მისი ოცნების ასრულებას, ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვერდას ელოდება.

სპეციალურად "მშობელისთვის" 

 

საზოგადოება