2018-11-02

დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ე.წ. „ჭარბვალიანობა“. მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოში სარგებლობს ან სარგებლობდა საბანკო კრედიტით (მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, ონლაინ სესხების კომპანიებიდან და ა.შ.), წინამდებარე სტატიის მთავარი მიზანია მცირედი სიცხადე მაინც შეიტანოს აღნიშნულ ურთიერთობაში, მიუთითოს მინიმალური სტანდარტებზე, რომელთა გაზიარებამ შესაძლებელია დაიცვას მოვალე არასასურველი შედეგებისგან, ხოლო კრედიტორი მისი უფლების არამართლზომიერი გამოყენებისაგან.          

რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღების დროს? - აუცილებელია დეტალურად გავეცნოთ ხელშეკრულებას, სესხის ხელშეკრულების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ის არის %, რომელიც თავის მხრივ ნიშნავს სარგებელს. ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული სარგებლის/პროცენტის შესახებ.  ამასთან პირდაპირ არის დაკავშებული სესხის აღების ხარჯები მაგალითად: ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიები არასწორად იყენებ საკომისიოს ცნებას და სხვა ხარჯების ცნებას და თუ ადამიანს უნდა მიეღო 100% მისაღები თანხის, ზოგიერთ შემთხვევაში ის იღებს მისაღები თანხის 90/95 პროცენტს. ბოლო ცვლილებების თანახმად, სადაც განისაზღვრა ეფექტური საპროცენტო სარგებელი არა უმეტეს წლიური 50%-სა, უმნიშვნელოდ მაინც მოხდა რეგულირება, რადგან არსებული პრაქტიკა უჩვენებდა, რომ გამსესხებელი საკომისიოს, პროცესინგის, იურიდიული მომსახურების, სესხის დამტკციების და ა.შ. თანხებს უმატებდა იმ თანხებს, რომელიც არ მიუღია მოვალეს, ხოლო მოვალე ამ თანხიდან იხდიდა სარეგებელსაც და ძირ თანხასაც. იქმნება და იქმნებოდა სიტუაცია როცა, თუ პირს  სურდა აეღო 1000 ლარი, მას სხვა ხარჯებში ექვითებოდა 200 ლარი, ხოლო სესხის ძირ და სარგებლის თანხას იხდიდა არა 800 ლარიდან, არამედ 1000 ლარიდან.

სასამართლოში იყო მცდელობები, როცა აღნიშნული შეუსაბამოდ მაღალი სესხის გაცემის ხარჯები შემცირებულიყო, თუმცა დღევანდელ დღემდე მაინც სადაოა რას წარმოადგენს აღნიშნული ხარჯი.

ხელშეკრულებაში არ უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კერძოდ, გამომდინარე საკანონმდებლო დანაწესებიდან (როგორიც გვხდება, დაზღვევის და შრომით სამართალში) არაუმეტეს 0.07%. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ხელშეკრულებაში მისი ოდენობა აღწევს 0.5%-ს დღიურად. აუცილებლად დააკვირდით პირგასამტეხლოს ოდენობას.  ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს, ხელშეკრულების მოშლის შემთვევაში (როცა წყდება აქამდე არსებული ურთიერთობა) მითითებულია თუ არა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთვევაში კრედიტორს აქვს თუ არა უფლება, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ სარგებლის/პროცენტის მოთხოვნის უფლება, თუ აღნიშნული პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში, კრედიტორს რა თქმა უნდა აქვს უფლება მოითხოვოს მისი შესრულება (ანუ სესხის მთლიანი სარეგებელი/პროცენტი მოითხოვოს) მაგარამ სასამართლო აღარ დააკმაყოფილებს.

ხელშეკრულებაში დაუკვირდით თანხის გადახდის პერიოდულობას და ასევე, რომელი იფარება წინსწრებით? - უკეთესია პირველად იფარებოდეს ძირი თანხა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ჯერ იფარება სარგებელი/პროცენტი, შემდეგ თუ არის პირგასამტეხლო შემდგომ უკვე ძირითადი თანხა.

რაც შეეხება სარგებელს და მის ოდენობას, უმეტეს შემთხვევაში სასამართლო კერძო პირებს შორის ცდილობს დააბალანსოს პროცენტის ოდენობა, თუ  ის არის წლიურ 50%-ზე მეტი, თუმცა ბოლო საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე ის არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 50%-ს. არის თუ არა სათანადო პროცენტი აღნიშნული 50%? ეს უკვე საკამათო და ფინანსური სფეროა.

თუ სესხი უზრუნველყოფილია გირავნობით (მოძრავი ქონებით) ან/და იპოთეკით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც თუ ავტომობილის რეალიზაციის თანხა ან/და უძრავი ქონების რეალიზაციის თანხა არ ფარავს კრედიტორის (გამსესხებლის) მოთხოვნას სრულად.  სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია (ბათილია), ასევე ის, რომ თუ საბანკო ან/და მიკროსაფინანსოდან აიღეთ სესხი, ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს თქვენს სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ავტომობილის რეალიზაციის თანხა არ ეყოფა არსებულ დავალიანებას, თქვენი  დანარჩენი მოძრავი და უძრავი ქონებიდან აქვს უფლება დაიკამყოფილოს მოთხოვნა და ეს პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ხელშეკრულებაში.       

რა ეტაპებია გასავლელი სესხის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში? - უპირველესად მოვალეს აწევს ვალდებულება, იცოდეს თუ როდის აქვს მას გადასახდელი თანხა. კრედიტის ამღებმა თუ გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორი გადახდის ვადას,  ბანკი ვალდებულია დამატებით დაგიწესოთ  ორკვირიანი ვადა და მხოლოდ ამის შემდგომ შეწყვიტოს ხელშეკრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ითხოვს არსებული დავალიანების (ძირი თანხის, სარგებელს და პირგასამტეხლოს) დამატებული ის სარგებელი, რომელიც უნდა მიეღო ბანკს თუ ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულდებოდა. ამის შემდგომ მან უნდა მიმართოს სასამართლოს (თუ არ არის გათვალისწინებული არბიტრაჟი) და მოითხოვოს თანხს დაკისრება და სხვა მოთხოვნები, სარჩელმა უნდა გაიაროს სამი ინსტანცია (თუ მითითებულია, რომ ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას 1 ინსტანციის სასამართლო გადაწვტილება, 1 ინსტანციის გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად) შემდგომ გაწევთ უკვე კანონიერ ძალაში გადაწყვტილების საფუძველზე რაიმე დადასტურებული ვალდებულების შესრულება. მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, მისი წარგდენის,  აღსრულების ეროვნულ ბიუროში რეგისტრაციის შემდგომ იწყება „იძულებითი აღსრულება“. რატომ იძულებითი? - იმიტომ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვტილება აღსრულების გარეშეც უნდა სრულდებოდეს (სასამართლოს მთავარი არსი სწორედ ამაშია).             

რისი უფლება აქვს კრედიტის გამცემს მოვალესთან?  - უპირველესად კრედიტორს უფლება აქვს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს, თუმცა აღნიშნული უნდა განახორციელოს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საშუალებებით. ეს ნიშნავს იმას, რომ კრედიტორს უფლება არ აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებისგან ან/და კანონიდან გამომდინარე უფრო მეტის შესრულების მოთხოვნა, უფლება არ აქვს რაიმე სახის ზემოქმედება მათ შორის, ფსიქოლოგიური ან/და ძალადობრივი. იმ შემთხვევაში თუ სატელეფონო ზარები გაწუხებთ არ ხართ ვალდებული უპასუხოთ. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება მოვალის  ან/და მისი ოჯახის წევრების დაშინება. ეს არის უკანონო მოქმედება კრედიტორის მხრიდან, არავის არ აქვს უფლება დაემუქროს რაიმეთი, რომ გაუყიდის დედის, ბიძიის, ნათესავის ქონებას.

შეესაბამება თუ არა მუქარები ახლიდან ნივთები გატანაზე სიმართლეს? - მოვალე, რომელიც ვალდებულებას იღებს რაიმე შეასრულოს მხოლოდ და მხოლოდ თვითონ მთელი თავისი ქონებით (ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევბში) არის პასუხისმგებელი. სასამართლოს გადაწყვტილების გარეშე სახლიდან ნივთების გატანა არავის არ შეუძლია, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ვინმე გირეკავთ, გეუბნებათ, რომ ამას იზავს ის უბრალოდ იტყუება შესაბამისი საფუძვლის გარეშე. სასამართლო გადაწყვტილების აღსრულება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს და კერძო აღმასრულებელს. ამასთანავე იმისათვის, რომ ვინმემ გაიტანოს თქვენი სახლიდან ნივთი, მას უნდა გააჩნდეს სასამართლო გადაწყვეტილება, შემდეგ აღნიშნული მისამართზე უნდა იყოთ ჩაწერილი და ბოლოს კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს, რომ ეს თქვენი საკუთრებაა. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მისამართზე ხართ ჩაწერილი და იქ ცხადდება ვინმე, უძრავი ქონების მესაკუთრე ითვლება მოძრავი ნივთების მესაკუთრედ. ამის გარდა, ნივთის გატანამდე უნდა მოხდეს მისი აღწერა, იდენტიფიცირება, შესანახად ვინმესათვის გადაცემა შემდგომ უკვე აუქციონი და ა.შ. ამიტომ საკითხი სახლიდან ნივთების გატანის შესახებ იმდენად რთულია მოძრავ ნივთებთან მიმართებაში, რომ ეს მხოლოდ „დაშინების“ ეფექტის მატარებელია და ეს პრეროგატივა აქვს მხოლოდ აღმასრულებელს ან/და აღსრულების ეროვნულ ბიუროს.   

რა დროს ერთვება აღსრულების ეროვნულ ბიურო? - აღსრულების ეროვნული ბიუროს (გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა) მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომ ერთვება პროცესში, ეს ნიშნავს იმას, რომ მის გარეშე იძულებითი აღსრულების უფლება არ აქვს კრედიტორს, მას არ აქვს უფლება თვითნებურად მიმართოს თვითდახმარებას. აღსრულების ეროვნული ბიურო მხოლოდ და მხოლოდ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე.                  

რა ეტაპზე იწყება სასამართლო დავა? - სასამართლო დავა იწყება მხარის (მოსარჩელის) მიერ სასამართლოს მიმართვის შემდგომ. სასამართლოთი დაცვის უფლება არამხოლოდ გამსესხებელს, არამედ მოვალესაც აქვს. სასამართლოში საქმის წარმოებას აქვს თავისი წესები. საკრედიტო დაწესებულება სასამართლოს იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არ არსებობს დათქმა არბიტრაჟის შესახებ. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ის პერიოდი, როცა მოვალე არ იხდის თანხას და ბანკს სურს მას დააკისროს გადასახდელი თანხა (სარგებელი, პირგასამტეხლო, სესხის ძირი თანხა, მისაღები სარგებელი და ა.შ.). კრედიტორს სასამართლოში მიმართვის შემდგომ აქვს უფლება დაუყადაღოს ან/და მოითხოვოს თანხის დაკისრება მოვალესათვის (გამონაკლისი შემთხვევაა გირავნობა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნები, თუმცა ის უკვე ცალკე რეგულირების სფეროა). ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოსათვის მიმართვის მოთხოვნას არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და თუ გბარდებათ სარჩელი აუცილებელია თქვენ მას გასცეთ პასუხი, წარადგინოთ შესაგებელი და მიუთითოთ ხანდაზმულობაზე (სესხის შემთხვევაში სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაა, რომელიც მოთხოვნის წარმოშობიდან აითვლება).                            

მონცემთა დაცვის კუთხით, რისი უფლება აქვს მსესხებელს? - უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ის ინფორმაცია, რაც ინახება ან ინახებოდა კერძო კომპანია კრედიტინფოში, არის თქვენს მიერ გაცემული და ეს არის თქვენი პერსონალური ინფორმაცია, ამასთანავე კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ თქვენი მიმართვის შემდეგ ის ვალდებულია გაანადგუროს თქვენი პერსონალური ინფორმაცია.

ახლა რაც შეეხება პერსონალური ინფრომაციის გაცემას, თუ ამაზე თქვენ არ გაქვთ მიცემული თანხმობა წერილობითი ფორმით, არავის არ აქვს უფლება იცოდეს თქვენი საკრედიტო ან/და სესხის შესახებ.

რაც შეეხება იმ ფაქტებს, რომ როცა რომელიმე „კოლექტორი“ ფირმიდან შემოდის ზარი, მთავარი კითხვა უნდა დასვათ პირიქით:               
- საიდან აქვთ მათ თქვენი ნომერი?               
- რომელი საფუძვლით აქვთ თქვენი ნომერი?             
- წარმოგიდგინოთ  თქვენს მიერ გაცემული თანხმობა, რომ თქვენი თანახმა იყავით პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე.
- მოითხოვეთ მისი სახელი გვარი, პირადი ნომერი, კომპანიის დასახელება, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი თანამდებობა და ა.შ.

იმ შემთხვევაში თუ ზემორე მითითებულიდან ერთ-ერთს მაინც ვერ ჩამოთვლის, თქვენ უფლება გაქვთ მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, ხოლო ის ვალდებულია დაიწყოს რეაგირება და თუ კომპანია ვერ დაადასუტრებს, პერსონალური ინფორმაციის კანონიერებას მას დააჯარიმებს. პეროსნალური ინფორმაციებთან დაკავშირებით, ასევე არავის აქვს უფლება (თქვენი თანხმობის გარეშე) დაუკავშირდეს თქვენს კოლეგას, მეზობელს და ა.შ. აქაც იგივე პრინციპი უნდა გამოვიყენოთ რაც ზემოთ ავღწერეთ.

უფლებათა დაცვა ხორციელდება მხოლოდ მაშინ როცა უფლებებს იცავენ.  

 

პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ 
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“    

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ          
დაუკავშირდეთ - Facebook-ზე, ან შემდეგ მისამართებზე:          

ტელ: +995 591 97 67 64; Viber/Whatsapp: +995 591 97 67 64;          

skype: pa31101986kgg ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;   

      

რჩევები