„6 თვის განმავლობაში მე და დათო ვზრდიდით გიორგის, ძიძა არ ავიყვანე, შეგნებულად და ახლა ვფიქრობ, რა ჭკვიანურად მოვიქეცი“
„ვემზადები “შენების მოძრაობასთან“ ერთად აქტიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად და ჩვენ დავბრუნდებით!“
ანი მიროტაძე - დედა, ჟურნალისტი პოლიტიკოსი - ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა ალბათ ჯერჯერობით ცოტამ თუ იცნობს დედა - ანი მიროტაძეს. ანი 41 წლის ასაკში დაოჯახდა და მალევე გააჩინა პატარა გიორგი. დღეს „მშობელს“ ის სწორედ დედობის განცდებზე, ემოციებზე და სირთულეებზე უყვება.
- რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში ოჯახის შექმნისა და შვილის გაჩენის შემდეგ?
- საკუთარ თავში დედა ვიპოვე და ჩემს ცხოვრებაში პირველად შევედარე ჩემი ცხოვრების ნომერ პირველ დედას, ნომერ პირველ ქალს, მთელს პლანეტაზე ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს - დედაჩემს! პირველად გავბედე და დავიწყე ფიქრი იმაზე, შევძლებდი თუ ვერა დედობას ისე, როგორც ეს დედაჩემმა შეძლო. მეც ისე მოვახერხებდი თუ არა ჩემი შვილისთვის ყველაფრის მიცემას, როგორც ეს მან გააკეთა. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ არ ვარ დარწმუნებული.
როცა შენს ძალიან პატარა შვილს უყურებ, ათას რამეზე ფიქრობ, ყველაფერი თავში გიტრიალებს, ყველაფერი ერთმანეთში გერევა - სიყვარული, გაფრთხილება, მზრუნველობა, შიში, პასუხისმგებლობა, ათასი რამე წარმოსახვაში, ხშირად ფიქრობ სიკეთეზე და ღმერთის სასწაულ საჩუქარზე, შენი შვილის დაბადებით რომ მოგივლინა და იმის მიუხედავად, რომ ძალიან იღლები, გონებაში სულ ჩართული გაქვს განსაკუთრებული გაფრთხილების განცდა, რამე არ გამოგეპაროს, რამე ყურადღების მიღმა არ დაგრჩეს. რა თქმა უნდა იცვლები, რადგან პრიორიტეტების გადალაგება ხდება, სხვანაიარად უყურებ სიცოცხლესაც კი. ყველა ადამიანი უფრთხილდება თავის სიცოცხლეს, მაგრამ მერე ეს განცდა გიორმაგდება და იცით რატომ? - იცი, რომ შენი სიცოცხლე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენი შვილისთვის. ცოტა ფილოსოფიურად რომ მივუდგეთ, ძალიან მრავალფეროვანია დედაშვილობის არსი. მოკლედ კი ასეა - სამყაროს უყურებ დედის თვალებით!
რაც შეეხება იმას, ყოველდღიურობაში რას ცვლის - უფრო მზრუნველი ხდები, უფრო მობილიზებული, გადართული ხარ შვილზე და შენი ინტერესები უკანა პლანზე გადადის. ცხადია, ბედნიერი ხარ და ეს ბედნიერება გიქმნის იმის მყარ საფუძველს, რომ წვრილმანებზე ნერვიულობაში დრო აღარ დაკარგო; კარგად გაიაზრო, რამხელა ბედნიერებაა ეს ემოცია და სისულელეებზე აღარ ფიქრობ, რადგან უკვე ზუსტად იცი, რომ წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს!

- ახლა როცა უკვე გაქვს კარიერაც და ოჯახიც, შენი აზრი რომ გვითხრა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია?
- ასე ვერ გამოვყოფ ერთი თუ მეორე? - ორივე. კარიერის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ და ოჯახის და შვილის გარეშე ვერ ვიქნებოდი სრულფასოვანი ადამიანი. აბა როგორ გითხრათ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია? - მე პატივს ვცემ აქტიურ ქალებს, მე მიყვარს ისინი იქ, სადაც საქმეს ნიჭიერად და სრულფასოვნად აკეთებენ. მე ხშირად მეფიქრება იმ ქალებზე, ვისშიც აქტიური ქალის უზარმაზარ რესურსს ვხედავ, მაგრამ არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ აქვთ გაკეთებული ისე, რომ არც დაფიქრებულან - იყო თუ არა არჩევანის გაკეთება საჭირო, რადგან ერთი მეორეს არ გამორიცხავს. პირიქით, უფრო მოტივირებული ხარ სამსახურის გამო ოჯახში და ოჯახის გამო კარიერაში. მქონია მომენტები როცა აქტიურ ქალზე მიფიქრია, მივალ ახლა, მოვკიდებ ხელს და ვეტყვი - წამოდი, შეგიძლია, გააკეთე, აღმოაჩინე შენი თავი! ან აქტიური ქალი გამიცვნია, მაგრამ ოქროს წლები ხელიდან ჰქონია გაშვებული. ისე წლები, როცა საკუთარი თავი არა მხოლოდ უნდა იპოვნოს, არამედ მყარად უნდა დაიმკვიდროს.
არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ წლები რომ გავა და ჩემი შვილი გაიზრდება, ალბათ იამაყებს იმით, რომ სუსტი ქალის გაზრდილი არ არის და მისი დედაა ადამიანი, რომელმაც საკუთარი ბიოგრაფია შექმნა. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ არ იცით, რამხელა ცხოვრებისეული ადრენალინია, როცა სიძნელეებს გადალახავ და ფეხზე მყარად დადგები, წაიბორძიკებ, შეიძლება დაეცე კიდეც, მაგრამ მაინც რომ წამოდგები. როცა საკუთარი თავისთვის აღარ გჭირდება იმის დამტკიცება, რა შეგიძლია და რა არა. ზუსტად იცი, რომ ყველა ახალ ნაბიჯს გარკვეული სიძნელეები მოყვება, მაგრამ უკვე აღარ გეშინია, სიძნელეები ხომ რამდენჯერმე დაძლიე, ამიტომ ფიქრობ, რომ კიდევ დაძლევ!

- ამჟამად რითია ანი მიროტაძე დაკავებული და როგორ უთავსებს ერთმანეთს ბავშვს, ოჯახსა და საქმეს?
- ახლა სამი პროფესია მაქვს - 1. დედა ვარ, 2. პოლიტიკოსი ვარ და 3. რა თქმა უნდა, ჟურნალისტი.
ბოლოდან დავიწყებ - 2 თვის წინ ახალი საინფორმაციო სააგენტო WWW.2020NEWS.GE დავაფუძნეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა. საინტერესო იდეები გვაქვს და ჩემი გათვლებით, ამ პროექტმა უნდა გაამართლოს. რაც შეეხება პოლიტიკას - ჩართული ვარ, ბევრს ვფიქრობ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ შექმნა. პოლიტიკაზე აღარ ვილაპარაკებ, ეს ხომ სხვა ფორმატის ინტერვიუა. ერთს ვიტყვი მხოლოდ - ვემზადები “შენების მოძრაობასთან“ ერთად აქტიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად და ჩვენ დავბრუნდებით! ყველაზე დიდ დროს კი, რა თქმა უნდა, ჩემს შვილს ვუთმობ - მე და გიორგი ერთად გავდივართ ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს. პერიოდს, რომელიც ძალიან ძვირფასია, რაც არასოდეს განმეორდება და რასაც ვერაფერი შეცვლის. ამიტომ, ყოველდღე ველაპარაკები ღმერთს და ვეუბნები მადლობას, ხან ჩურჩულით და ხან ხმამაღლა. ყოველდღე ვეუბნები, რომ რა მაგარი ღმერთია, ამხელა სიკეთე და სიყვარული რომ მომცა და მართლა ყველა დღეს ვუფრთხილდები. გიორგის დაბადებიდან დღემდე ყველა დღე მახსოვს.
- არც თუ ისე პატარამ შექმენი ოჯახი, გაგჩენია სინანულის გრძნობა იმაზე, რომ ეს ნაბიჯი ცოტა უფრო ადრე არ გადადგი?
- კითხვა კორექტულად დამისვი ხო? J - ცოტა დავაგვიანე. 41 წლის ასაკში დიდი ხარ, აბა რა ხარ?! ჩემი შვილი რომ 18 წლის იქნება, მე 60 წლის გავხდები. შეიძლება ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ მაინც ცოტა ადრე ჯობია ოჯახის შექმნაც და ბავშვის გაჩენაც. მაგრამ ძალიან ადრე არა - ოჯახმა ქალს საკუთარი ცხოვრება არ უნდა წაგართვას. 30-35 წელი ყველაზე კარგი ასაკი მგონია ოჯახის შექმნისთვის - ჩამოყალიბებულიც ხარ, იცი რა გინდა, ცოტა ფეხზეც დგახარ, სირთულეების აღარ გეშინია, საკუთარი თავიც ნაპოვნი გაქვს, რეალიზებულიც ხარ, გამოცდილიც, გემოვნებას ჩამოყალიბებული გაქვს. ძალიან წინააღმდეგი ვარ, გოგოების ადრეულ ასაკში გათხოვების. სულ მგონია, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ძალიან დიდი უსამართლობაა. რაც შეეხება სინანულს - არა, არ ვნანობ, ყველაფერი კარგად არის. ბედნიერი ვარ.

- მოგვიყევი ემოციებზე, განცდებზე, გიორგისთან გატარებულ ჯერ მუცლადყოფნის პერიოდზე და მერე მის დაბადებაზე, ახლა რა ხდება?
- ამას ვერ მოყვები. ახლა აღმოვაჩინე, რომ ჩვენ ემოციების ენაში სიტყვები გვაკლია, რაც ზუსტად ასახავს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. ეს ისე, მაგრამ მართლა ასეა. მიჭირს ისე მოგიყვეთ და ის მოგიყვეთ, რასაც ვგრძნობ და როგორც ვგრძნობ. თუმცა რასაც ვგრძნობდი და ვგრძნობ, გიორგის არსებობის გაგებიდან დღემდე, იმდენად დიდებულია, იმდენად სასიამოვნოა და იმდენად სხვა არის, რომ ძალიან ვუფრთხილდები. გიორგი რომ დაიბადა, ზუსტად 2 კვირაში, მე, დათო და გიორგი ჩვენს სახლში გადმოვედით. დედაჩემმა გააპროტესტა, სად მიდიხარ, როგორ მოუვლი ბავშვს, არ გაქვს გამოცდილება, ასე არ შეიძლებაო. მაინც წამოვედი, არ დავრჩი და თან მივაძახე - ჩემი შვილი მარტომ უნდა გავზარდო-მეთქი. 6 თვის განმავლობაში მე და დათო ვზრდიდით გიორგის, ძიძა არ ავიყვანე, შეგნებულად და ახლა ვფიქრობ, რა ჭკვიანურად მოვიქეცი. ხომ ძალიან ვიღლებოდი, ღამეებს ვათენებდი, მის ჭირვეულობას ვიტანდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ღირდა. ასეთი შეგრძნებები არასოდეს მქონია, ეს სულ სხვა ემოციაა. ძალიან ფაქიზი, ძალიან ფუნფულა და ქათქათა. გიორგის დღე და ღამე არეული ჰქონდა ერთი პერიოდი, დღე ეძინა და ღამე ყველას გვეღვიძა, ათას რამეს ვიგონებდით მე და დათო, რომ ბავშვი გაგვერთო. გიორგი რომ გაიზრდება, უამრავ ვიდეოს ნახავს, იმის ამსახველს, როგორ ვათენებდით ღამეებს, როგორ ჭირვეულობდა და როგორ ვუყვებოდით ათას რამეს. ახლა მე აღარ მცალია და ზოია დეიდა გვეხმარება გიორგის გაზრდაში. გაგვიმართლა, ძალიან კარგი ქალია. ისე, ქალბატონი ზოია მარტო გიორგის კი არა, ყველას გვივლის.
- ახალბედა დედებს ხშირად აქვთ კურიოზები...
- კი, ალბათ კურიოზია იყო ის, რაც გადამხდა. გამთენიისას გიომ ჭირვეულობა დაიწყო, მე და დათომ ვერაფერი მოვუხერხეთ. სამი თვის იქნებოდა ალბათ, რომ ვერ დავაწყნარეთ, სასწრაფოდ წავიყვანეთ კლინიკაში, სადაც ვიმშობიარე. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, მაგრამ ხალხის მზერაზე მივხვდი, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად არ იყო, დავიხედე და თურმე, ოთახის ჩუსტები და ხალათი მაცვია ![]()
- როგორი მამაა დათო და რამდენადაა ჩართული შვილის გაზრდაში?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იქით ვეხმარები. აბსოლუტურად მშვიდად ვარ, როცა ბავშვს მას ვუტოვებ და არ არსებობს კითხვა, რაზეც შეიძლება დამირეკოს ბავშვთან დაკავშირებით. თანაბრად ვართ ჩართულები. გიოს რომ ვუთხარი დედა თქვი-თქო, მოამზადა ტუჩები და მამაო მიპასუხა ![]()
- და ბოლოს, რას ურჩევ ქალებს?
- რჩევები მაინც და მაინც არ გამომდის, თან ასეთი ზოგადი რჩევები, მაგრამ იმას ვიტყვი, რასაც ვგრძნობ და რაც ძალიან მინდა. დედებს ვთხოვ, რომ სიყვარული ასწავლონ შვილებს, რომ მეტი სიკეთე აკეთონ. ჩვენმა შვილებმა რომ ერთმანეთის სიყვარული შეძლონ, ასეთი სიყვარული. აი როგორც ქალებს კი ვურჩევ აუცილებლად - ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის. სადაც არ უნდა იყოთ, როგორი გამოწვევის და სირთულის წინაშეც არ უნდა იდგეთ, სულ მარტო რომ დარჩეთ პრობლემების წინაშე, ყოველთვის გჯეროდეთ, რომ თქვენ ძალიან ძლიერები ხართ და ბევრი რამე შეგიძლიათ! ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება (და შესაბამისად ყველა დღე) განთიადია!