2026-10-01

თემქაზე მდებარე 61-ე საბავშვო ბაღი იხურება. 

როგორც "მშობელს" ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა, ხატია გამდლიშვილმა განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მიიღეს. 

მისივე თქმით, ბაღის დახურვის მიზეზად, მისი ავარიული მდგომარეობა დასახელდა, თუმცა ბაღის ადმინისტრაცია, ბავშვების მიყვანის უფლებას, ხვალაც იძლევა. 

"ბაღის დახურვაზე ინფორმაცია დღეს მივიღეთ. გვეუბნებიან, რომ შენობა ავარიულია, თუმცა ხვალ, ერთი დღით, შევძლებთ ბავშვების მოყვანას. ბაღის ავარიულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გვინახავს, ვერც ბაღების სააგენტოს დავუკავშირდით. მხოლოდ სიტყვიერად გადმოგვცეს. ალტერნატივად გვთავაზობენ 59-ე და მე-60 ბაღებს, თუმცა ჯგუფებში, სადაც ისედაც დიდი რაოდენობაა ბავშვების, როგორ უნდა გაგვანაწილონ, ვერ ვხვდებით", - განუცხადა "მშობელს" ხატიამ.

მისივე თქმით, მშობლები, ბაღის დაცლას არ აპირებენ და ადმინისტრაციისგან შენობის იმ ნაწილის მოწესრიგებას მოითხოვენ, რომელიც, ამჟამად საწყობად არის გამოყენებული და მათი ინფორმაციით, ავარიული არ არის. 

"შენობას არ დავცლით. თუ მიზეზი შენობის ავარიულობაა, მოვითხოვთ, მეორე ნაწილი მოაწესრიგონ და იქ შეგვიშვან" - აღნიშნა ხატიამ და დასძინა, რომ აღნიშნული მოთხოვნით, ხვალ, 10:00 სთ-ზე ბაღის შესასვლელთან აქციას გამართავენ. 

საზოგადოება