2024-03-06

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება.

კახა კალაძის ინფორმაციით, განცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები თბილისის მერიის ვებგვერდს - www.tbilisi.gov.ge უნდა ეწვიონ.

 

საზოგადოება