ფსიქოთერაპევტი ნათია ახობაძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და მისი ცხოვრების პატარა აღმოჩენაზე გვიამბობს, რომელსაც „მშობელი“ უცვლელად გთავაზობთ.
„მინდა იმ ადამიანებს გამოვეხმაურო, ვინც თავიდან ბოლომდე, მთელი არსებით და დროით სამუშაოში არიან ჩართულები, მათი მუდმივი საფიქრალი კი საქმე და მხოლოდ საქმეა. დღის ბოლოს მოდიან სახლში ენერგიაგამოცლილები, გაღიზიანებულები, არც სიყვარულის თავი აქვთ, არც მოფერების, არც დალაპარაკების...
არ გეგონოთ იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნოდე, ვინც თვლის, რომ კარიერა და საქმე არ არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და რომ შენი საზრუნავი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახი უნდა იყოს, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს შვილების, საყვარელი ადამიანების, დედ-მამის ხარჯზე არ უნდა გავაკეთოთ. ჩემს ცხოვრებაშიც იყო პერიოდი, როცა მთელი ჩემი დროის ნაწილი, ჩემი ფიქრი მხოლოდ კარიერით იყო მოცული, სხვა დანარჩენს ავტომატურად ვაკეთებდი. ვზრუნავდი შვილებზე, მეუღლეზე, მაგრამ ეს სიამოვნებას არ მანიჭებდა, პირიქით, მაღიზიანებდა ეს ყველაფერი დროს რომ მართმევდა და რომ არა ეს წართმეული დრო, კარიერაში მეტი წინსვლა მექნებოდა.
მაგრამ ერთმა უმნიშვნელო შემთხვევამ ჩემი შეხედულებები და პრიორიტეტები რადიკალურად შეცვალა. შევავსე ტესტი - „თუ დარჩენილი მექნებოდა“.
ტესტის კითხვეზე თუ რას გავაკეთებდი 10 წლის სიცოცხლე რომ მქონოდა დარჩენილი, ჩემი პასუხი შემდეგი იყო: საქმეს, რომელსაც ვაკეთებდი უფრო მეტ დროს დავუთმობდი და უფრო გავააქტიურებდი იმ ქმედებებს, რომალსაც ჩემი კარიერისთვის მეტი შედეგი შეეძლო მოეტანა, მეტ დროს დავუთმობდი ჩემს ჰობს, მეტს ვიმოგზაურებდი, მეტ დროს გავატარებდი ჩემს ოჯახთან ერთად და მეტ სიყვარულს და სიხარულს ვაჩუქებდი მათ.
მომდევნო კითხვებში სიცოცხლის ხანგძივობა თანდათან მცირდებოდა და რაც უფრო ცოტა დრო მრჩებოდა სიცოცხლისთვის, საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო მით უფრო მეტად იზრდებოდა და ბოლო კითხვეაზე, რას გააკეთებდით სიცოხლის დარცენილ შვიდ საათში, ჩემი პასუხი პირველს საერთოდ არ გავდა - ვზივარ ძალიან ლამაზ, განათებულ ოთახში, ჩემს წინ ზის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები და ვიხსენებთ ერთად გატარებულ სახალისო ისტორიებს, შემდეგ სუფრას მივუჯდებით ერთად და ბოლოჯერ ჩემს მომზადებულ სადილს გემრიელად მივირთმევთ.
არ მეგულება ადამიანი, რომელისთვისაც ბოლო 7 საათი შეიძლება სხვანაირი იყოს და ეს დრო მხოლოდ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში არ გაატაროს. ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო და მიუხედავად დატვირთული განრიგისა, მიუხედავად დაძაბული დღისა, ყოვედღე ვცდილობ გამოვნახოთ საყვარელი ადამიანებისთვის დრო და ეს დრო მათთან ხარისხიანად გავატარო, იმიტომ რომ ეს 7 საათი მართლაც დადგება ყველას ცხოვრებაში, მერე კი სინანულით ვიტყვით ალბათ, ნეტა მეტი დრო გამეტარებია, ნეტა მეტად მოვფერებოდი, ნეტა მეტად მყვარებოდა, ნეტა მეტი სიკეთე გამეკეთებინა, ნეტა მეტ ადამიანებს დავხმარებოდი.
თუ ამას ყოველთვის გავიხსენებთ და ყველა დღეს გავატარებთ ისე, როგორც ბოლო დღეს, ყველა დღე ნაყოფიერი და სიყვარულისა და სიხარულის მომტანი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვისაც. არ დავწვებით ისე რომ შვილებს არ ვაკოცოთ, დედა არ მოვიკითხოთ, გაჭირვებულს არ დავეხმაროთ, მეგობარს 5 წუთით არ შეუაროთ, მეუღლეს გემრიელი სადილი არ მოუმზადოთ და არ უთხრათ რომ მისი სულისა და გონების ნაწილი ხართ და რომ ძალიან გიყვართ, არ დაწვებით ისე, რომ ბუნებაში თუნდაც 10 წუთი არ გაისეირნოდ და თუნდაც ზამთრისგან ფოთოლგაცლილი ხეების ყურებით არ დატკბეთ, ბებია და ბაბუა არ გაიხსენოთ, არ გაიხსენოთ როგორ განებივრებდნენ და არ დაწვებით ისე, რომ ღმერთს არ შესთხოვოთ თქვენი საყვარელი ადამიანების ჯამრთელობა და კარგად ყოფნა. მე გამოვცადე ჩემი თავი, გამოცადე შენც! - აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი.
თქვენც გამოსცადეთ თქვენი თავი და უპასუხეთ იცხაკ პინტოშევიჩის მიერ მომზადებული ტესტის ერთი შეხედვით მარტივ კითხვებს.
- როგორ დაალაგებდით თქვენს ცხოვრებას 10 წლის სიცოცხლე რომ დაგრჩეთ?
- სამწუხაროდ, პირველი დიაგნოზი არასწორი იყო და თქვენ დარჩენილი გაქვთ ერთი წლის სიცოცხლე, რას გააკეთებდით?
- სამწუხაროდ, დიაგნოზი აღმოჩნდა უფრო მკაცრი, თქვენ დაგრჩათ 1 თვე.
- სამწუხაროდ, 3 დღე დაგრჩათ. როგორ დაალაგებდით ყველაფერს?
- და საბოლოო დიაგნოზია 7 საათი სიცოცხლე?
...ეხლა მიდი ღია ფანჯარასთან, ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე შიშის ტვირთი. შენი სიცოცხლე იქნება ხანგრძლივი და ეს მხოლოდ თამაში იყო... (იცხაკ პინტოშევიჩი)