2023-10-18

კითხვა ბავშვის ინტელექტუალური განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი და სასკოლო ასაკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ადამიანთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მისი ათვისება „ბუნებრივი პროცესია“ და ასაკთან ერთად თავისთავად ისწავლება, თუმცა, ეს ასე არ არის. კითხვა კომპლექსური პროცესია და საჭიროებს სხვადასხვა უნარსა და სტრატეგიას, მათ შორის ფონეტიკასა და ფონოლოგიურ ცნობიერებას. მისი საფუძვლები ჯერ კიდევ ასოების სწავლამდე ყალიბდება.
მიუხედავად იმისა, რომ კითხვა საკმაოდ რთული პროცესია, მისი სწავლების პროცესი კარგად არის შესწავლილი, რაც აადვილებს პროცესის დაგეგმვას.
ქვემოთ მოცემულია კითხვის 5 ძირითადი კომპონენტი, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვი წარმატებით დაეუფლოს კითხვას:

1. ფონოლოგიური ცნობიერება – სიტყვაში სხვადასხვა ბგერის/ხმის ამოცნობისა და მისი გამოყენების უნარი;
2. ფონეტიკა – ასოსა და ბგერის დაკავშირების უნარი;
3. ლექსიკონი – სიტყვათა მნიშვნელობის, მათი განმარტებისა და მათი კონტექსტის გაგების უნარი;
4. წაკითხულის გააზრება – ტექსტის შინაარსის გაგება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა (იგულისხმება ასაკის შესაბამისი მხატვრული თუ ინფორმაციული ტექსტი);
5. სრულყოფილი კითხვა – ხმამაღალი კითხვა შესაბამისი სიჩქარით, სიზუსტით და წაკითხულის გააზრებით.

რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვს კითხვა სახლის გარემოში:

გამოიყენეთ საბავშვო სიმღერები და ლექსები ფონოლოგიური ცნობიერების გასაუმჯობესებლად.
საბავშვო სიმღერები და ლექსები ბავშვებს ძალიან უყვართ, მაგრამ ეს არამხოლოდ სახალისოა – რიტმი და რითმა ეხმარება ბავშვებს დაიმახსოვრონ ხმები და ხმოვნები სიტყვებში, რაც ფონოლოგიური ცნობიერების განვითარებას უწყობს ხელს. სიმღერის მოსმენისას რიტმულად დაუკარით ტაში, გაიმეორეთ სიმღერის ტექსტები ერთად.
შექმენით მარტივ სიტყვათა ბარათები სახლში.

გამოჭერით მარტივი სიტყვები ან მარცვლები, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა ბგერებს/ხმებს (მაგალითად: „კუ“, „ბუ“, „ცა“, „მზე“, „თხა“, „ბახ“, „ტაშ“, „სამ“). დაულაგეთ ბავშვს წინ ბარათები და სთხოვეთ ამოირჩიოს რომელიმე. ერთად წაიკითხეთ ამორჩეული სიტყვა/მარცვალი, შემდეგ ჰკითხეთ ბავშვს რომელი ბგერა გაიგონა სიტყვაში პირველად? ბოლოს? რომელი ბგერა იყო შუაში? ეს აქტივობა ეხმარება ფონეტიკისა და დეკოდირების უნარების განვითარებას. თუ ბავშვი ახლა სწავლობს ანბანს, მეტი ყურადღება გაამახვილეთ თუ რა ბგერას/ხმას გამოსცემს თითოეული ასო.

შეუქმენით ბავშვს კითხვისათვის მდიდარი გარემო.

შექმენით ახალ-ახალი შესაძლებლობები კითხვისათვის – სასურველია ბავშვის გარემო მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს წერილობითი მასალით. დაწერილი სიტყვების დანახვა (წიგნზე, მანიშნებლებზე, პოსტერებსა თუ ბილბორდებზე) ეხმარება ბავშვს კავშირი დაამყაროს სიტყვის ჟღერადობასა და მის წერილობით ხატს შორის. როდესაც გარეთ ხართ ერთად, მიუთითეთ ბავშვებს სიტყვებზე, რომლებსაც შეხვდებით ბილბორდებსა თუ მაღაზიის შესასვლელებში („შეხედე, აქ რა წერია? რა ასოზე იწყება ეს სიტყვა?“). შეგიძლიათ თქვენ წაუკითხოთ წარწერა ასო-ასო და გაუხმოვანოთ იგი.
ითამაშეთ სიტყვების თამაში ბავშვთან ერთად.

რეგულარულად ითამაშეთ სიტყვების თამაშები.

ფოკუსირდით ისეთ თამაშებზე, რომლებიც წაახალისებს ბავშვს რომ მოუსმინოს, აღმოაჩინოს, იმანიპულიროს სიტყვაში არსებული ბგერებით. მაგალითად სიტყვა _______ (ცარიელ ადგილას იგულისხმეთ ნებისმიერი სიტყვა):

„რა ასოზე იწყება სიტყვა „_______“?;
რა ასოზე მთავრდება სიტყვა „________“?;
სიტყვაში „___________“ არის ასო „ო“?;
კიდევ რომელი სიტყვები იწყება ამ ბგერაზე/ასოზე?
რომელი სიტყვა ერითმება ამ სიტყვას?

ითამაშეთ სიტყვების აწყობა მაგნიტური ასოებით.

მიაკარით მაგნიტური ასოები დაფაზე (ან სულაც მაცივრის კარზე). დაუსახელეთ ბავშვს სიტყვა (უმჯობესია, დაიწყოთ ისეთი მარტივი ერთმარცვლიანი სიტყვებით, როგორიცაა – კუ, ცა, ბუ). სთხოვეთ ააწყოს ეს სიტყვა. შეგიძლიათ დაეხმაროთ მას, დაუსახელოთ სიტყვა ასო-ასო და პირველი ასო თქვენ მიაკრათ, მეორე ასოს (ხმოვნის) არჩევა კი მას მიანდოთ. ნელ-ნელა გაზარდეთ მარცვალთა რაოდენობა და ააწყვეთ სიტყვები: „თავი“, „ხელი“ და ა.შ (უმჯობესია, ეს სიტყვები იყოს თანხმოვანი-ხმოვანი-თანხმოვანი-ხმოვანი წყობის). ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვს სიტყვის დამარცვლით ან ბგერებად დაშლით.

ყოველდღიურად წაიკითხეთ ერთად და ისაუბრეთ წაკითხულის შესახებ.

ბავშვისათვის წაკითხვით უამრავი უნარის განვითარება შეგიძლიათ. თქვენ მას აჩვენებთ როგორ ჟღერს თითოეული სიტყვა, მუშაობთ წაკითხულის (მოსმენილის) გააზრების უნარზე, უზრდით ლექსიკურ მარაგს, აჩვენებთ მას როგორია კარგი მკითხველი. გარდა ამისა, კითხვის რუტინა უზრუნველყოფს, რომ ეს პროცესი ასოცირდებოდეს მისთვის სასიამოვნოსთან და ბავშვს შეუყვარდეს კითხვა.

როდესაც ბავშვს უკითხავთ, დაუსვით მას შეკითხვები წაკითხულთან დაკავშირებით, აჩვენეთ ტექსტთან შესაბამისი ილუსტრაციები, ჰკითხეთ მას მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე (მაგალითად: „როგორ ფიქრობ, რატომ შეეშინდა ასე ძალიან?“).

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია.
ყველა ბავშვს სწავლისათვის სჭირდება სხვადასხვა დრო, ამიტომ იყავით მომთმენი და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროცესი გახადოთ მისთვის სასიამოვნო. მიეცით ბავშვს საშუალება თვითონ აირჩიოს სასურველი აქტივობა თუ წიგნი, რომელსაც წაუკითხავთ (ზოგჯერ ბავშვი არ ინტერესდება წაკითხულით, რადგან არ მოსწონს თქვენ მიერ შერჩეული ტექსტი). წაახალისეთ ისინი, რომ ყოველდღიურად წაიკითხონ, შეაქეთ ისინი თუნდაც მცირედი წარმატებისათვის და იყავით მხარდამჭერნი!

გისურვებთ წარმატებებს!

მასალა მოამზადა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის აკადემიურმა თერაპევტმა თათო ტურავამ.

წყარო

ასევე მოუსმინეთ: 

განათლება