
მეტყველების დარღვევა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში - გვესაუბრება „ლოგომედი - მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის“ საკორექციო დარღვევათა მიმართულების ხელმძღვანელი მაია ჭავჭავაძე.
როდის და როგორ უნდა დაიწყოს ბავშვმა ლაპარაკი?
ლაპარაკს ასე ვიწყებთ: 2-3 თვე: პატარა ღუღუნებს, წარმოთქვამს ბგერებს "ა", "ი", ზოგჯერ შესაძლებელია "გ"-ც. 7-9 თვე: პატარა ტიტინებს, წარმოთქვამს ერთნაირ მარცვლებს: დე-დე, მა-მა, ბე-ბე, პა-პა, ბა-ბა, ბუ-ბუ, მუ-მუ. 9-11 თვე: პატარა უკვე ცდილობს მოზრდილთა მიერ წარმოთქმული მარცვლებისა და სიტყვების გამეორებას. 11-13 თვე: ჩნდება პირველი ორი იდენტური ან მსგავსი მარცვლებისგან შემდგარი გააზრებული სიტყვები: დედა, მამა, ბებო, პაპა, ბაბუ. 2-3 წელი: პატარა იწყებს წინადადებებით საუბარს. ამ ასაკში ბავშვის ლექსიკური მარაგი უნდა შეადგენდეს 300-მდე სიტყვას. ასეთია ბავშვის მეტყველების ნორმალური განვითარების ეტაპები. ნებისმიერ ეტაპზე გადახრა ნორმიდან საჭიროებს სპეციალისტის კონსულტაციას. ნუ დაუგდებთ ყურს ასეთი ტიპის რჩევა-დარიგებებს: "ჩემსასაც ასე ჰქონდა, მაგრამ მერე თავისით ალაპარაკდა", "მის მამასაც გვიან დაუწყია საუბარი და ესეც ასე დაიწყებს", "ბიჭები ზოგადად გვიან იწყებენ ლაპარაკს", "ილაპარაკებს, აბა რას იზამს, ჯანმრთელი ბავშვია, სხვა არანაირი დაზიანება არ აქვს".
რა გარემო პირობები ახდენს ბავშვის მეტყველებაზე გავლენას და როგორ შევაფასოთ ჩვენი შვილების მეტყველება სწორად?
უპირველეს ყოვლისა, ბავშვის დროულად ასამეტყველებლად საჭიროა სწორი სამეტყველო გარემო, რაც ითვალისწინებს:
- ბავშვს უნდა ესმოდეს სწორი და გამართული საუბარი, იგი ისე ალაპარაკდება, როგორც თავად ესაუბრებიან.
- აკრძალულია ენის მოჩლექვით საუბარი და მსგავსი ინტონაციით თქმული უშინაარსო საალერსო სიტყვების გამოყენება.
- პატარას მიმართეთ მხოლოდ სახელით;
- 2-4-წლამდე სასურველია ესმოდეს მხოლოდ ერთი - მშობლიური ენა, ხოლო ამეტყველების შემდგომ შეგვიძლია მას უცხო ენაც მივაწოდოთ.
- იმავე 2-4- წლამდე დამღუპველია უცხო ენაზე გახმოვანებული ანიმაციური ფილმების და შემეცნებითი კომპიუტერული აპლიკაციების ყურება.
- ინტენსიურად უნდა ვესაუბროთ პატარას და მივცეთ საშუალება სიტყვიერი გზით შეიმეცნოს სამყარო.
- ნუ დატოვებთ უპასუხოდ მის კითხვებს;
თუ მეტყველების ფუნქცია სწორად ვითარდება ბავშვი - 3 წლის ასაკში გამართულად უნდა წარმოთქვამდეს: პ, მ, ბ, ვ, ფ, გ, ქ, კ-ს. 4 წლის ასაკში - სისინა ბგერებს: ს, ზ, ც. 5 წლის ასაკში - შიშინებს: შ, ჩ, ჟ, ჯ, წ. გამართულად უნდა ამბობდეს რ-სა და ლ-ს.
3-4 წლის ასაკში პატარა სრულად უნდა გამოთქვამდეს საკუთარ ემოციებსა და აზრებს ვერბალური, სიტყვიერი გზით, უნდა შეეძლოს მომხდარის გაანალიზება და დასკვნების გაკეთება.
უნდა შეეძლოს მცირე ზომის საბავშვო მოთხრობის ან ზღაპრის წაკითხვის შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა.
თუ ორი-სამი წლის ასაკში ბავშვმა რამოდენიმე სიტყვა იცის და ხშირადაც არ მეტყველებს სიმორცხვის გამო, შეიძლება თუ არა ეს ჩავთვალოთ პრობლემად?
თუ 2-3 წლის ბავშვის ლექსიკური მარაგი რამდენიმე სიტყვისგან შედგება, ეს უკვე მიგვითითებს მეტყველები ფუნქციის განვითარების შეფერხებაზე, ამიტომ ასეთ დროს უმჯობესია პატარა ენისა და მეტყველების თერაპევტს ან ნეიროფსიქოლოგს აჩვენოთ.
ხდება-ხოლმე, როცა ბავშვი 2-3 წლის ასაკში აქტიურად და თითქმის გამართულად საუბრობს, შემდეგ მოულოდნელად ეწყება ენის დაბმა, ბორძიკი და შემდეგ წყვეტს საუბარს, მხოლოდ ჟესტიკულაციით კონტაქტობს მშობელთან, ზოგჯერ 2-3 დღე გამართულად საუბრობს შემდეგ ისევ ენის ბორძიკი ეწყება. რისგან შეიძლება ეს იყოს გამოწვეული, რა არის მიზეზი?
ეს ლოგონევროზის ე.წ. ტრანზიტული ანუ გარდამავალი ფორმაა, როდესაც ენაბორძიკი ტალღისმიერად მიმდინარეობს და ახასიათებს ე.წ. გამწვავებისა და რემისიის სტადიების მონაცვლეობა, რომელიც შესაძლოა იყოს რაიმე ფაქტორით პროვოცირებული, ასევე შესაძლებელია გამწვავება და სიმშვიდის პერიოდები სრულიად უმიზეზოდაც ენაცვლებოდეს ერთმანეთს.
არის თუ არა განკურნებადი გენეტიკური ლოგონევროზი?
ლოგონევროზის ანუ ენაბორძიკის მკურნალობის შედეგზე ანამნეზში ლოგონევროზისადმი დადებითი გენეტიკური წინასწარგანწყობის არსებობა არ მოქმედებს, ანუ გენეტიკურად დეტერმინებული ენაბორძიკიც ისევე იკურნება, როგორც არაგენეტიკური.
ერთნაირად პრობლემური საუბარი თაობებში (ასოების დაკლება, დამახინჯება) რა არის გამოსავალი?
თანამედროვე მეტყველების თერაპია ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრის საშულებას იძლევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა რაიმე ტიპის ორგანულ დაავადების თანმდევია, მაგალითად, ბავშვთა ცერებრული დამბლა, თანდაყოლილი არტიკულაციის დარღვევები, ყბა-სახის დეფორმაცია და ა.შ.
თუ 4-5 წლის ასაკში ბავშვი "რ"-ს ნაცვლად ამბობს "ლ"-ს, ან პირიქით, ან კიდევ თუ 8წლის ასაკშიც უჭირთ ზოგიერთი ბგერის (მაგალითად "შ") სწორად წარმოთქმა, რა პროფესიული ჩარევებია საჭირო?
ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა შეიძლება ფიზიოლოგიურ პრობლემად მივიჩნიოთ გარკვეულ ასაკამდე - 4-4,5 წელი. თუ პატარა ამ ბგერებს ასაკის გათვალისწინებით უბრალოდ ნაწილობრივად ამახინჯებს, ამ ეტაპზე მეტყველების თერაპევტს დასახმარებლად არ მივმართოთ, ბავშვი მათ თავადვე გამოასწორებს. მეტყველების თერაპევტთან ვიზიტი საჭიროა ნებისმიერ ასაკში, თუ პატარას რომელიმე ბგერა საერთოდ არ აქვს ან მათ წარმოთქვამს არტიკულაციის უხეში დარღვევით: ყელისმიერად, გვერდულად, ცხვირისმიერად, კბილთაშუა. გაითვალისწინეთ: რაც უფრო ხანგრძლივია დეფექტი, მით უფრო რთულია მისი გამოსწორება. წარმოიდგინეთ, ბავშვის მეტყველება თიხაა, ვიდრე ის რბილია მისთვის სწორი ფორმის მიცემა გაცილებით მარტივი და ადვილია! ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს!
როცა ოჯახში რამოდენიმე ენაზე საუბრობენ, ბავშვს კი უჭირს მეტყველება, როგორ მოვიქცეთ?
არსებობენ ბავშვები, რომლებისთვისაც რამდენიმე ენა არ წამოადგენს პრობლემას, იგი ერთნაირად ახერხებს მათ დაძლევას, თუმცა არიან პატარები, რომელთაც ორი ენა სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ამეტყველების პროცესში, ასეთ დროს აუცილებელია ოჯახის წევრები შეთანხმდნენ ერთ ენაზე, რომელზეც მიმართავენ პატარას და მისი თანდასწრებით ისაუბრებენ, ვიდრე იგი არ ამეტყველდება ასაკობრივ ნორმის შესაბამისად.
როგორ ავიცილოთ თავიდან მეტყველების დარღვევა და როგორია უკვე პრობლემის გამოსწორების გზები?
მეტყველების ყველაზე გავრცელებული მოშლილობაა დისლალია - მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საერთოდ ვერ წარმოთქვამს ამა თუ იმ ბგერას ან წარმოთქვამს დამახინჯებულად, უსუფთაოდ. დისლალიას განეკუთვნება მდგომარეობებიც, როცა ადამიანი რომელიმე ერთ ბგერას ყოველთვის ანაცვლებს მეორე ბგერით, მაგალითად ხშირია რ-ლ-ს დიფერენცირების დარღვევა, გ-დ, კ-ტ და ქ-თ ბგერათა ერთმანეთის ნაცვლად გამოყენება. რაც შეეხება უსუფთაო წარმოთქმას, ამ კუთხით ყველაზე ხშირია სიგმატიზმი - შიშინა და სისინა ბგერების დარღვევა, აგრეთვე როტაციზმი, როდესაც ადამიანი ვერ წარმოთქვამს ბგერა რ-ს და ლამბდაციზმი - ლ ბგერის წარმოთქმის დარღვევა. არსებობს შემთხვევები, როდესაც მეტყველების ფორმირების შემდგომ მშობლები უეცრად აღმოაჩენენ, რომ მათი პატარა, საკმარისი ლექსიკური მარაგის ფონზეც კი, ვერ ახერხებს გამართული წინადადებებით საუბარს. ზოგჯერ ეს მხოლოდ აქტიური მეტყველებისას ვლინდება (ექსპრესიული აგრამატიზმი) და ყურადღების კონცენტრირებისას ნაკლებად თვალში საცემია, ზოგჯერ კი პირიქით, წერის, თხრობისას (იმპრესიული აგრამატიზმი) იჩენს თავს. ამ დარღვევისას ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ სიტყვათაშორის ურთიერთობების გამოხატვა: კავშირი, თანდებული, წინდებული და შორისდებულების სათანადო გამოყენება. ამ მოვლენას აგრამატიზმი ჰქვია, 3-4- წლამდე შეიძლება ნორმალურ მოვლენად ჩაითვალის, 5 წლის ასაკისთვის კი აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა, რადგანაც ზოგჯერ იგი ნეიროფსიქოლოგიური მოშლილობაა, რომელიც მეტყველების გრამატიკული სტრუქტურისა და გამართულად საუბრის უნარის სრულ ან ნაწილობრივ უქონლობაზე მეტყველებს. თუ ბავშვს მსგავსი ტიპის დარღვევას შეამჩნევთ, აუცილებელია მიმართოთ ნევროლოგს, რათა დროულად დადგინდეს ყოველივე ყურადღების დეფიციტის, თუ თავის ტვინის შუბლისა და საფეთქლის არის კეროვანი ან ტრავმული დაზიანების შედეგია, რადგან ორივე შემთხვევაში აუცილებელია როგორც მეტყველების, ისე მედიკამენტური თერაპია. ამ შემთხვევაში აკრძალულია და არ არის გამართული ხმამაღლა პატარას შევუსწოროთ არასწორად გამოთქმული სიტყვები თუ ფრაზები, უმჯობესია იგივე საკმაოდ მშვიდად გავუმეოროთ სწორად, ყოველგვარი გამეორების მოთხოვნის გარეშე, და თუ მეტყველების სერიოზულ დარღვევასთან არ გვაქვს საქმე, იგი აუცილებლად თავადვე ძალზე უმტკივნეულოდ გამოასწორებს მათ.
მოამზადა სალომე ქიტიაშვილმა, სპეციალურად "მშობელისთვის"