2025-06-21

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, 1948 წლიდან აღინიშნება.

სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

სპორტული აქტივობების სია კი ასე გამოიყურება:

1. მძლეოსნური გარბენი;

2. ქვიშის ფრენბურთი;

3. ქვიშის ჭიდაობა;

4. ქვიშის ფეხბურთი;

5. ქვიშის რაგბი;

6. ჭადრაკი;

7. მაგიდის ჩოგბურთი;

8. ველოსპორტი;

9. კარატე;

10. კანოე.

სპორტული აქტივობები 10:00 საათიდან, ბათუმის ზღვისპირა პარკის, პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგ სახეობებში დაიწყება: ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი.

ძველ ბულვარში ჩატარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, შეჯიბრება კანოეში ნურის ტბაზე.

კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იასპარეზებენ.

11:30 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვიშის სახეობების სპორტულ მოედნებთან) სტარტს აიღებს ველოგარბენი, 12:00 საათზე კი მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი გაიმართება.

ორივე გარბენი (დისტანცია: 2-2,5 კმ) ანბანის კოშკთან დასრულდება.

ოლიმპიურ მძლეოსნურ გარბენში და ველოგარბენში მონაწილეთა რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორტსმენები აჭარის რეგიონიდან.

ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სეოკ-ის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია.

მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები.

ღონისძიების პარტნიორები არიან - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. ასევე ,,ავერსი“ და ,,თელიანი ველი“.

ბიზნესი