
3 წლის წინ, ინტერნეტსივრცეში წყვილი გამოჩნდა, რომელიც საქართველოს და არა მარტოს საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს. ისინი საქართველოს კუთხეების თავისებურებებს გვაცნობენ და გვაწვდიან რჩევებს, წელიწადის რომელ დროს, სად უფრო ხელსაყრელია მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ წყვილისთვის შვილის დაბადებას ხელი არ შეუძლია და მოგზაურობაში ისიც მალევე ჩაერთო. „მშობელი“ ფოტოგრაფ გიორგი ხელაშვილსა და მის მეუღლეს, მარიამ სეხნიაშვილს ესაუბრა.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ, რას საქმიანობდით მანამდე და როგორ გაჩნდა მოგზაურობის იდეა?
- მოგზაურობის დაწყებამდეც ვმოგზაურობდი
. თითქოს მთელი ცხოვრებაა ამ საქმით ვარ დაკავებული. ჯერ კიდევ 7 წლის წინ, როდესაც მე და მარიამი ახალი შეყვარებულები ვიყავით, კარვითა და ავტოსტოპით საქართველოს გარშემო მოგზაურობა დავიწყეთ. უბრალოდ, 3 წლის წინ გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი ფოტოს და ვიდეოს სახით გაგვეზიარებია სხვებისთვისაც, რათა ერთგვარი სტიმული ყოფილიყო ქართველი ახალგაზრდებისთვის. ზოგადად, ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ შიდა ტურიზმი ქვეყნის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე ყოველთვის გვსურდა ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წილი შეგვეტანა და ამისთვის დავიწყეთ სხვადასხვა კუთხეებზე საიმიჯო ვიდეოების გადაღებაც.
მოგზაურობის იდეა? - ის არ დაბადებულა, ის სულ ჩვენში იყო და არის, რადგან ორივე ერთ ადგილზე ვერასდროს ვჩერდებით, სულ მოძრაობაში ვართ და გვინდა თუ არ გვინდა, ორგანიზმი ყოველთვის გვთხოვს სადმე წასვლას.

- მოგზაურობა სავსეა საინტერესო თავგადასავლებით, ყველაზე დასამახსოვრებელი რა იყო ამ დროის განმავლობაში?
- ალბათ, ყველაზე მეტად მაინც ჩვენი 4 წლის იუბილეს გამოვარჩევდი, როდესაც არც მეტი, არც ნაკლები თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში წავედით ავტოსტოპით.

- რომელი ადგილი იყო საქართველოს მასშტაბით ყველაზე გამორჩეული? სად ურჩევდით ხალხს წასვლას წელიწადის ნებისმიერ დროს?
- ჩვენი საყვარელი ადგილი, რომელიც წელიწადის ყველა დროს გვაქვს ნანახი არის საღამოს ტბა ჯავახეთში. ყველა სეზონზე ულამაზესია.

- როგორც ვიცით პატარა ელენიკოც იღებს პროექტში მონაწილეობას, როგორ შეეგუა და დისკომფორტს არ გიქმნით?
- ელენე პირველად 9 თვის იყო გურგენიანის ჩანჩქერზე რომ წავიყვანეთ. ეს იყო მისი პირველი თავგადასავალი, ამის შემდეგ კი მოიარა რაჭა, ბახმარო, შავიზღვისპირეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ყაზბეგი და წელს გვყავდა სვანეთშიც, ჭალაადის მყინვარიც დაიპყრო. დისკომფორტს არ გვიქმნის, პირიქით, უყვარს მანქანით მოგზაურობა და მამიკოს "რულჯი" მანქანა, ასე ეძახის. მგზავრობის დიდ ნაწილს ძილში ატარებს და დანიშნულების ადგილზე რომ მივდივართ, ჩვენზე მეტად ხალისობს.

- თუ ხართ ჩართული პროექტებსა და კონკურსებში?
- კონკურსები ნაკლებად, ძირითადად ერთჯერადი მატერიალური პრიზებია, რასაც არ ვთვლი მიღწევად. პროექტს რაც შეეხება, გვაქვს ჩვენი პროექტი "იმოგზაურე ჩვენთან ერთად", "იმოგზაურე სადაც ცხოვრობ" და "მოგზაურის ვლოგი/ბლოგი". პირველი პროექტი არის უშუალოდ ჩვენს love story-ზე და მოგზაურობაზე. მეორე პროექტი არის საიმიჯო ვიდეობი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შესახებ. ხოლო მესამეს ძირითადად ინფორმაციული დატვირთვა აქვს პოტენციური ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის, სად წავიდნენ რა მოინახულონ და ა.შ. მიღწევებში შეიძლება ჩავითვალო ასევე ის, რომ ბევრმა უცხოურმა პოპულალურმა გამოცემამ, ასევე ონლაინ ჟურნალმა ჩვენი ფოტო-ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, რომელსაც მილიონამდე ნახვა ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენი მიზანი, რომ რაღაც წვლილი შეგვეტანა ქვეყნის პოპულარიზაციის მხრივ, სულ ცოტა მაინც შევასრულეთ.

- გაქვთ თუ არა რაიმე ახალი შეთავაზებები მომხმარებლისთვის?
- კი გვაქვს, ეს ჯერ სატესტო ვერსიაა, სრულ ვერსიას და პორტფოლიოს გაზაფხულის დადგომასთან ერთად დავამატებთ. მოგზაურობის შესახებ ვამატებთ აქსესუარებს, რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ასევე, მარიმმა ჩემი 6 წლიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, დაიწყო სიმღერა და მგონია რომ სიახლე ამ კუთხითაც გვაქვს, ვნახოთ.
- რას ურჩევდით ქართელ ხალხს?
- რას ვურჩევ ქართველ ხალხს? - ჯერ საქართველო, შემდეგ სხვა დანარჩენი.
მარიამ სოხაძე, სპეციალურად "მშობელისთვის"
შემოგვიერთდით Facebook-ზე