2018-11-02

ბოლო დროს გახშირებულმა მენინგიტის შემთხვევებმა ყველა ააფორიაქა, განსაკუთრებით კი მშობლებს ეშინიათ.

"მშობელი"  კლინკიკა "ბეიბიმედის" პედიატრ ლიკა შამუგიას გაესაუბრა, რომელიც მოგვიყვება რა არის მენინგიტი, რა იწვევს და როგორ ავირიდოთ თავიდან.

მენინგიტი ნეიროინფექციური დაავადებაა, რომელიც თავის ტვინის გარსების ანთებითი პროცესით მიმდინარეობს. მენინგიტით დასნებოვნების ალბათობა ბავშვებში 10-ჯერ მეტია ზრდასრულებისგან განსხვავებით.

მენინგიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზი უხშირესად არის ბაქტერიები: მთავარი “დამნაშავე” არის მენინგოკოკი, მეორე ადგილზეა B ტიპის ჰემოფილუსის ჩხირი და პნევმოკოკი. ბაქტერიების გარდა მენინგიტს  ასევე ვირუსული ინფექციებიც იწვევს. გამოვლენილი დაავადებების 10% ვირუსულ ინფექციაზე მოდის.

როდესაც საუბარია მენინგიტზე ბავშვებში, კლასიკურად განიხილება მენინგოკოკური მენინგიტი, რომლის ფარული პერიოდი 2-5 დღე გრძელდება. დაავადება იწყება მოულოდნელად, “ მოწმენდილ ცაზე" ტემპერატურის მკვეთრი მატებით 40C-მდე, ძლიერი თავის ტკივილით, შემცივნებით, თვალების ტკივილით, თავბრუსხვევით. აღინიშნება უმადობა, გულისრევა, შადრევანისებური ღებინება. ბავშვები აღნიშნავენ გაღიზიანებას ხმაურზე, მკვეთრ შუქზე.

მნიშვნელოვანი სიმპტომი მენინგიტის დროს არის მომატებული მყესთა  რეფლექსი, რომელიც კრუნჩხვის განვითარების წინ ნიკაპის კანკალით ვლინდება.

მძიმე შემთხვევაში ტონურ-კლონური კრუნჩხვა ვითარდება. დაავადების დაწყებიდან 12საათში ვითარდება კისრის კუნთების რიგიდობა(დაჭიმულობა), ხოლო 24საათში ვლინდება “მეძებარი ძაღლის” პოზა.

მნიშვნელოვანი გამოვლინება მენინგოკოკური მენინგიტის დროს არის ჰემორაგიულ-ნეკროზული გამონაყარი, რომელიც დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 6საათში ვლინდება. გამონაყარი სხვადასხვა ზომის, არასწორი ვარსკვლავისებური ფორმისაა.

გამონაყარის ლოკალიზაციის ტიპიური ადგილებია: ქვედა კიდურები, დუნდულოები, ქუთუთოები.

მენინგიტზე ეჭვის დროს პირველ რიგში აუცილებელია ბავშვის ჰოსპიტალიზაცია!!!

მსუბუქი მიმდინარეობის დროს ბავშვი ინფექციურ განყოფილებაში თავსდება, გენერალიზებულის დროს რეანიმაციულ განყოფილებაში. მკურნალობა ტარდება ცალსახად ექიმის მეთვალყურეობით!

მენინგიგიტის გადატანის შემდგომ აუცილებელია ბავშვი 1 წელი  ბავშვთა ნევროლოგის და ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

მენინგიტის პროფილაქტიკის მიზნით ექიმი დაავადებულთან მჭიდრო კავშირში მყოფებს ურჩევს ანტიბიოტიკის მიღებას. საბავშო ბაღში და სკოლაში უნდა გამოცხადდეს კარანტინი, სადაც იმყოფებოდა პაციენტი.

მენინგიტით დასნებოვნების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა: ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება და სველი წესით დამუშავება.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

 

 

რჩევები