2020-02-03

ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ სკოლებისთვის გაცემულ რეკომენდაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სკოლების სველ წერტილებში, ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა. 

ამირან გამყრელიძემ, სკოლებს, ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა ურჩია.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძეს რეკომენდაცია გაუცია სკოლებისთვის, ხშირად გაანიავონ და სველი წესით დაალაგონ სკოლები. ხელების ხშირად დასაბანად აუცილებელია ჰქონდეთ საპონი და შექმნან ბავშვებისთვის სუფთა გარემო. რამდენჯერ მიკითხავს სკოლებში, საპონი რატომ არ გაქვთ? როგორ არ გვაქვს, დღის ბოლოა და ბავშვებმა დაღვარესო. ქაღალდი რატომ არ გაქვთ? იყო, მაგრამ ბავშვებმა გაანადგურესო. ბაშვები თუ რამეს ვერ უვლიან, ე.ი. ზრდასრულებმა არ ასწავლეს. ამიტომ აკრძალვა კი არ უნდა ამას, საპნის და ტუალეტის ქაღალდის მოხმარებიდან ამოღება, სწავლება უნდა. მოკლედ, უმძიმესი ვითარებაა სკოლების სველ წერტილებში ამ დრომდე, იშვიათად შემხვედრია მოწესრიგებული და საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სკოლა, როგორც კერძო, ისე საჯარო. თბილი წყალი რომ მოვითხოვოთ, ჯერ იქამდე ვერ მივედით. ოღონდაც ტუალეტს კარი ჰქონდეს და წყალი იყოს, რომ ტუალეტიდან ბუფეტამდე შუალედში ბავშვებმა ხელზე გადაივლონ. რაზეც გაყინული ხელი უნდა გაიწმინდოს, ის ხელსაწმენდი ფანტასტიკის ჟანრია. ხოდა, ბატონო ამირან, თქვენი რეკომენდაციებიდან, მაქსიმუმ ხშირად განიავება შეძლონ. დანარჩენი ისეთი რთულად დასაკმაყოფილებელი მოთხოვნებია, იშვიათი სკოლა თუ შეძლებს ამას", - აცხადებს მეგი კავთუაშვილი.

განათლება