2018-06-27

ბევრი ქალისთვის ოჯახი და შვილები სახლში ჩაჯდომასთან ასოცირდება. დამეთანხმებით, საქართველოში ამ მხრივ ჯერ კიდევ ცუდი სიტუაციაა. საბედნიეროდ, არსებობს ბევრი ისეთი ქალი, დედა, რომელიც არ ეგუება ყოველდღიურ რუტინას და ცდილობს, თუნდაც თავისი საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქციოს.

„მშობელი“ გაგაცნობთ ნინია მეტრეველს, რომელიც 6  შვილის დედაა და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უწევს მთელი ოჯახის მოვლა, მაინც პოულობს დროს საყვარელი საქმისთვის.  პარალელურად კი ცდილობს სახლის ეზო პატარა წალკოტს დაამსგავსოს.

„მე  ვარ ერთი უკეთილშობილესი ადამიანის მეუღლე და 6 შვილის დედა, დიასახლისი.  სახლში ვიპოვე სამსახური. სულ მეკითხებიან  სად ვიყავი აქამდე.  მე ვისვენებ  მუშაობის დროს და სრულ სიამოვნებას ვგრძობ, ცოტა ფინანსურადაც მეხმარება. ჩემი საქმიანობაა ხელნაკეთი ნივთები. ცოტა რთულია, თითქმის არ მძინავს. დილას დავარიგებ ბავშვებს სკოლა-ბაღში და ჩემს ყვავილებთან გავრბივარ. 2 საათს ვუთმობ მათ მოვლას. უდიდესი შრომა ჩავდე, 30 ფერის ვარდი და 150-მდე სახეობის ყვავილი მაქვს მხოლოდ 2 წელიწადში. შემდეგ სახლის საქმე. როცა ღამდება მაშინ იწყება ჩემი სამსახურიც, ხშირად დამთენებია მუშაობისას, მაგრამ ისეთ სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან-ხოლმე, სასიამოვნო დაღლილობაა“.

ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის გახსნა სურს, თუმცა ფართის დასაქირავებლად, ჯერ რესურსი არ გააჩნია.

„ძალიან მინდა მაღაზიის გახსნა, მაგრამ როცა ფართი არ გაქვს ქირის გადახდა რთულია. ჩვენთან არც ფასობს ხელნაკეთ ნივთები. ყველას იაფად უნდა, მაგალითად, როცა ნივთის თვითღირებულება 8 ლარია და 10 ლარად გიწევს გაყიდვა, შრომა მთლიანად იკარგება. მაინც ოცნებად მრჩება დიდი სახელოსნო თავისი მაღაზიით. მაქვს რაღაცის იმედი და თუ გაამართლა ექსკლუზივიც აუცილებლად თქვენი იქნება.

ნინიას მარჯვე ხელები-ს ფოტო. 

ნინიას 4 საკეისრო კვეთა აქვს გაკეთებული, თუმცა იმდენად უნდოდა ბევრი შვილი ჰყოლოდა, რომ არა სიცოცხლის საფრთხე, ფიქრობს, რომ კიდევ გააჩენდა.

„4 საკეისროს გაკეთება მომიწია, დიდი რისკი იყო, თუმცა იმდენად მინდოდა ბევრი შვილი, არც მიფიქრია რომ მილები გადამეკეტვა. ჩემი მეუღლეც ხელს მიწყობდა, მას ჩემზე მეტად უხაროდა ახალი სიცოცხლე. მეექვსე ბავშვზე დიდი საფრთხე შეიქმნა რომ ორივე დავიღუპებოდით, თუმცა მიუხედავად ამისა არასდროს არ მიფიქრია აბორტზე და ვინმეს რომ ერჩია, ალბათ სამუდამოდ დავკარგავდი. მეხუთე შვილი, სანდრო 6 თვის იყო მეექვსე ორსულობა რომ შევიტყვე და  ჩემს გინეკოლოგთან ტირილით მივედი... ნია ექიმმა კი ისე გამამხნევა, უკან სულ სხვა განწყობით დავბრუნდი, თითქოს პირველი ფეხმძიმობა ყოფილიყო“.

ნინის უკმაყოფილოა სახელმწიფოს მიდგომით...

„საკეისროს ყველას 800 ლარით უფინანსებენ, თუმცა მეოთხე საკეისრო 600 ლარით დამიფინანსეს, როცა ვიკითხე რატომ, პასუხი ასეთი იყო: ახალი ვერტიკალური კანონის მიხედვით მესამე საკეისროს მერე ასე ხდებაო. როცა მეტი შვილი უფრო მეტი რისკია, სახელმწიფო გვაკლებს 200 ლარს, ნაცვლად იმისა, რომ დაამატოს. კლინიკა „ბაიებში“ კი ეს თანხა საერთოდ არ აიღეს, არც ექიმის აყვანის, არც პალატის. სახელმწიფომ კი, რომელიც გაიძახის „არა აბორტს!“-ო - ასეთ კანონი მიიღო..

და ბოლოს, ნინია გვირჩევს...

„ვეტყოდი რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, აკეთეთ ბევრი სიკეთე,  აკეთეთ ის საქმე რაც გიყვართ, გაიღვიძეთ დილაადრიან და მოუსმინეთ რა საოცრად ჟღურტულებენ ჩიტები.. მიესალმეთ მეეზოვეს და დაინახავთ მის სახეზეც ღიმილს... არ დაკარგოთ არცერთი წუთი და დატკბით სამყაროს სილამაზით“.

 

მოამზადა მარია სოხაძემ

მშობლები