2024-04-28

საქართველოში უამრავი ბავშვთა გასართობი სივცეა, ყველა მათგანს აქვს საპირფარეშო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სივრცე, სადაც ნებისმიერი მშობელი შეძლებს შვილი შეიყვანოს მოსაწესრიგებლად, არ არსებობს.

პრობლემას ძირითადად მამები აწყდებიან, რადგან ქალთა სივრცეში, მეტნაკლებად არის ადგილი, სადაც თუნდაც ახალშობილის მოწესრიგებას შეძლებ.

აი, უკვე მოზრდილ ასაკში კი, პრობლემას აწყდებიან როგორც დედები, ისე მამები.

ამ შემთხვევაში “მშობელი” მამებს ესაუბრა. ისინი გვიყვებიან, თუ რა პრობლემებს აწყდებიან, თუ შვილები მანდილოსნის გარეშე მიჰყავთ სასეირნოდ.

მამა ლადო გოგოლაძე გვიყვება, რომ 12 წელია ამ პრობლემის წინაშე დგას.

მყავს 2 გოგონა - 12 და 5 წლის. ანუ შეიძლება ითქვას, რომ 12 წელია ამ პრობლემის წინაშე ვდგავარ. როცა საზოგადოებრივი კვების დაწესებულებაში მივდივართ და არა მარტო კვების ობიექტებში, მათ შორის, სხვა ძალიან პოპულარულ ადგილებშიც, არსად არაა სივრცე, სადაც მამამ შეიძლება გოგონა შეიყვანოს საპირფარეშოში.

კაცების სივრცეში შესვლა გოგონასთვის, გარდა იმისა, რომ არაჰიგიენურია, გარკვეულწილად უხერხულიცაა, ხოლო ქალების სივრცეში ჩემი შესვლაა ძალიან ცუდი. თუ ჩემი მეუღლე ჩემთან ერთადაა, მაშინ ბუნებრივია, მას მიჰყავს გოგონები, მაგრამ როცა მარტო ვართ, გვიწევს ამ რთული ამოცანის გადაჭრა.

ნენე უკვე 12 წლისაა და მასთან ეს პრობლემა აღარ დგას, რადგან მარტო მიდის, მაგრამ 5 წლის ნისიმესთან ისევ აქტუალურია.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა თუ ბავშვს უწევს გამოცვლა (არაა საუბარი მხოლოდ ჰიგიენური საფენის გამოცვლაზე), რადგან არც კაცთა და არც ქალთა საპირფარეშოში, არაა სივრცე, სადაც შეიძლება ბავშვს გამოუცვალო, მაშინ როცა თვითმფრინავების საპირფარეშოშიც კი გათვალისწინებულია სპეციალური დაფა, სადაც დააწვენ პატარას და გამოუცვლი. 

სამწუხაროდ, საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილს, არც ანაღვლებს, რადგან ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავენ. რეალურად კი პრობლემაა, უბრალოდ თვითონ წარმოიდგინონ თავი, როცა საპირფარეშოში ვერ შედიან, როგორი რთული იქნება”, - უყვება “მშობელს ლადო. 

ის მიიჩნევს, რომ საკითხი მამების შემთხვევაში უფრო აქტუალურია, რადგან მამები უფრო აღვიქვამენ პრობლემად გოგონას კაცების საპირფარეშოში შეყვანას და რატომღაც დედები, დიდად არ განიცდიან როცა ბიჭი, ქალების საპირფარეშოში შეჰყავთ.

“როდესაც ესა თუ ისე, მსოფლიო ბრენდის წარმომადგენლობა იხსნება საქართველოში, კარგი იქნება თუ პროდუქტთან ერთად, ამასაც გადმოიღებენ და იქნება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, ბავშვი ყოველგვარი მორიდების გარეშე შევიყვანოთ”, - აღნიშნავს ის.

ლადოს აზრს იზიარებს მამა ლაშა მურუსიძე, რომელიც პრობლემის წინაშე გოგო შვილის დაბადების შემდეგ აღმოჩნდა.

ხშირად მიწევს ევროპაში მოგზაურობა და მას შემდეგ რაც მამა გავხდი, ვცდილობ ბავშვებთან ერთად ვიმოგზაურო. 2 შვილი მყავს, ბიჭი 8 წლისაა, გოგო 3. გოგოს დაბადებამდე მსგავსი პრობლემა  არ მქონია. ბიჭი მარტივად შემყავდა კაცების საპირფარეშოში, პამპერსის გამოცვლას და ჩაბანასაც მარტივად ვახერხებდი. აი, გოგონა რომ შემეძინა, უკვე აღმოვჩნდი დილემის წინაშე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი თუ ბავშვს ბუნებრივი მოთხოვნილებები გაუჩნდებოდა.

ქალების საპირფარეშოს გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, არც მიფიქრია. კარგი ამბით რომ არ დასრულდება, მაგის წინასწარ განსაზღვრა რთული არ იყო. კაცების საპირფარეშოში გოგო შვილს ვერ შევიყვანდი, რადგან, გარდა იმისა, რომ ბავშვისთვის არ არის კარგი და შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს, სხვა თანხმლები პრობლემებიც შეიძლება იყოს. მაგალითად, მოუხერხებელი და მოუწყობელი გარემო, ყურადღების ცენტრში მოქცევა სხვა მამაკაცებისგან, რომლებიც საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობენ, მათ შორის, მომრავლებული პედოფილიის ფონზე. მოკლედ, მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს, რის გამოც გოგო შვილს არ შევიყვან კაცების საპირფარეშოში.

ასეთ დროს, არის თითქოს გამოსავალი შშმ პირების განყოფილება, რომელიც როგორც წესი ქალების და კაცების ტუალეტებთან მდებარეობს და იზოლირებულია, შედარებით დიდი სივრცეა და გამოუვალი მდგომარეობის დროს, შეიძლება გამოყენება, თუმცა მანდაც არის პრობლემები. უპირველესად ის, რომ შშმ პირთათვის განკუთვნილ სივრცეს ვაკავებთ, არაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რაც არ მიმაჩნია სწორად, ისევე როგორც შშმ პირთათვის განკუთვნილი პარკირების სივრცის დაკავება.

გარდა ამისა, საქართველოში, სამწუხაროდ შშმ პირთა საზოგადოებრივი ტუალეტები ხშირად  უფრო დაბინძურებულია, ვიდრე ჩვეულებრივი ტუალეტები, ეს ალბათ ნაკლები ყურადღებითაა გამოწვეული და რა თქმა უნდა პრობლემაა.

გოგო შვილის მამები, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ თუ საჯარო სივრცეში გვიწევს ყოფნა ბავშვთან ერთად, ან პარტნიორი, ან და, დედა, მოკლედ ვინმე ქალი გვახლდეს და საჭიროების შემთხვევაში, შეიყვანოს ჩვენი შვილი ქალთა საპირფარეშოში”, - უყვება “მშობელს” ლაშა.

ლაშა იმედოვნებს, რომ ამ პრობლემაზე სხვებიც ისაუბრებენ და დედებიც შეცვლიან დამოკიდებულებას, თითქოს ბიჭი შვილების ქალთა საპირფარშოში შეყვანა, პრობლემა არ არის.

“ვიფქრობ, იქედან გამომდინარე, რომ დედების უმრავლესობას პრობლემად არ მიაჩნია და მოგეხსენებათ, საქართველოში მშობლებად მხოლოდ დედებს აღიარებენ, ალბათ ვერც ვერავინ ვერ ხედავს საჭიროებას გამოჰყოს სპეციალურად ბავშვთა მოვლის ოთახები.

ის, რომ სტატისტიკურად, კარგი მამები ბევრი არ ვართ  საქართველოში, ვფიქობ, არის ამ კუთხით გარკვეული დადებითი ძვრები, მაგრამ მხოლოდ კაცების მცდელობა არასაკმარისია. საჭირო და აუცილებელია ქალების ჩართულობაც, რათა მამობის ინსტიტუტიც განვითარდეს საქართველოში.

საბავშვო ბაღში, აღმზრდელი ხშირად მეუბნებოდა, ეს უთხარი მეუღლეს, ის უთხარიო. მეთქი, მეც მშობელი ვარ, მეც შეგიძლიათ მითხრათ-თქო, თუმცა არ იყო მიმღებლობა. ბაღშიც და სკოლაშიც, მშობელთა კრებაზე მხოლოდ მე ვარ მამა, დანარჩენი დედები არიან. ჩატებში, საუბარი ყოველთვის იწყებოდა "გოგოებოთი".  ვცდილობდი მაქსიამლურად მეაქტიურა, რომ ეს დამოკიდებულება შემეცვალა. ვერ ვიტყვი რომ ბევრი მამა ავიყოლიე, მაგრამ იმისთვის საკმარისი რაოდენობა კი მოვახერხე, რომ გოგოებოთი აღარ იწყება და მშობლებოთი იწყება ყოველი დღე, მშობლების ჩატში.

ვფიქრობ, რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ ამ მახინჯი სტერეოტიპების რღვევა და ამაში როგორც დედები, ასევე მამები უნდა ჩავერთოთ. პირველ რიგში ეს ჩვენი შვილებისთვის უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ უბრალოდ სტატისტიკაც ცხადჰყოფს, იმ ოჯახებში. სადაც მამები არიან ჩართული შვილის აღზრდაში, უფრო მეტია განათლების დონე, მინიმუმამდე არის დაყვანილი კრიმინალი და აგრესია, მაქსიმალურად აღწევენ ბედნიერებას.

თუ იმას დაველოდებით, მამებს როდის გაეხსნებათ გონება, მოვლენები ძალიან ნელა განვითარდება უკეთესობისკენ, თუ საერთოდ განვითარდა.

აი, ბაბუობის ასაკში აცნობიერებენ ქართველი კაცების ურავლესობა, რომ ზრუნვა არ ტეხავს და ზრუნვა მხოლოდ ფინანსური უზრდუნველყოფა არაა, ან ბრძნული რჩევა დარიგებების მიცემა. ცხადია, საჭირო და აუცილებელია ესეც, მაგრამ მხოლოდ ეს არასაკმარისია.

დღეს, საქართველოში გაცილებით უკეთესი ბაბუები გვყავს, ვიდრე მამები და არამგონია ამდენი დასაკარგი დრო გვქონდეს კაცებს, მით უფრო შვილებისთვის მშობლის ზრუნვის დაკლების უფლება”.

ლაშა მიიჩნევს, რომ დღევანდელ რეალობაში, ყველაფერი ისეა მოწყობილი, კაცს სრულფასოვან მამობაში, ხელი ეშლება.

“არ არის საჭირო ხელშეწყობა, არადა, წესით სადაც გვიჭირს, სწორედ იქ უნდა ვიზრუნოთ სიტუაციის შეცვლაზე. მამების ჩართულობის გაზრდაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც მხოლოდ ერთი მახსენდება... როგორც მინიმუმ, ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ელემენტარულად, ბავშვი თუ მარტო ვერ წავიყვანე, იმის შიშით რომ ტუალეტში ვერ შევიყვან, ვერ გამოვუცვლი, ვერ დავბან, ვერ მოვაწესრიგებ, რომელ ხელშეწყობაზეა საუბარი”, - აღნიშნავს ლაშა.

 

სპეციალურად “მშობელისთვის”

მშობლები