2018-01-15

„მშობელი“ წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელიც აქტიურ მშობლებს უმასპინძლებს. ჩვენი პირველი სტუმარი ჟურნალისტი და დედა თაკო მათეშვილია. ზოგისთვის უცნობი, ზოგისთვის კი ძალიან ნაცნობი თაკო, დღეს მისი ცხოვრების ყოველდღიურობაზე მოგვიყვება.

 - მოგვიყევი ვინ არის თაკო მათეშვილი, რა გზა გამოიარა და რას საქმიანობს?

- თაკო მათეშვილი არის 28 წლის, ჟურნალისტი. მეორე კურსიდან ვმუშაობ ჟურნალისტად. მითანამშრომლია არაერთ გამოცემასთან. როგორც ბეჭდურ და ელექტრონულ მედიასთან, ისე რადიოებთან და ა.შ. მათ შორის აუცილებლად უნდა გამოვყო გაზეთი  „რეზონანსი“, სადაც ხუთი წელი ვიმუშავე და ჩემ მეორე სახლად მიმაჩნია და საგანმანათლებლო პორტალი EDU.ARIS.GE თავისი არაჩვეულებრივი გუნდით.

 - რატოაირჩიე ჟურნალისტიკა და გამართლდა თუ არა შენი წარმოდგენები ამ პროფესიაზე?

- ჟურნალისტიკა ის პროფესიაა, რომელიც სკოლის ასაკშივე შევარჩიე და არც დამიშვია, რომ რომელიმე სხვა ფაკულტეტზე მოვხვედრილიყავი. ჩვენი აბიტურიენტიბის დროს 7 სასურველი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არჩევა შეგეძლო. მე შვიდივე ჟურნალისტიკა მეწერა. არც მიფიქრია, რომ თავის დაზღვევის მიზნით ისეთი სპეციალობაც ჩამეწერა, სადაც ნაკლები კონკურსი და მოხვედრის მეტი შანსი იქნებოდა. ან ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებდი, ან მომავალ წლამდე დავიცდიდი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგისტრატურა კი - პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით და ერთი წამითაც კი არ მიფიქრია რომ იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. ჩემი დაკვირვებით, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა, რადგან ბევრია ისეთი, ვინც აირჩია ერთი პროფესია, მაგრამ მოგვიანებით გულმა სხვა სფეროსკენ  გაუწია. ისეთიც ბევრია, ვინც არც იცოდა რისი სწავლა უნდოდა და გამორიცხვის მეთოდით, ან სხვების რჩევით ჩააბარა. ეს დიდი დისკომფორტია - როცა სწავლობ, ან მუშაობ ისეთ სფეროში, რომელიც არ გაინტერესებს.  მე ამ მხრივ ნამდვილი ფუფუნება მქონდა და მაქვს, რადგან ზუსტად იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს.

მუშაობა უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე დავიწყე, თუმცა ჟურნალისტად - მეორე კურსზე გაზეთ „ბანკები და ფინანსებში“. მეორეკურსელი, აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი და უცებ საკმაოდ სერიოზულ გამოცემაში, საკმაოდ სერიოზულ თემებზე მომიწია მუშაობა - სოციალურ თემატიკაზე, ეკონომიკაზე, ბიზნესზე. 2 წელი ვიმუშავე იქ და უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. წერა ვისწავლე, კითხვის დასმა, ინტერვიუს ჩაწერა, სტატიისა და რეპორტაჟის ერთმანეთისაგან გარჩევა და ა.შ.

ამ ყველაფერს უნივერსიტეტშიც გვასწავლიდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის არც ერთმა მაღალქულიანმა სტუდენტმა არ დაიკვეხოს საქმის ცოდნა მანამ, სანამ თავს პრაქტიკაში არ გამოცდის. ერთია, რას სწავლობ თეორიულად და მეორეა რა გხვდება რეალურად.  უნივერსიტეტში არ გასწავლიან იმ ნიუანსებს, რაც უშუალოდ საქმის შესრულების დროს დაგჭირდება.

ვფიქრობ, ეს  ჩვენი სისტემის პრობლემაცაა, რადგან ზედმეტად ბევრ დროს ვუთმობთ თეორიას და ძალიან ცოტას - პრაქტიკას. მაგალითად, მთელი სემესტრების განმავლობაში ვსწავლობდით ვინ, როდის, როგორ და რანაირად გამოუშვა პირველი გაზეთი, რა ეწერა და ა.შ. ამ დროს  უმცირესი დრო ეთმობა პრაქტიკულ მუშაობას.  სამი წელი თეორიის სწავლის მეტი არაფერი გვიკეთებია, მხოლოდ ბოლო კურსზე მოგვეცა საშუალება კამერა გვენახა, გაზეთისათვის სტატია დაგვეწერა, ან რადიოსიუჟეტი მოგვემზადებინა.  ეს ძალიან ცოტა იყო. პირველი გაზეთის გამოშვების თარიღის ცოდნაც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ უნივერსიტეტმა ჟურნალისტს პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც უნდა შესძინოს. ალბათ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეა. მიუხედავად ყველაფრისა, ვიმეორებ, რომ ძალიან გამიმართა იქ რომ მოვხვდი, სადაც ვიყავი.

 

- რა არის შენი მთავარი მონაპოვარი 28 წლის მანძილზე?

- 28 წლის განმავლობაში ჩემი მთავარი მონაპოვანი თავისუფლებაა.  სხვა, უფრო განვითარებულ საზოგადოებაში არ იქნებოდა გასაკვირი, რომ 28 წლის გოგოს აქვს გარემო, სადაც არავინ და არაფერი ზღუდავს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს ფუფუნებაა, რადგან საქართველოში ქალებს მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში უწევთ სხვისი გავლენისა თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნა - მშობლების, ქმრების, ქმრების მშობლების, მეზობლების, ნათესავების, სოციუმის. ეს ხომ პატრიარქალური საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია.  

ქალებს ნაკლებად გვეძლევა საკუთარი აზრისა თუ ნების თამამად გამოხატვის და უბრალო ენით რომ ვთქვათ „საკუთარ ნებაზე“ ცხოვრების უფლება. ხოდა შესაბამისად, ჩემს მთავარ მონაპოვრად სწორედ ის მიმაჩნია, რომ ვცხოვრობ გარემოში, სადაც გარშემომყოფები პატივს სცემენ ჩემს აზრს და სადაც რაიმეს გასაკეთებლად სხვისი ნებართვა არ მჭირდება.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ -  6 თვის ორსულს სამსახურიდან საზღვარგარეთ მომიწია წასვლა რამდენიმე დღით. გამგზავრებამდე ძალიან ბევრმა მკითხა - ქმარი გიშვებს? ქალთა უმეტესობისათვის ეს კითხვა ჩვეულებრივი იქნებოდა, ჩემთვის კი საშინლად შეურაცხმყოფელი იყო. გამოდის, რომ  მე ვარ არსება, რომელსაც რაღაც ნაბიჯის გადასადგმელად სხვისი ნებართვა სჭირდება, რადგან მე არ შემიძლია განვსაზღვრო რა არის სწორი და რა - არასწორი.

თავისუფლებაში  იმას კი არ ვგულისხმობ, რომ მივლინებაში წასვლა ქმრის ნებართვის გარეშე შემიძლია, ანდა იმას რომ რასაც მინდა ვაკეთებ და არავის და არაფერს ვუწევ ანგარიშს, არამედ იმას, რომ ჩემ რეალობაში ქალი არასრულფასოვან არსებად არ მიიჩნევა, რომელსაც სხვამ უნდა გადაუწყვიტოს ყოფითი, თუ მნიშვნელოვანი საკითხები.

- როგორ ახერხებ რამდენიმე ადგილას მუშაობას?

- ჩემი ენერგიის პირობებში სხვანაირად წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. ეს ხუმრობით, ისე კი, რა თქმა უნდა, ეს არაა ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა 9 თვის ორსული ხარ, მაგრამ მე მაინც ასე მირჩევნია. ერთადერთი, რაც მძულს უსაქმურად ყოფნაა. შვებულების დროსაც კი მუდმივად მქენჯნის სინდისი იმის გამო, რომ არ ვმუშაობ.  მგონია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ ვიყენებ, ამიტომ ვერაფერს მივაღწევ. როცა არაფერს ვაკეთებ, მგონია სამყარო ჩემ გარეშე ვითარდება. ამიტომ, დამღლელია, მაგრამ თავს მაშინ უფრო კომფორტულად ვგრძნობ, როცა ბევრ რამეს ერთად ვაკეთებ, როცა გადარბენა მაქვს და ღამის 11 საათზე მახსენდება, რომ არაფერი მიჭამია.

- რთული იყო თუ არა დასაქმება შენთვის და ზოგადად რას ფიქრობ ამ თემაზე?

- პირადად ჩემთვის დასაქმება რთული არასოდეს ყოფილა. სამსახურის შოვნის პრობლემა არასოდეს მქონია.  თუმცა აქ არ იგულისხმება ის, რომ მე ყოველთვის მაღალანაზღაურებადი სამსახურები მაქვს. ასე არაა. ენთუზიაზმზეც საკმაოდ დიდხანს მიმუშავია და ძალიან დაბალ ანაზღაურებაზეც. 

ვფიქრობ, რომ ადამიანი არ უნდა დაჯდეს და არ უნდა ელოდოს როდის შესთავაზებენ ისეთ პირობებს, როგორიც უნდა, ან რომელსაც, მისი აზრით, იმსახურებს. სულ რომ სიმბოლური იყოს ხელფასი, ვფიქრობ, რომ გაჩერებას მაინც სჯობს, რადგან გაჩერება და უმოქმედობა ჩემთვის განუვითარებლობასთან ასოცირდება. ბევრგან არ მქონია ფინანსური დაინტერესდება, მაგრამ მქონდა პროფესიული, რადგან ის საქმე, ის სამუშაო მე რაღაცას მაძლევდა, პროფესიულად მზრდიდა. არ არსებობს სამსახური, რომელიც ვერაფერს მოგცემს, ასე რომ, ჩემზე უმცროს მეგობრებს, რომლებიც ბევრი მყავს, სულ ვეუბნები, რომ ყოველთვის უნდა იმუშაონ.

- როგორ იშოვე პირველი სამსახური?

- პირველი სამსახური გაზეთი "ბანკები და ფინანსები" იყო. სულ შემთხვევით მოვხვდი. ჩემმა მეგობარმა  ნახა განცხადება, გაგზავნა სივი და აიყვანეს. მეორედ მისვლაზე მეც მივყევი - მეც მინდა თქვენთან მუშაობა-მეთქი და დამთანხმდნენ. სხვათაშორის, ასე არაერთი სამსახური მაქვს ნაშოვნი. ანუ, ვაკანსიების გამოცხადებას არ ველოდები-ხოლმე, თავადაც ვთავაზობ საკუთარ კანდიდატურას. ასე მოხდა "რეზონანსის" შემთხვევაშიც. ერთ მშვენიერ დღეს ავდექი, რედაქციის მისამართი გავიგე და პირდაპირ "მივაჭერი". რედაქტორთან შესვლა ვითხოვე. შემიშვეს. ვუთხარი  - თქვენთან მუშაობა მინდა-მეთქი. მიპასუხა - ვაკანსიები არ გამოგვიცხადებიაო. ვუპასუხე - ვიცი-მეთქი. გაეცინა და მითხრა ვცადოთო. საცდელი დავალება მომცა და მას მერე დავრჩი და დავრჩი.

 

- როგორ ახერხებ ოჯახის და სამსახურის შეთავსებას? რთულია თუ არა?

- მანამ, სანამ ბავშვი გამიჩნდებოდა, ეს პრობლემა საერთოდ არ მქონდა, რადგან როგორც უკვე ვახსენე, ჩემი ოჯახი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „დიასახლისს“ (ვერ ვიტან ამ სიტყვას) სახლში ცხელი სადილი ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

მე და ჩემი ქმარი დაქორწინებიდანვე მარტო ვცხოვრობდით და სახლში ყოველთვის მასზე გვიან შემოვდიოდი. შესაბამისად, ვახშმის მომზადებაზეც ერთად ვზრუნავდით და სახლის დასუფთავებაც ორივეს გვიწევდა. დაახლოებით 5 წელი ვიცხოვრეთ ასე. ამიტომ, ბავშვის გაჩენამდე ვერც კი ვხვდებოდი რატომ უნდა შეეშალა ოჯახს ხელი საქმიანობაში.

ბავშვი კი, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ცვლის, პასუხისმგებლობა გიათმაგდება. ადრე საღამოს ორიოდე საათი მაინც გვრჩებოდა დასვენებისათვის, გართობისათვის, მეგობრების სანახავად. ახლა აღარც ერთი წუთი არ გვაქვს თავისუფალი. ყველაფერს ჩქარ-ჩქარა ვაკეთებ და მაინც ვერაფერს ვასწრებ.

მიუხედავად ამისა, არც კი მიფიქრია, რომ ბავშვის წამოზრდას დავლოდებოდი და სამსახურში მერე გავსულიყავი. მშობიარობიდან 2 კვირაში განვაახლე ორ ადგილას მუშაობა, ოღონდ საბედნიეროდ, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა მომცეს, რაც ჩემთვის დიდი შეღავათი იყო. 7 თვე ასე ვიმუშავე - სახლიდან, მერე კი სამსახურში გავედი. ახლა დღის განმავლობაში ბავშვი ბებიას ჰყავს, რომელმაც ამის გამო საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა.

შესაბამისად, ჩემი ყოველი დღე დილის 8-ის ნახევრისთვის ევას მოვლით იწყება. 9-სთვის, ნაჩქარევად ჩაცმულ-გამზადებული სამსახურში გავრბივარ. საღამოს კი, სახლში მოვრბივარ ისე, რომ მაღაზიაში შესავლელად და პროდუქტის საყიდლადაც კი მენანება დრო. აღარაფერს ვამბობ სამსახურიდან სადმე გავლაზე მეგობრებთან ერთად. არასოდეს დამიტოვებია ევა იმის გამო, რომ გასართობად წავსულიყავი. როცა ვიცი როგორ მელოდება და როგორი ემოციებით მხვდება სამსახურიდან დაბრუნებულს, როგორ დავტოვებ უმიზეზოდ? თუკი სადმე მივდივარ, ევაც მიმყავს - მეგობრებთან, დაბადების დრეებზე, ქორწილშიც კი მყავდა. მართალია მთელი ქორწილის განმავლობაში ეზოში ვისხედით, რადგან დარბაზში სიგარეტის კვამლი და სუნი იდგა, მაგრამ მერე რა? მთავარია ერთად ვიყავით და ვიცოდი, რომ სახლში დატოვებული, უჩემოდ თავს უფრო ცუდად იგრძნობდა.

ვფიქრობ შენზეა დამოკიდებული თუ როგორ მიიღებ ამ ყველაფერს. ბევრისაგან გამიგონია ფრაზა - რა მეჩქარებოდა რომ ვთხოვდებოდი, ნეტა ისევ გასათხოვარი ვიყო და ა.შ. ეს ფრაზა ყოველთვის მთრგუნავდა, რადგან მეგონა, ყველა, ვისაც ოჯახი ჰყავდა, უბედური იყო. რეალურად კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული - აქცევ ოჯახს შენი შეზღუდვისა და გაუბედურების წყაროდ, თუ ყველაფერში დაინახავ დადებით მხარეს.

ბევრი დედა ვიცი ისეთი, ბავშვის გამო მუშაობაზე უარი რომ თქვეს. ეს მათი არჩევანია და არ ვაპირებ ამის გამო გავკიცხო. უბრალოდ, ქალებს, რომლებიც საკუთარი თავის რეალიზებას ვეღარ ახერხებენ, ხშირად აგრესია უგროვდებათ, რაც ბავშვებზე გადააქვთ. გაუცნობიერებლად ისინი ბავშვებს მიიჩნევენ „დამნაშავედ“ იმაში, რაც საკუთარ ცხოვრებაში არ მოსწონთ -  რომ არ აქვთ კარიერა, მოკლებულები არიან მეგობრებთან გართობას, კინოში სიარულს თუ დასვენებას, რაც ნებისმიერი ადამიანის ნორმალური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელია. ანუ, ამ დროს ისევ ბავშვი ზარალდება.  არ მინდა ჩემმა ნათქვამმა ქალების გაღიზიანება გამოიწვიოს. მე არ ვამბობ, რომ ჩემი მოსაზრება აქსიომაა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ბევრ ქალს ემართება.

მე პირადად კი მირჩევნია ათად გავიჭრა, ბავშვი ყველგან თან წავიყვანო, მუშაობის დროს საქმესთან ერთად ევას კვების რაციონზე ვფიქრობდე და ყოველ წუთას  ვიღებდე ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენი ლუკმა სუპი შეჭამა და რამდენი ხანი იყო სუფთა ჰაერზე. დამიჯერეთ, ეს არანაკლებ რთულია, რადგან მუდმივად მქენჯნის სინდისი იმის გამო, რომ ბავშვთან არ ვარ. მე ხომ ვიცი როგორ უნდა მას ჩემთან. ჩემთან ყოფნა ყველაფერს ურჩევნია. საღამოობით, როცა სახლში მივდივარ, ერთი წამითაც არ მცილდება, აბაზანაშიც კი არ მიშვებს, რადგან ვენატრები. მოკლედ, ესეც ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე. ზოგადად, მშობლობა არის რთული და ნუ გექნებათ იმედი,  რომ  მარტივ გამოსავალს მონახავთ.

- რა როლს თამაშობს მეუღლე შენს საქმიანობაში, ოჯახში, შვილის აღზრდაში?

- გადამწყვეტს. ის ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. ყოველთვის მიბიძგებს იქითკენ, რომ მეტი გავაკეთო, მეტს მივაღწიო და ძალიან მიხარია რომ არ ჰგავს იმ ეგოისტ კაცებს, რომლებსაც ცოლების კარიერული წინსვლა აშინებთ, ან აფიქრებთ, რადგან ამ დროს მათ „ცოლის ხელი“ და ცხელი სადილი მოაკლდებათ.

ერთხელ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასაუბრებაზე ვიყავი და იქ პირდაპირ მკითხეს - პრობლემა ხომ არ ექნება ქმარს იმაზე რომ ზოგჯერ დააგვიანებ, ან რთულ ვითარებაში მოგიხდება მუშაობაო, ნებას დაგრთავსო? ძალიან გამიკვირდა, რომ საკმაოდ ცნობილ მედიასაშუალებაშიც კი  ქალს ქმრის დანამატად აღიქვამდნენ, რომლის საქმიანი გადაწყვეტილებებიც ქმარზეა დამოკიდებული -   ქმარმა უნდა დართოს მუშაობის ან სახლში დაგვიანების ნება. ვუთხარი, რომ ჩემი სამუშაო ჩემი საქმეა და ქმარი ჩემ პროფესიას, კარიერას, მიზნებსა და გადაწყვეტილებებს პატივს სცემს. ეს უბრალოდ მაღალფარდოვანი სიტყვები არ გეგონოთ, მართლაც ასეა. ის თითოეული წამოწყებისას მხოლოდ სტიმულს მაძლევს.

რაც შეეხება მის ჩართულობას ოჯახსა და შვილის აღზრდაში, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, ჩვენ ოჯახში არაა მიღებული ისე, რომ სახლის საქმე ქალის გასაკეთებელია. ორივე ვმუშაობთ, საღამოს ორივე დაღლილი მოვდივართ. შესაბამისად, რაც გასაკეთებელია, ორივე ვაკეთებთ.

ევას აღზრდაშიც ძალიან აქტიურადაა ჩართული. ჩემ გარშემო ბევრია მამა, რომელსაც მაგალითად 2 საათით შვილის დატოვება არ შეუძლია, თუნდაც უკვე მოზრდილის, აღარაფერს ვამბობ ჩვილზე. არასოდეს უბანავებია შვილი და არასოდეს გამოუცვლია მისთვის პამპერსი. ლევანი მასე ნამდვილად არაა. ბავშვი მასთან თავს გადასარევად გრძნობს და იმ დროსაც, როცა ორივე სახლში ვართ, ორივე ვუვლით. თუკი ევას პამპერსი ექნება გამოსაცვლელი, ლევანი მე არ დამიძახებს - გამოუცვალეო. ბანაობა ხომ მთლიანად მისი პრეროგატივაა. ამით იმის თქმა კი არ მინდა - შეხედეთ როგორი კარგი ქმარი მყავს- მეთქი. სულაც არა, ის ჩვეულებრივი კაცია. ისეთი, როგორიც უნდა იყოს ყველა კაცი. არაფერია განსაკუთრებული და აღსანიშნავი იმაში, რომ კაცი აკეთებს საოჯახო საქმეს და უვლის საკუთარ შვილს.

- ესწრებოდა თუ არა ის მშობიარობას და რა აზრი ხარ ამ საკითხზე?

- დიახ, ჩემი ქმარი მშობიარობას ესწრებოდა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ კიდევ ორსულობამდე ვფიქრობდი ამაზე. ორსულობისას უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ქმრის დასწრება აუცილებლად მინდოდა. ზოგადად, საკმაოდ მშიშარა ვარ როცა საქმე სამედიცინო მანიპულაციებს ეხება. ვფიქრობდი, რომ ასეთ დროს ლევანის იქ ყოფნა ჩემთვის გამამხნევებელი იქნებოდა. გარდა ამისა, ვფიქრობ მშობელმა თავისი შვილის დაბადება უნდა ნახოს, ეს მომენტი არ უნდა გამოტოვოს. ლევანი ამ აზრს ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მეუბნებოდა - თუკი შენთვის მნიშვნელოვანია, დავესწრებიო.  მშობიარობის შემდეგ კი თავადვე თქვა,  რომ  ძალიან სწორედ მოიქცა. ჩემი მშობიარობა 15 საათი გაგრძელდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რთულია ამდენი ხანი მარტომ გაატარო შეშინებულმა და დაძაბულმა. სამედიცინო პერსონალი კი გაქცევს ყურადღევას, მაგრამ მუდმივად საწოლთან ხომ არ გიზის ვინმე? აუცილებლად გჭირდება დამხმარე, რომელიც მუდმივად შენთან იქნება. გარდა ამისა, ბევრად მშვიდად და მხნედ ვიყავი, რადგან ლევანი გვერდით მყავდა. მარტო ალბათ პანიკას ავყვებოდი. და რაც ყველაზე მთავარია - ლევანი იყო უბედნერესი, რადგან შვილის დააბდება ნახა. კაცების უმეტესობა ცუდად ხდება ამ დროს. ექიმებიც მეუბნებოდნენ - არ გეცოდება ქმარი, გაუშვიო, მაგრამ მისთვის ეს იყო ძალიან საინტერესო და ემოციური მომენტი. სულ იხსენებს- ხოლმე ევას დაბადების პირველ წამებს, მის პირველ ამოსუნთქვას. იმდენად ჩართული იყო პროცესში, იმდენად აქტიურად მეხმარებოდა, რომ ექიმმა შეაქო კიდეც. არანაირი უარყოფითი განცდა არ ჰქონია. მეც მართობდა და თავადაც ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ასე რომ, ახლა უკვე ორივემ ზუსტად ვიცით, რომ თუკი მეორე შვილი გვეყოლება, ლევანი მის დაბადებასაც აუცილებლად დაესწრება.

- შენი აზრით რა ასაკშია ქალი მზად ოჯახის შესაქმნელად და რაში გამოიხატება მზადყოფნა?

- ასაკთან დაკავშირებით მზა პასუხი ალბათ არ არსებობს. ვფიქრობ, რომ ადამიანმა დაოჯახებაზე მანამ არ უნდა იფიქროს, სანამ სწავლას არ დაასრულებს, მუშაობას არ დაიწყებს და საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობა არ ექნება. ფინანსურად სხვაზე დამოკიდებულ წყვილებს ბევრი სირთულე ექმნებათ, რაც მათ ურთიერთობაზეც აისახება. ამიტომ, ოჯახი მაშინ უნდა შექმნან, როცა თავიანთი ბიუჯეტით ცხოვრება შეეძლებათ.

- ვინ არის ევა?

- ევა არის 11 თვის, ყველაზე მხიარული, საყვარელი და უპრობლემო გოგო მთელ სამყაროში. უპრობლემოს იმიტომ ვამბობ, რომ ორსულობა, მშობიარობა და მეძუძურობა, როგორც წესი, ქალებისათვის სტრესთან, რთულ პერიოდთან, არაერთ გამოწვევასთან ასოცირდება. მე სამივე ეტაპი ძალიან  მარტივი და ჰარმონიული მქონდა.

ორსულობის ბოლო დღემდე აქტიურად ვმუშაობდი და არასოდეს შევუწუხებივარ იმ დისკომფორტებს, რაც ზოგადად ორსულობას ახლავს ხოლმე. ყველას უკვირდა, რომ უზარმაზარი მუცლით ძალიან ენერგიულად დავქროდი ერთი სამსახურიდან მეორეში, ინტერვიუებსა თუ რეპორტაჟებზე. ორსულობა ხომ მაინც გასუქებასთან, გადაღლასთან, უენერგიობასთან, დასიებულ ფეხებთან, ჭირვეულობასა და ტოქსიკოზთან ასოცირდება. მე კი მართლა ვერაფერს ვგრძნობდი განსხვავებულს. არც მუცელი მამძიმებდა და არც ჭირვეულობა მახასიათებდა. რაიმე  საჭმელიც კი არ მომდომებია განსაკუთრებულად და სხვათაშორის,  მაგაზე გული დამწყდა smile

როგორც მუცელში იყო ევა უპრობლემო, ისე გაგრძელდა დაბადების შემდეგაც. არ არის მტირალა და ჭირვეული. პირიქით, ძალიან მხიარულია, ძალიან ეშმაკუნა და შეუძლებელია მის გვერდით მოიწყინო. მითუმეტეს ახლა, როცა ყოველ დღე რაღაც ახალს სწავლობს და მერე ამ ნასწავლით გვამხიარულებს. ერთადერთი, რითიც გვანერვიულებს, ჭამაა, რადგან არ უყვარს და თითოეული ლუკმის შეჭმა ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ზოგადად, მე ბავშვების მოყვარული არ ვიყავი. არასოდეს მქონია ბავშვებისადმი განსაკუთრებულად ემოციური, ან თბილი დამოკიდებულება. შესაბამისად, არ მეგონა ევა თუ ასე გამაგიჟებდა. ყოველ წამს მასზე ვფიქრობ და ჩემი თავი უკვე ბევრჯერ გამოვიჭირე იმაში, რომ როცა მასთან არ ვარ ხმამაღლა ველაპარაკები, ვეფერები .  ეს უკვე მაშინებს.

ვნერვიულობ მის თითოეულ ნაბიჯზე. სამსახურიდან უამრავჯერ ვრეკავ სახლში რომ გავიგო როგორაა, რამდენ ხანს ეძინა, როგორ ჭამა, რა აცვია, ხომ არ დასცხება, ან ხომ არ შესცივდება, რომელ ქურთუკს ჩააცმევენ ეზოში ჩაყვანისას და რომელ ქუდს შეუხამებენ და ა.შ. ყველანაირ დეტალში ვერევი შორიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, საიმედო ხელშია, მაინც სულ ვნერვიულობ და მგონია, რომ ჩემსავით ვერავინ მოუვლის. ამიტომ, არც კი განმიხილავს ძიძის საკითხი. მეტისმეტად მშიშარა ვარ იმისათვის, რომ ძიძა ამეყვანა. თანაც, ისიც ცოდო იქნებოდა ჩემ ხელში, ჩემი მოთხოვნების გამო. მე ძალიან ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას. მაგალითად, ევას თანდასწრებით ხმამაღალი ლაპარაკი აკრძალულია, ასევე ტელევიზორისა და კომპიუტერის ყურება (თუმცა, ევა გიჟდება საბავშვო კლიპებზე), ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული ჰიგიენური ნორმები, ჭამს მხოლოდ მისთვის შეძენილ, მკაცრად გაკონტროლებულ საკვებს და ა.შ. ამ ყველაფერს ბევრი ვერ გაიგებდა და მუდმივი კონფლიქტი გვექნებოდა.

- რას ურჩევ ქალებს?

- ქალებს ვურჩევდი არასოდეს განიხილონ საკუთარი თავი სხვის დანამატად და არ დაუშვან ის, რომ მათ გადაწყვეტილებას ვინმე პატივს მხოლოდ იმის გამო არ სცემდეს, რომ ის ქალია. არ დაუშვან, რომ სქესი განსაზღვრავს ადამიანის გონიერებასა თუ პრაგმატულობას.

აუცილებლად ჰქონდეთ საკუთარი საქმე, მიზანი და მუდმივად იმუშავონ საკუთარი ცოდნისა თუ შესაძლებლობების განვითარებაზე. იზრუნონ საკუთარ კარიერასა და ამავდროულად სიამოვნებაზეც, რადგან მსხვერპლადშეწირული ქალი არავის სჭირდება. მათ შორის არც შვილებს. არ შეიზღუდონ საკუთარი თავისუფლება სტერეოტიპებისა და საზოგადოებრივი აზრის გამო გამო და არ განასხვავონ ადამიანის უფლებები თუ გონებრივი შესაძლებლობები სქესით.

და ბოლოს,  არასოდეს უწოდონ საკუთარ თავს სუსტი სქესი.

 

ირინე არდაშელია

მშობლები