2021-04-13

მე მოგიყვებით, როგორ გავიცანი საკუთარი სახლი...
 
ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, როცა დედამ მითხრა: "ხვალ, სახლში უნდა წავიდეთ" - ძალიან მეუცნაურა, ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდა, მე ხომ ისედაც "სახლში" ვიყავი...
 
თურმე არა!... მე "ხვალ" ჩემს ნამდვილ, სახლს უნდა შევხვედროდი, ერთმანეთი უნდა გაგვეცნო!.. და მოვიდა "ხვალ"...
 
გზა იყო უსაშველოდ დიდი და დამღლელი, თან ფიქრისგანაც ვერ ვითავისუფლებდი თავს, ფიქრს იმისგან, თუ სად და როგორი იყო ჩემი სახლი?!..
 
ამასობაში მივადექით რუხ მდინარეს, რომელიც გამალებით ბორგავდა და ღრიალით იქაურობას აყრუებდა. ხიდზე ავედით, ახლა ამ, რუხ, მდინარეს ზემოდან დავყურებდი და მეგონა, მის ზურგზე უნდა გამევლო.
 
ძალიან მეშინოდა...
 
განსაკუთრებით შემეშინდა, როცა მეგონა, ხიდმა ფეხი აიდგა და რუხი მდინარის ზურგზე დაიწყო სიარული!... შიშისგან თვალებ გაფართოებული, მამამ გადამიყვანა მოსიარულე ხიდზე.
ჩემი გაოცება, კიდევ უფრო შესამჩნევი ხდებოდა, როცა ნაცრისფერ სამყაროში მოვხვდი. ეს სრულებით არ გავდა იმ ადგილს, სადაც მანამდე ვცხოვრობდი. იქ, ძალიან ბევრი ფერი იყო, აქ, მხოლოდ, ერთი, ნაცრისფერი...
 
ვიკითხე თუ რატომ არ გავდა ეს სახლები იმათ, მე რომ აქამდე მინახავს... პასუხიც მივიღე... ვიკითხე, რატომ არ იყვნენ ეზოებში ბავშვები?! დედამ მიპასუხა: " მოვლენ"...
 
ამასობაში ემოციები მატულობდა... მე სახლი უნდა მენახა... სახლთან, მოშორებით დამსვეს... "აბა, თუ მიხვდები, შენი სახლი რომელიაო?" - ბევრი არ მიფიქრია, პირდაპირ მივადექი, მწვანედ შეღებილ ჭიშკარს, რომლის ეზოშიც ამაყად იდგა ნაცრისფერი სახლი და მის წინ, ჩემი ბაბუა!...
 
როგორც იქნა, გავიცანით ერთმანეთი... ბაბუამ, გიდის როლი შეითავსა და ყველა კუთხე-კუნჭული გამაცნო, ახლა შემიყვანა სახლში, რომლისგანაც მხოლოდ კედლები და მორღვეული კიბეები იყო დარჩენილი... ბაბუა, გიდობას განაგრძობდა და მეუბნებოდა: "ეს არის ის, რისი შენახვაც შენთვის შევძელი, ეს არის შენი სახლი, დამწვარი მაგრამ შენი!"
 
იმ წუთიდან ჩამებეჭდა ეს სიტყვები გონებაში. სახლის, თბილ კედლებს თითს ვაყოლებდი და დაჟინებით ვიმეორებდი " ეს, ჩემი სახლია!" იმ დღის მერე, ერთ მთლიანობად ვიქეცით და ძალიან ბევრი, ლამაზი, დღეებიც გაგვიტარებია ერთად!
 
განსაკუთრებით გაზაფხულის მოსვლა მიხაროდა, მიყვარდა იმის ყურება, თუ როგორ ეფლობოდა დღითიდღე ეზო სიმწვანეში, სიცოცხლის ფერში, ამ დროს საოცარი, ყვავილების, სურნელი ტრიალებდა ეზოში... დღემდე მახსოვს და მენატრება ეს სუნი...
 
უკვე რამდენიმე წელია, ამ სუნის მაგვარს დავეძებ, მაგრამ ვერსად, ვერსად ვიპოვე!.. მეგულება ერთგან, მაგრამ იქამდე, ის რუხი მდინარე მაშორებს, რომლის ზურგზე წლების წინ, მამის ხელებით გადავიარე, მაშორებს მდინარე, რომელსაც დღეს სიკვდილის სუნი ასდის!
 
მხოლოდ იმიტომ არ ჩავუვარდები ხახაში, რომ ერთ დღეს, ჩემს შვილებთან ერთად მივადგები მის ნაპირს და იმ დღეს თავად დამითმობს გზას!
 
პ.ს. გაზაფხულზე ჩავალ, ის სუნი, რომ მომეგებოს წლები, რომ დავეძებ!...
 
 
მასალა გადმოტანილია ახალგაზრდული გაერთიანების გვერდიდან - ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან

ბლოგი