
სოციალურ ქსელში უამრავი სხვადასხვა ჯგუფია, რომელიც მხოლოდ დედებს აერთიანებს. ერთ-ერთი ასეთ ჯგუფში ორი წლის განმავლობაში უკვე 95 000 წევრია და შესაბამისად, სახელწოდებაც შეეცვალა - „დედობრივი სიყვარული - ქალთა #1 ჯგუფი“. ჯგუფის შემქმნელი 24 წლის ახალგაზრდა დედა მია უშიკიშვილია. როდის გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა და როგორ მივიდა პირველობამდე, „მშობელი“ მიას ესაუბრა.
- პირველ რიგში მოგვიყევი შენს შესახებ...
- მე ვარ მია უშიკიშვილი, 24 წლის, ორი შვილის დედა. მყავს 2 წლის ალექსანდრე და 1 წლის ელისაბედი, 2 წელი ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი, შემდეგ კი სამართალმცოდნეობაზე. ახლა ვარ საქართველოში ყველაზე ცნობილი და მრავალრიცხოვანი დედების ჯგუფის დამაარსებელი (95 000 წევრია), დიასახლისი და ასევე დედების ფონდის წარმომადგენელი. წარმოშობით იმერელი ვარ. ჩემი გვარი ხურციძეა, მაგრამ ქმრის გვარზე გადავედი.
- როდის გაჩნდა ჯგუფის იდეა და როგორ მოახერხეთ ამდენი ადამიანის შემოკრება?
- ჯგუფის შექმნიდან ორი წელი მაისში სრულდება. თავიდან ეს ჯგუფი უბრალოდ გასართობად შევქმენი და არ მეგონა ამხელა მასშტაბებზე თუ გავიდოდა. ვფიქრობ, ჯგუფის წარმატება ყველას დანსახურებაა ვინც ჯგუფში ადმინი იყო, რადგან ყველანი ვცდილობდით ჯგუფში აქტიურობა ყოფილიყო და ხალხის რაოდენობის მიუხედავად, ახლაც ძალიან აქტიურობენ გოგოები. მათ გარეშე ვერაფერს ვიზამდი, ძალიან ვაფასებ თითოეულ მათგანს, რადგან უანგაროდ მეხმარებიან.
- რამდენი ადმინი ჰყავს ჯგუფს და რას ნიშნავს ჯგუფი თქვენთვის? განწყობიდან გამომდინარე ჩანს რომ წევრებს ძალიან უყვარხართ...
- 30 ადმინია. ჯგუფი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და დედობრივი სიყვარულის გარეშე 1 დღეც ვერ გავძლებ ალბათ. დიახ, ძალიან ბევრ ადამიანს ვუყვარვარ და უამრავი მესიჯი მომდის ჯგუფის წევრებისგან, ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი გოგოებს და ასევე მაქსიმალურად ვცდილობდი სამართლიანი ვყოფილიყავი. ალბათ, ამიტომ დავიმსახურე მათი ჩემდამი სიყვარული. მეც ყველა ძალიან მიყვარს.
- როგორ ფიქრობთ ჯგუფის განვითარებას?
- მომავლისთვის ვაპირებთ საიტის გაკეთებას და ხალხის დახმარებას სხვადასხვა ნივთებითა და საკვებით. ხალხს მივაწვდით სხვადასხვა ინფორმაციებს, ისტორიებს, ჯგუფის წევრების რჩევებს და ა.შ
- დედების ფონდში რას საქმიანობთ?
ფონდში რამოდენიმე თვეა ვარ და ჩემი საქმე ინფორმაციების გავრცელებაა ბენეფიციარებზე.
- გარდა დედების ჯგუფისა, როგორც ვიცი საჩუქრების ჯგუფის დამფუძნებელი ხართ, საიდან გაჩნდა იდეა?
- საჩუქრების ჯგუფი აქამდეც არსებობდა, მაგრამ მე მინდოდა აქაც მხოლოდ დედები გამეერთიანებინა და ამიტომ გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა საჩუქრების ჯგუფი, მხოლოდ დედებისთვის.
- რამდენად გაამართლა მეორე ჯგუფმა?
- ჩემი მიზანი იყო ხალხის დახმარება და გახარება. საჩუქრების ჯგუფიც ამას ემსახურება და უამრავი ადამიანი იმეტებს ერთმანეთისთვის საჩუქრებს. ეს დიდი წარმატებაა. ჯგუფში 20 000- მდე წევრია უკვე და ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს.

- გადავიდეთ მიაზე როგორც დიასახლისზე, პირველ რიგში რთული იყო თუ არა მიყოლებული ბავშვების გაზრდა?
- კი ძალიან რთული იყო და ახლაც ძალიან მიჭირს...
- მარტო ზრდით? ვინ გეხმარებათ?
- ალექსანდრე ბაღში დამყავს, საღამოს კი დედამთილი მეხმარება. რაც შეეხება პატარას სულ ჩემ გვერდითაა და მხოლოდ მე ვზრდი.

- როგორია პირადი, კარიერული გეგმები?
- კარიერულ გეგმებზე არ ვფიქრობ, მხოლოდ ის მინდა რომ ბევრ ადამიანს დავეხმარო და ჯგუფი არა მხოლოდ გასართობი, არამედ დახმარების საშუალებაც იყოს ქალებისთვის. ხშირად ვდებ დახმარებაზე პოსტებს, მაგრამ ხან აქვს გამოხმაურება, ხან არა, სამწუხაროდ...
სპეციალურად "მშობელისთვის", შემოგვიერთდით Fecebook-ზე