„მშობელი“ იწყებს მშობელთა სკოლის გაკვეთილებს, რომელსაც ფსიქოთერაპევტი ნათია ახობაძე გაუძღვება და კვირაში ერთ გაკვეთილს შემოგვთავაზებს.
როგორ დავამყაროთ ბავშვთან ნორმალური ურთიერთობა? შეიძლება თუ არა ჩიხში შესული ურთიერთობის გამოსწორება? - ეს ის საკითხებია, რომელიც ყველა მშობელს აწუხებს.

ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე დავამყაროთ ბავშვთან კარგი, ჰარმონიული ურთიერთობა და თუ სიტუაცია ჩიხშია შესული, ამ მდგომარეობის გამოსწორებაც მარტივად შეიძლება, სიმარტივის საიდუმლო კი ბავშვთან ურთიერთობის სტილის შერჩევაშია.
„პრობლემური“ „რთული“ „ჯიუტი“ - ეს ყველაფერი ოჯახში არასწორი ურთიერთობის შედეგია, მიზეზი კი არიან ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ ბავშვთან ურთიერთობა. მშობლებს შვილებზე მეტი მოგვეთხოვება, გამოცდილებაც მეტი გვაქვს, ამიტომ გამოსწორებაც ჩვენვე გვევალება.
მშობლების უმეტესობა შვილებს ისე ზრდიან, როგორც მათ თავიანთი მშობლები ზრდიდნენ. ეს ჯდება არაცნობიერად ჩვენში და მიგვაჩნია, რომ აღზრდის სწორი მეთოდია, მათ სისწორეში ეჭვის არც კი გვეპარება. არ შეიძლება აღზრდის ეს მეთოდი მართებული იყოს თქვენს შვილებთან, რომელებიც 15 ან მეტი წლის შემდეგ მოევლინნენ ქვეყანას. ეჭვი შეიტანეთ აღზრდის თქვენეულ მეთოდში და მიყევით თქვენი შვილების ხმას, ისინი არ ტყუიან.
გაკვეთილი პირველი - „უპირობო სიყვარული“
უპირობო სიყვარულის გარეშე, რაც არ უნდა გააკეთოთ, ყველაფერს დროებითი შედეგი ექნება. ბავშვის უპირობო სიყვარული არის კარგი ურთიერთობის ფუნდამენტი. ბავშვის უპირობო სიყვარული, უპირობო მიღება ნიშნავს გიყვარდეს ის არა იმისთვის, რომ ლამაზია, ჭკვიანია, მოხერხებული, კარგად სწავლობს, გეხმარებათ, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობს. ძალიან ხშირად გვესმის „თუ წესიერად არ მოიქცევი, ვერ მიიღებ სასურველს“, “თუ კარგად არ ისწავლი ვერ..........“, - ამ ფრაზებში ჩანს რობ ბავშვები ღებულობენ მხოლოდ რაღაც პირობით. ესეთი შეფასებითი დამოკიდებულება კი ურთიერთობებს და თავად ბავშვის განვითარებას აზიანებს.
შეფასებითი დამოკიდებულების მიზეზი კი არასწორი მიდგომაა, შეხედულება იმაზე, რომ დაჯილდოება და დასჯა აღზრდის ძირითადი მეთოდებია.
სიყვარულის მოთხოვნილება, მიკუთვნებულობის მოთხოვნილება(ჭირდებოდე სხვას) ეს არის ყველა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილება და მათი დაკმაყოფილება აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ბავშვისთვისაც. ეს მოთხოვნილება კმაყოფილდება მაშინ, თუ ბავშვს ხშირად ვეუბნებით, რომ ის ჩვენთვის ძვირფასია და და გიყვართ იმისთვის, რომ უბრალოდ არსებობს - „რა კარგია რომ მყავხარ“, „მე კარგად ვარ როცა ერთად ვართ“.
ცნობილი ოჯახური თერაპევტი, ვირჯინია სატირი რეკომენდაციას იძლევა, რომ ბავშვს დღეში სულ მცირე ოთხჯერ უნდა ვაკოცოთ. ოთხი კოცნა ადამიანს ჭირდება მხოლოდ გადარჩენისთვის, იმისათვის კი კარგად რომ იგრძნოს თავი, რვა კოცნაა საჭირო.
მშობლები ხშირად გვეკითხებიან „თუ უპირობოდ ვიღებთ ბავშვს, ეს ნიშნავს თუ არა, რომ არასოდეს არ გაუბრაზდე?“ - რა თქმა უნდა არა. დამალო და მით უმეტეს დაიგროვო უარყოფითი გრძნობები, არ შეიძლება. გაბრაზება უნდა გამოვხატოთ, მაგრამ უნდა გამოვხატოთ მისი ცალკეული საქციელის და არა ბავშვის მიმართ მთლიანობაში. „მე ძალიან მეწყინა, როცა სახლი არეული დამახვედრე“, - უნდა გავაკრიტიკოთ ბავშვის მოქმედება და არა ბავშვი.
დავალებები პირველი გაკვეთილისთვის:
- დააკვირდით როგორ ღებულობთ თქვენს შვილს. დღის განმავლობაში დაითვალეთ რამდენჯერ უსაყვედურეთ და რამენჯერ შეაფასეთ დადებითად, თუ საყვედური მეტია დროა დავფიქრდეთ.
- აკოცეთ დღეში სულ მცირე ოთხჯერ.
- შეასრულებთ რა ამ დავალებებეს, დააკვირდით ბავშვის რეაქციას და საკუთარ შეგრძნებებს.
შემოგვიერთდით Facebook-ზე