
რა რაოდენობის თაფლი უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში? - ეს კითხვა ყველა დედას აწუხებს, ვის შვილსაც თაფლი ძალიან უყვარს.
გაეცანით ექიმ ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციას.
"თაფლი ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მასში არის ბევრი ვიტამინი, ფრუქტოზა, მიკროელემენტები და რაც მთავარია ტკბილია, ანუ ენერგიის წყარო. ენერგია კი უნდა დაიხარჯოს. თუ ბავშვი პუტკუნაა და მთელ დღეს ტელევიზორთან ატარებს, რა საჭიროა თაფლი ვაჭამოთ? სამაგიეროდ, თუ ბავშვი შედარებით გამხდარია და თან ბევრს მოძრაობს, თაფლი მისთვის სასარგებლო და საჭირო პროდუქტია. ზოგადად, ბავშვს ტკბილეული მაშინ უნდა მივცეთ თავისუფლად, როცა ის ნორმალური აღნაგობისაა და ფიზიკურად აქტიურია. თაფლის დღიური ნორმა მისი რაოდენობით არ ფასდება და მიღების დოზა მხოლოდ ბავშვის აქტივობაზეა დამოკიდებული. როცა შესაძლებელია, ჩვეულებრივი კანფეტი (რომელიც მხოლოდ უსარგებლო შაქარია) თაფლით ჩაუნაცვლეთ. მაგალითად, თუ ბავშვს შაქრიანი ხაჭო უყვარს, უკეთესია თაფლით ჭამოს. თუ უყვარს ჩაი, უმჯობესია თაფლით დალიოს ან მიაყოლოს. მართალია თაფლში ბევრი სასარგებლო მიკროელემენტია, მაგრამ ამ სახითაც კი ზედმეტი შაქარი ბავშვს არ სჭირდება. არის კიდევ ერთი პრობლემა: ზოგჯერ, როცა თაფლს კოვზით მიირთმევენ, ზოგი ბავშვი მას პირში დიდხანს აჩერებს და კანფეტივით წოვს, ეს კი კარიესისკენ პირდაპირი და მარტივი გზაა. დაიმახსოვრეთ ეს რჩევები და თავად მიხვდებით როდის, ან რა ფორმითაა საჭირო თაფლის მიღება“.
მოამზადა მარიამ სოხაძემ