
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და საზოგადოების განვითარების მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობის ფარგლებში მზრუნველი მამობისა და მშობლების თანასწორი ჩართულობის ხელშეწყობას განაგრძობს.
ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და UNFPA-ს ორგანიზებით, Holiday Inn-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა მამებისა და შვილების ურთიერთობა, ბავშვის განვითარებაში მამის როლის და მხარდაჭერის მნიშვნელობა იყო.
შეხვედრას 50-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული ექსპერტები და სპიკერები აზიარებდნენ პროფესიულ ხედვასა და პირად გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ყოველდღიურ მხარდაჭერას, ნდობასა და თანადგომას მოახდინოს ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე. შესაბამისად, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პასუხის ძიება კითხვაზე, თუ „რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი, რომელსაც მისი ნამდვილად სჯერა?“
შეხვედრის ფარგლებში, საკუთარი გამოცდილება გააზიარეს მასწავლებელმა და UNFPA-ს ინიციატივით შექმნილი მამების სკოლის ფასილიტატორმა, გიორგი ლიპარიშვილმა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამამ, კახა ზივზივაძემ. მათ ისაუბრეს, თუ რას ნიშნავს შვილის მხარდაჭერა მისი პირველი ნაბიჯებიდან მნიშვნელოვან წარმატებამდე და როგორ იქცევა მშობლის თანადგომა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად.
შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე განსხვავებული პერსპექტივით დაფიქრებისა და დასამახსოვრებელი გამოცდილების ერთად შექმნის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ამასთან, როგორც ნამდვილი ქომაგებისთვის, საქართველოს ბანკმა ღონისძიების მონაწილე მამებისთვის სპეციალურად შექმნილი მაისურებიც წარადგინა.
მაისურები სიმბოლურად გამოხატავს იმ გზავნილს, რომ ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხშირად სწორედ მამაა და მხარდაჭერა ყოველდღიურ, ერთი შეხედვით პატარა დეტალებში ვლინდება.
სპეციალურად ქომაგი მამებისთვის შექმნილი მაისურების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე www.tshirt.ge
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის დაწყებული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მზრუნველი მამობის მხარდაჭერას, შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის წახალისებასა და ოჯახების გაძლიერებას.
პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობის განხორციელება.
ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლების განმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობას კი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვის თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს.
სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც.