2022-10-09

ომი, ომი და ისევ ომი...

ეს 37 წლის ივანე ქუხილავას მოკლე ამბავია, რომელიც აფხაზეთის ომის დროს 7 წლის იყო და ცხადად ახსოვს იქაური მოვლენები. იბრძოდა 2008 წლის ომში, ამჟამად კი უკრაინაში ებრძვის საერთო მტერს. ივანემ საქართველოში დატოვა შვილი, რომელმაც არ იცის, რომ მამა ომშია...

ის ველომოყვარულთა ჯგუფში ვიპოვეთ და მისი ამბავი იმით გახდა ცნობილი, რომ უკრაინის ომში წასასვლელად, საყვარელი ტრანსპორტი გაყიდა.

ივანეს მამაც მეომარი ჰყავდა და ამბობს, რომ სოხუმში სახლი მალევე დაუწვეს, რადგან მამას ფორმა აივანზე ეკიდა. სოხუმი სვანეთის გზით დატოვეს.

"შვიდი წლის ვიყავი და მახსოვს ომის პერიოდი. ჩვენი სახლის სარდაფში დამალული მეზობლები, შიში, წამოსვლა. რაღაც მონაკვეთი მანქანით ვიარეთ, მერე როგორც უმეტესობამ - ფეხით. ღამეც შეუსვენებლად მოვდიოდით, წვიმაშიც, მშივრები. ხანდახან, წვიმის დროს, სვანების სახლებში ვაფარებდით თავს. ვჭამდით რასაც სხვები - ჭყინტ, უმ სიმინდს. ან არაფერს, გვშიოდა. მამა იქ დარჩა სოხუმის დაცემამდე. რამდენიმე წლის შემდეგ აფხაზ მეზობელს შევხვდით და გვითხრა, რომ ჩვენი სახლი, როგორც კი სოხუმში შემოვიდნენ, დაწვეს. დაწვეს, როგორც მებრძოლის სახლი, რადგან მამას ფორმა ჰქონდა აივანზე. მამაჩემი მოგვიანებით გადმოვიდა. ზუგდიდში შევხვდით ერთმანეთს. ერთი თვე ვიყავით ზუგდიდში შეფარებულები, მერე ქუთაისში გადავედით".

ახალ რეალობაში, ახალ ქალაქში, - საკუთარი სახლისა და ყველაფრის გარეშე. დევნილობა საკუთარ ქვეყანაში, როგორც ყველასთვის, რთული იყო. ახალ სკოლაში სწავლის გაგრძელება - სახლის მონატრება. თუმცა იმასაც იხსენებს, რომ პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთები ადგილობრივებმა აჩუქეს.  ასე გაგრძელდა ცხოვრება შემდეგ ომამდე...

აგვისტოს ომი, მტერი - იგივე. რეალობა ისევ დაკარგული ტერიტორიები, ხალხი...

რომ ვკითხე რატომ წახვედი უკრაინაში-თქო, მიპასუხა - "სოხუმიდან ვარო“.

„სახლი იმ მტერმა წამართვა, ვინც ახლა უკრაინაში აკეთებს იმავეს, რაც აფხაზეთში გააკეთა, რაც აგვისტოში ქნა. ბრძოლა საერთო მტრის წინააღმდეგ, ჩემი ბუნებრივი სურვილია. ვიბრძვი ჩემი შვილისთვის, ვიბრძოლებ ბოლომდე".

ივანეს მამაც იბრძოდა ივანესთვის, ივანეს ელენემ კი არ იცის რომ მამა ომშია... უთხრა, რომ სკოლები უნდა დაალაგოს უკრაინაში.

"დამშვიდობება საშინელება იყო. ის იცინოდა, არ იცოდა სად მივდიოდი. მე ვიცოდი. თავი ვერ შევიკავე, ცრემლები რომ არ ენახა, შემოვბრუნდი. სკოლებში რომ შევდივართ აქ, ვურეკავ რომ სკოლის ეზოები ვაჩვენო, თითქოს ვალაგებ. ჩემი შვილი ბებიასთან იზრდება, უდედოდ და არ მაქვს უფლება, მეც არ ვიყო მასთან. ამიტომ დავბრუნდები, კარგი დასასრულის შემდეგ. არც ჩემმა მშობლებმა იცოდნენ უკრაინაში რომ წამოვედი. ვთქვი, რომ პოლონეთში მივდივარ. მამამ გაიგო მოგვიანებით, დედამ ისევ არ იცის. რთულია ჩემი მშობლებისთვის იმის თქმა და ცოდნა, რომ ომში ვარ,ვიბრძვი".

ივანე მოყვარული ფოტოგრაფია და ომიდან დაბრუნების შემდეგ, ომში გადაღებული ფოტოების გასაჯაროებას გეგმავს.

„იგივე ხდება, რაც ჩვენთან. ისინი ისეთივეები არიან, როგორებიც იყვნენ აფხაზეთში - დაუნდობლები. მათთვის სულ ერთია, ვის კლავენ. ძირითადად, მთვრალები. დალევენ და აღარ არჩევენ ბავშვს, ქალს, სამშვიდობოებს მეომრისგან. აწამებენ და ხოცავენ ყველას. სადაც ისვრიან, არაფერს ტოვებენ გაუნადგურებელს. სოფლებსა თუ დაუსახლებელ პუნქტებში. ამას აკეთებს ის რუსეთი, რომელსაც ჩვენ კარს ვუღებთ. რასაც ფოტოებით და ვიდეოებით ხედავთ, რეალობას კიდევ ვერ გადმოსცემს. მე ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. ცხადია, ამ ეტაპზე არ შემიძლია ფოტომასალა გავასაჯაროო, მაგრამ მოვა ამის დროც. ნახავს ყველა იმას, რასაც ვიღებ. უნდა ნახოს შთამომავლობამ".

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, უიმედოდ უყურებს, თუმცა სჯერა, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა დასრულდეს.

„საქართველოში კიდევ ბევრი გამოვლინდება, ვისაც რუსეთი უნდა და თავს იკავებს. ისედაც იმდენი არიან... არ ვიცი, განათლების არ ქონა, ისტორიის არ ცოდნა არაა ეგ. ყველამ, თითქმის ყველა თაობამ, საკუთარი თვალით ვნახეთ რუსეთი ვინაა. აქ ბევრი ქართველი იბრძვის. ჩემთან 45 ადამიანი იყო. ეს ქართველები, ყოფილი სამხედროები არიან. სამსახურიდან გაშვებული და შემდეგ ემიგრაციაში წასული ქართველები, რომლებიც აქ გავიცანი. ჩემი ლეგიონიდან ბევრი წავიდა. შვილები, ოჯახები ჰყავთ. იბრძოდნენ როგორც შეეძლოთ, თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს, ასე ვთქვათ - ყველაზე ვალმოხდილი ქართველები. სხვის მიწაზე ცხოვრებაც კი მიჭირს და ომი... ძალიან რთულია, თუმცა როცა შენ ომად თვლი... რთულია, ბევრი ვერ ბრუნდება... ჩვენგან ყველა ცოცხლები ვართ. სამჯერ გადავრჩი სიკვდილს. ერთხელ მსუბუქად დავიჭერი. ყოველთვის ჩემი შვილი მიდგას თვალწინ და ბოლომდე უნდა ვიბრძოლო რომ მასთან დავბრუნდე. ვიცოცხლებ იმიტომ, რომ ბევრია მოსაყოლი შთამომავლობისთვის. აქ ქართველები კარგად იბრძვიან. ბოლო შეტევაში ვერ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ბიჭებმა სასწაულები ჩაიდინეს. უკრაინა ნელა, მაგრამ იბრუნებს თავის ტერიტორიებს და კარგ ამბებს ველოდებით. იმედია, რუსეთი განადგურდება ამ ომით“.

ცნობისთვის, ივანეს ოჯახი არ არის სოციალური ქსელების მომხმარებელი, მასალა ქვეყნდება რესპოდენტის თანხმობით.

სპეციალურად "მშობელისთვის", ელისო კავილაძე - ჭინჭარი

მშობლები