
ჟურნალისტ ნათია კობერიძის მიმართ განხორციელებული მუქარის საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი მუქარით დევნას გულისხმობს.
როგორც „მშობელს“ შს სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული ჯარიმას, 1 ან 2 წლით შინაპატიმრობას, ან თავისუფლების 3 წლის ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება 18 მაისს, სოციალური ქსელის საშუალებით, ჟურნალისტის მიმართ, ვინმე ვახტანგ ჯაბანაშვილის მიერ განხორციელებულ მუქარას.
„18 მაისს, ფეისბუქის "უცხოთა" მონაწერებში მივიღე უწმაწური მუქარა. იდენტიფიცირებადი, ღია პროფილის მქონე მომხმარებელი მემუქრებოდა სხეულზე ცეცხლის წაკიდებით. მხოლოდ ერთი ფრაზა მივწერე - პოლიციას შევატყობინებ - მეთქი და ამაზე პასუხად გაუპატიურებით დამემუქრა. კი არ შემაგინა, კონკრეტულად დამემუქრა გაუპატიურებით. უპასუხოდ დავტოვე, მაგრამ მეორე დღეს ისევ უტიფრად გააგრძელა მოწერა, ამჯერად მლანძღვადა და აინეტერესებდა, მივმართე თუ არ პოლიციას. ლანძღვისას ღიად გამოხატა თავისი ჰომოფობიური განწყობები. მე დავათვალიერე მისი ფეისბუქ-პროფილი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 12-13 ივნისისის აქციების დარბევას და ზოგადად, ქართული მარშის ძალადობრივ ქმედებებს გულშემატკივრობს ან მონაწილეობს კიდეც. შევატყობინე პოლიციას. სამჯერ ვიყავი დაკითხვაზე. დაკითხეს მუქარის ავტორიც. საინტერესოა, რომ პოლიციაში დაკითხვაზე მჯდომი ფეისბუქით ემუქრებოდა ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს, როლებიც ჩემს ლანძღვას აპროტესტებდნენ მის ვოლზე. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ კიდევ მომწერა ლანძღვაც და მუქარაც გააგრძელა. ესეც შევატყობინე პოლიციას. ყველა დეტალი გულდასმით ჩაინიშნეს, თუმცა, საბოლოოდ საქმე დუშეთის რადიონში გადაამისამართეს, რადგან, მუქარის ავტორის მონაწერზე GPS აჩვენებდა დუშეთის რაიონს, რაც მოგეხსენებათ, ხშირად ხდება თბილისის შემთხვევაში. პოლიციამ ძალიან კარგად იცის, რომ დუშეთის რაიონი აქ არაფერ შუაშია, მაგრამ ვეჭვობ, ფიქრობენ, დამეზარება იქ გამომძიებელთან სიარული და საქმეც ჩაიფარცხება. არადა, სულაც არ დამეზარება. თუმცა, ადვოკატთან ერთად ვცდილობ საქმე ისევ თბილისში დავაბრუნო. სხვათაშორის, ფეისბუქზე ბევრი გულშემატკივარი გამოჩნდა ამ მუქარის გამო და სრულიად უცხო ადამიანები მიგზავნიდნენ ამ კაცის და მისი ცოლის მიერ ჩემი ლანძღვის და მუქარის კამპანიის სქრინებს. ჩემი ეჭვი, რომ მუქარის ავტორი ქართული მარშის ან მისთანა ძალადობრივი, ფსევდოფაშისტური დაჯგუფების წარმომადგენელია, დადასტურდა მისი პოსტით დახურულ ჯგუფში, სადაც მან 13 მაისის კონტრაქციიდან ჩემი პირდაპირი ჩართვის სქრინი დადო და მიაწერა: ბიჭო, ეს ნაბოზარი მანდ გყოლიათ და როგორ არ მოკალითო?!

არ ვიცი, როგორ გრძნობს თავს მუქარის ავტორი პოლიციაში დაკითხვის შემდეგ. მისნაირების დაუსჯელობის გამო კი, ფაქტია, ყოველდღე საფრთხის ქვეშ დგას მშვიდობიანი ადამიანების ჯანმრთლეობა და სიცოცხლე. ასევე აღსანიშნაავია, რომ მუქარა უკავშირდებოდა ჩემს გამოსვლას ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, სადაც მე დავგმე ჰომო-, ქსენო -და სხვა ფობიებით მოქმედი, ასე მომრვალებული ჯგუფების მხრიდან ძალადობა. ეთერი შედგა 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან თავისუფლების დასაცავად საზოგადოებრივი ჯგუფის შეკრების შემდეგ, სადაც ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ ნიკო გორგილაძეს. ეტყობა, ძალადობით მუქარის ავტორს გულზე მოხვდა ჩემი ნათქვამი “კავკასიის” ეთერში. რაც შეეხება პოლიციას, თავიდან რეგირებდნენ პროფესიულ ფარგლებში. როდესაც მუქარა გაგრძელდა და ისევ მივმართე, ანუ ვაგრძნობინე რომ საქმე ჩემთვის სერიოზულია, ცდილობდნენ ისრების ჩემსკენ გადმოტანას და "ქალბატონო, თქვენ ნუღარ აღიზიანებთო“-ესეც კი მითხრეს, როდესაც გაიგეს, რომ მუქარის ავტორის ფოტოები მქონდა გამოქვეყნებული ფეისბუქზე. ჩემმა ადვოკატმა განუმარტა, რას ველოდებით კანონის ფარგლებში. სამი, სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, უკვე ერთი თვეა არავინ შემხმიანებია“, - განუცხადა „მშობელს“ ნათია კობერიძემ.