
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს ურჩევს, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.
გამყრელიძე ასევე ხაზს უსვამს, რომ სკოლებმა ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად უნდა დაიცვან, მოქალაქეებს კი აცრების გაკეთებას ურჩევს.
„ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა - ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, კლასების ხშირი განიავება, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში არ უნდა გაუშვან და ექიმთან წაიყვანონ“,- დასძინა გამყრელიძემ.