
„ყველა ქალს მინდა ვუთხრა რომ შვილის ყოლა არც პრობლემაა და არც სირცხვილი. ნუ იქნებით მთლიანად საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე დამოკიდებული. არ არის აუცილებელი შვილი საერთო იყოს, ის შეიძლება იყოს მარტო შენი, ვისაც არ უნდა, ყველას თავისი გზა აქვს. ბავშვთან და საკუთარ თავთან იქნებით მართლები, თუნდაც მთელი სამყარო თქვენი წინააღმდეგი იყოს. გამორიცხულია ინანო ის, რომ საკუთარ შვილს სიცოცხლე აჩუქე... ამ დროს გგონია ყველაზე სუსტი და უსუსური ხარ, გეშინია ყოველი მეორე დღის, თუმცა რეალურად ყველაზე ძლიერი ხარ და ამას რაღაც პერიოდის შემდეგ ხვდები“
მარიამ ზაქაიძე იმ ძლიერ დედათაგანია, ვინც განსაცდელს არ შეუშინდა და შვილი მოსაკლავად არ გაწირა. ახლა 25 წლისაა, მაშინ 22 წლის იყო, როცა საყვარელი მამაკაცისგან დაფეხმძიმდა, თუმცა პარტნიორმა შვილის ყოლა არ ისურვა და მარიამს აბორტის გაკეთება მოსთხოვა. თუ როგორ უპასუხა მარიამმა მოთხოვნას, „მშობელს“ ის თავად მოუყვება.
„შვილი არ უნდოდა და მაიძულებდა მომეშორებია, ფსიქოლოგიურად თუ სხვა მეთოდებით, ყველანაირად ცდილობდა მიეღწია იმისთვის რომ გადავებირებინე, მემუქრებოდა თუ ბავშვს დავიტოვებდი, საერთოდ გაქრებოდა, თუ ნებით არ მოვიცილებდი წიხლით მომაცილებდა და ა.შ.... მაგრამ რა თქმა უნდა რაც არ უნდა ეთქვა და გაეკეთებინა არც მისი წასვლა შემაშინებდა და არც სხვა რამ... საბოლოოდ მოხდა ზუსტად ისე, როგორც თქვა... დავიტოვე ბავშვი და გაქრა... მესამე თვეში ვიყავი როცა მარტო დავრჩი... იოლი არ ყოფილა, რადგან იქ სხვა დეტალების გათვალისწინებით, ისევ მისი მიზეზით, როგორც მორალურად, ისე მატერიალურად ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდი. 3 სამსახურში ერთად ვმუშაობდი, ღამეების თენება მიწევდა, თან ვსწავლობდი საკმაოდ კარგად და ვერც ამას ვანებებდი თავს, რადგან სტიპენდიაც ჩემი ერთ-ერთი შემოსავლის წყარო იყო... თუმცა ნელ-ნელა მომიწია სამსახურებზე უარის თქმა, რადგან ფიზიკურად აღარ შემეძლო ასე გაგრძელება, მხოლოდ სწავლაზე ვერ ვთქვი უარი ვერცერთი წამით, რადგან იმ მომენტში მე სახლში რომ დავჯდარიყავი ალბათ გავგიჟდებოდი... წვალებით და იმ ადამიანების გვერდში დგომით, ვინც მასთან ერთად არ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, ნელ-ნელა კვლავ ფეხზე დავდექი. სიმართლე გითხრათ ბავშვის დაბადებამდე მე არ ვიყავი მე... ბავშვი რომ დავინახე, რეალობას მხოლოდ მაშინ დავბრუნდი… მის მერე ბევრად უკეთ მიდის ჩემი საქმე… მეტი სტიმული და ენერგია მაქვს… ფსიქოლოგიურადაც ბევრად დავლაგდი და დავმშვიდდი...“


ბავშვის გაზრდა - მარიამს ბავშვის გაზრდა, ფაქტობრივად ლექციებზე მოუწია
„ბავშვთან ერთად მიწევდა სიარული ყველგან, მაგრამ სირთულეს ეს არ წარმოადგენდა, პირიქით, მასთან ერთად ბევრად უკეთესი იყო ყველაფრის კეთება... თან ძალიან უპრობლემო იყო, მხოლოდ მე კი არა, არავის არ აწუხებდა უნივერსიტეტში და ლექციაზე. პირველად უნივერსიტეტში ახალი წლის არდადეგების მერე მივიყვანე.

2 კვირის იყო, თავიდან მაგიდაზე ვუფენდით და ისე იძინებდა, შემდეგ სკამებზე უწევდა შუადღის ძილი, რომ წამოიზარდა უკვე ჩვენთან ერთად იღებდა მონაწილეობას ყველაფერში. განსაკუთრებულად რეაგირებდა იმ ლექციებზე და სიმღერებზე, რაც მუცლადყოფნის დროსაც ესმოდა. გამიმართლა იმაში რომ არცერთი ლექტორი არ იყო ჩვენს მიმართ ცუდად განწყობილი, პირიქით, როცა უკვე ბაღში გავუშვი, ყველა კითხულობდა და მსაყვედურობდნენ ხშირად რომ ვეღარ ნახულობდნენ ბავშვს“.

საზოგადოების რეაქცია
„თავიდან როცა სულ პატარა იყო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უკვირდათ, თან ზამთარში რომ დამყავდა უარყოფითი დამოკიდებულება იყო რა თქმა უნდა, მაგრამ არასდროს მიმოქცევია ყურადღება, არ მგონია ვინმეს ჩემზე მეტად ჰქონოდა ჩემი შვილის დარდი, თუმცა უნივერსიტეტში არაფერი და არავისგან ცუდი არ მახსენდება. დანარჩენი მეორეხარისიხოვანია - ხალხი, რომელიც უცხოა ჩემთვის... ყოველთვის ვარიდებდი თავს კითხვებს და სხვების ინტერესის დაკმაყოფილებას.

ძირითადი საქმე - მარიამი ბენდში უკრავს, რომელიც წელს X-ფაქტორში ცდის ბედს
„რაც თავი მახსოვს, 3-4 წლიდან ვმღერი. ფორტეპიანიზე ნიჭიერთა ათწლედში 7 წლიდან დავიწყე სწავლა, პარალელურად გიტარაზეც ვუკრავდი და ამ სპეციალობით 12 წლედიც დავამთავრე. მუსიკა დღეს ჩემი ცხოვრების წესია. ახლა X-ფაქტორში ვიღებთ მონაწილეობას და ვფიქრობ, მალე ბევრი გაიგებს ჩვენზე.

ხელსაქმე - მარიამი გარდა მუსიკისა, ხელსაქმითაცაა დაკავებული და საკმაოდ წარმატებულად
„თავდაპირველად ბალიშები ჩემი გოგოსთვის მინდოდა გამეკეთებინა. საცდელად გავაკეთეთ მე და დედაჩემმა რამოდენიმე ბალიში და დედების რომელიღაც ჯგუფში ავტვირთე ფოტო შესაფასებლად, ისეთი მოწონება დაიმსახურა, სხვებმაც მთხოვეს მათთვისაც შემეკერა. მივხვდი რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა და ბოლოს გადავწყვიტე გვერდი გამეკეთებინა. ახლა კი უკვე მესამე წელია ამ საქმეს ვაკეთებ და ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ-ვაფართოვებთ“.

სამომავლო გეგმები და პირადი ცხოვრება
„სამომავლო გეგმები ჯერჯერობით ბენდს უკავშირდება, სადაც ჯერ 2 თვეა რაც ვარ.. ახლა მთლიანად მათზე ვარ დამოკიდებული და მინდა ამ სფეროში შევდგე და მივაღწიოთ ერთად ჩვენს მიზნებს... ბალიშებს რაც შეეხება, მოთხოვნის მიხედვით განვავითარებთ, თუმცა მაგასთან დაკავშირებული გეგმები ამჟამად არ მაქვს, რადგან ძირითადად მუსიკით ვარ დაკავებული. რჩეული მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ოჯახის შექმნას ამ ეტაპზე ჯერ არ ვაპირებთ...“
გადარჩენილი
„თავის დროზე სიკვდილს ალბათ, მეც დედამ გადამარჩინა. როცა დავიბადე პირიდან სისხლდენა მქონდა და სისხლისგან ვიცლებოდი. როგორ რანაირად, არ ვიცი, მაგრამ ბეწვზე გადავრჩი, თუმცა მალევე ექთანმა დამწვა, რაც დედას დაუმალეს და უთხრეს, რომ ჩემი სისუსტის გამო ვერ წამიყვანდა სახლში. ზონდით მკვებავდნენ და საძილე წამლებს მიკეთებდნენ. როცა დედა შემოდიოდა, სულ მკვდარივით მეძინა... ერთხელაც ისე მომხდარა, რომ დედა როცა შემოვიდა, ოთახში არავინ იყო, მეღვიძა და ხელში ამიყვანა. სცადა ეჭმია და ისე ღონიერად ვჭამდი, ეჭვი შეეპარა. ექიმმა შემოუსწრო და უთხრა რომ მეორე მხარეს დავეჭირე და ფეხზე ხელი არ მოედო. როცა დედა დაინტერესდა თუ რა მჭირდა, ექიმმა განუმარტა რომ უბრალოდ ნანემსარები დამიჩირქდა. დედამ უთხრა რომ მე ცუდად ყოფნის არაფერი მეტყობოდა და სახლში წამიყვანდა, რის უფლებასაც არ აძლევდნენ, მაგრამ დედამ ჩუმად წამომიყვანა სამშობიაროდან და რომ ნახა ჩემ თავს რაც ხდებოდა, როგორც ექიმმა უთხრა დაჩირქებული ფეხის სამკურნალოდ ინფექციურში გადამიყვანეს და დამიწყეს მკურნალობა სეფსისის დიაგნოზით. გადიოდა დღეები და ერთხელაც დედამ შემთხვევით ექიმების ლაპარაკი მოისმინა, სადაც ამბობდნენ რომ მე სეფსისი არ მჭირდა და ეს დამწვარს უფრო გავდა, თუმცა ამას დედას ნუ ეტყვითო (90-იანებში მოგეხსენებათ ცუდი პერიოდი იყო თან ყოველდღე ვიხდიდით თანხას) ამაზე გამწარებულმა დედამ იქიდანაც მომიპარა და როდის როდის უკვე დამწვრობაზე დამიწყეს მკურნალობა. დამჭირდა ორი ოპერაცია 1 წლის და 4 წლის ასაკში, რადგან ფეხი უკვე დეფორმაციას განიცდიდა. (შრამი დღესაც საკმაოდ შესამჩნევად მაქვს თითქმის მთელ ფეხზე) საბოლოოდ, გაირკვა, რომ ნანემსრებზე დამადეს ელექტრო "გრელკა", რომელიც ყავის დასალევად გასულ ექიმებს ჩართული დარჩათ. ეს ის ვარიანტია, რომელიც შემდეგ უთხრეს დედას, ზუსტი სიმართლე დღემდე არ ვიცით...
აქედან მოყოლებული ბევრი პრობლემა შემექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მეც ჩემ მშობლებსაც.. ხან რა იყო მიზეზი ხან რა. ჯამში სამივეს ერთად 20 ოპერაცია მაინც გვაქვს გაკეთებული თუ მეტი არა.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ირინე არდაშელია