„თუ თითოეულს საკუთარი ექნება, ეს არც ერთს აწყობს“ - სერგეი ნახაევი
მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ყველაზე ღირშესანიშნავი მომენტია თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, იურისტისათვის ის, მისი პოზიტიური გაგებით მაინც „გარიგებას“ წარმოადგენს.
გარიგება ნიშნავს, რომ მხარეები (მეუღლეები) მრავალ ვალდებულებას იღებენ ერთმანეთის წინაშე და ამ ვალდებულებათა შესრულებას კისრულობენ. ვალდებულებაში ურთიერთრჩენა, ერთმანეთზე ზრუნვა და ა.შ. მოიაზრება.საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება ითქვას ნოვაციაა ქართული სინამდვილისათვის, რადგან ის საქართველოში 1997 წლამდე კანონიერი სახით არ არსებობდა. თავდაპირველად, ქართული სამოქალაქო კოდექსის „მამები“ ფიქრობდნენ, საერთოდ იყო თუ არა საჭირო აღნიშნული გათვალისწინება სამოქალაქო კოდექსში, თუმცა, დღევანდელ დღეს ის მაინც ვერ დამკვიდრდა საქართველოში, როგორც ხელშეკრულების მისაღები ფორმა ოჯახის შექმნასთან ერთად.
სანამ უშუალოდ საქორწინო ხელშეკრულებაზე გადავალთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქორწინო ხელშეკრულებით ვერ შეიცვლება:
- მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა ქორწინების პერიოდში;
- მშობლების უფლებამოვალეობანი შვილების მიმართ (მაგალითად: შესაძლებელია ორივე მეუღლე შეთანხმდეს, რომ მათი კუთვნილი შემოსავლის გარკვეული (მაგ.: ფიქსირებული ნაწილი მოხმარდება მათი შვილ(ებ)ის აღზრდას და სამომავლო განათლების საფასურის გადახდის უზრუნველყოფას მოემსახურება, შვილის რჩენის ვალდებულებაზე უარს ვერ გააფორმებენ);
- საალიმენტო მოვალეობანი შვილების მიმართ (არც ერთს არ შეუძლია საქორწინო ხელშეკრულებით უარი თქვას აღნიშნულ მოვალეობაზე);
- დავის შემთხვევაში კი სასამართლოში მიმართვის უფლება (აღნიშნული უფლება წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებას და შესაბამისად მისი შეზღუდვა დაუშვებელია);
- საქორწინო ხელშეკრულებაში არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ისეთი პირობები, რომელიც ერთ მხარეს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს (უპირატესი მდგომარეობა გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ მეუღლე საქორწინო ხელშეკრულების არ არსებობის შემთხვევაში რაიმე უფლებას შეიძენდა, ხოლო საქორწინო ხელშეკრულებით ის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. აღნიშნული უფრო ზნეობრივი ხასიათისაა და ის კავშირშია მატერიალურთან);
რა შეიძლება განისაზღვროს საქორწინო ხელშეკრულებით?
- მართალია თანაცხოვრების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენელი ქონება საერთო საკუთრებას წარომადგენს, მაგრამ აღნიშნული შეიძლება შეიცვალოს საქორწინო ხელშეკრულებით. მაგ: შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი მეუღლის საკუთრების უფლება ნებისმიერ შეძენილ ნივთზე გამოირიცხოს, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იყოს ყოვლისმომცველი, რადგან შესაძლებელია ასეთი მიდგომით აღნიშნული მუხლი შესაძლებელია ბათლად იქნას ცნობილი სასამართლოს მიერ;
- თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება მეუღლეთა თანასაკუთრებად ჩაითვალოს, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. თუ ქორწინების განმავლობაში ერთ-ერთი მეუღლის ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება, რომელიც ადრე ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებაში იყო, კანონი დასაშვებად მიიჩნნევს მეუღლის თანასაკუთრების უფლების წარმოშობას. აღნიშნულის გამორიცხვა კი საქორწინო ხელშეკრულებითაა შესაძლებელი. მაგ: იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების (ბინის ფასი) გაიზარდა 5 ჯერ, აღნიშნულზე თანასაკუთრების გამორიცხვა საქორწინო ხელშეკრულებითაა შესაძლებელი, თუმცა აქაც იგივე პრინციპია, რომელიც შეიძლება ითქვას, საქორწინო ხელშეკრულებას წითელ ხაზად გასდევს. შეზღუდვა არ უნდა იყოს ყოვლისმომცველი;
- თუ მეუღლეთა ქონების გაყოფა ქორწინების განმავლობაში ხდება, მაშინ ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა (ანუ ის რაც ვერ გაიყო), და აგრეთვე ქონება, რომელსაც ისინი შეიძენენ მომავალში, მეუღლეთა თანასაკუთრებად ჩაითვლება თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ანუ აღნიშნული წესიდანაც საქორწინო ხელშეკრულებით შესაძლებელია მეუღლეები „განსხვავებულად“ შეთანხმდნენ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქორწინო ხელშეკრულება ე.წ. ქონებრივი ხასიათის ხელშეკრულებას წარმოადგენს მეუღლეებს შორის, რომლის დანიშნულებაც არის ის, რომ განქორწინების შემთხვევაში ქორწინება შეწყდეს მინიმალური მატერიალური, ან ფსიქოლოგიური დანაკარგით. მხარეები, ანუ მეუღლეები უფლებამოსილნი არიან, მაშინ განსაზღვრონ თუ რომელი მხარე რას მიიღებს და რამდენს მიიღებს, როცა ქორწინება იწყება. ეს ერთის მხრივ წარმოშობს მყარ გარანტიას, რომ მეუღლეებს შორის ქონებრივი საკითხი უკვე გადაწყვეტილია, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნულის გამოყენება რომელიმე მხარის მიერ სათავისოდაა შესაძლებელი.
საქორწინო ხელშეკრულება არ წარმოადგენს ქორწინების შენარჩუნების საფუძველს, საქორწინო ხელშეკრულება მხარეების უფლებათა გაწონასწორების საშუალებაა და არა ერთ-ერთი მეუღლის მიერ მატერიალური გამორჩენის მიღების საშუალება.
უმრავლეს შემთხვევაში ქართული სინამდვილისათვის აღნიშნული ხელშეკრულება ქორწინების ტრადიციული გაგების საპირისპიროს წარმოადგენს.
როგორ და რა წესით ფორმდება საქორწინო ხელშეკრულება?
- საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება მომავალ მეუღლეებს შორის გაფორმდეს. აუცილებლად წერილობითი ფორმით და სანოტარო დამოწმებით, თუმცა უმთავრესია ის, რომ ის ძალაში ქორწინების შემდეგ შედის;
- საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში ნებისმიერ დროს, აუცილებლად წერილობითი ფორმით და სანოტარო დამოწმებით;
დამატებით რა შეიძლება განისაზღვროს საქორწინო ხელშეკრულებით?
-საქორწინო ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს თანასაკუთრება როგორც უკვე არსებული ქონებაზე ასევე სამომავლო ქონებაზე, კერძოდ შესაძლებელია ერთ-ერთი მეუღლის ქორწინებამდე არსებული ქონება თანასაკუთრება გახდეს, ან/და პირიქით, მომავალში შეძენილ ქონებაზე მეორე მეუღლის თანასაკუთრების უფლება გამოირიცხოს.
- აღნიშნული შესაძლებელობას იძლევა, რომ განქორწინების შემთხვევაში მეუღლეთა ქონება არათანაბრად განაწილდეს. ხელშეკრულებით უპირატესობა უფრო მხარეთა დადგენილ ნებას ენიჭება, ვიდრე კანონით დადგენილ წესებს;
- მეუღლეებს შეუძლიათ მთელი თავიანთი ქონება გააერთიანონ, რომელშიც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც ჩაითვლება (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან ამგვარ გაერთიანებაზე და თითოეულის წილობრივი უფლება დაადგინონ.
- მეუღლეებს უფლება აქვთ გააერთიანონ უკვე არსებული მათი ქონებები და თანასაკუთრებად აქციონ, რომელშიც ასევე შეიძლება მომავალში შესაძენი ქონება ჩაირიცხოს. ამასთანავე კანონი უშვებს შესაძლებლობას, რომ მეუღლეება უარი თქვან ასეთ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილი ქონებაზე ან/და განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.
- მეუღლეებს უფლება აქვთ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები განსაზღვრონ. მაგალითად: იჯარიდან მიღებული შემოსავალი განსაზღვრონ როგორც საერთო საკუთრება, ან/და თუ ერთ-ერთი მათგანი მუშაობს ხოლო მეორე ეწევა საოჯახო მეურნეობას, შემოსავალი თანაბრად განაწილდეს ან/და მეუღლეთა მიღებული შემოსავლის ნაწილი მკურნალობისათვის, დასვენებისათვის და ა.შ. განისაზღვროს.
- მეუღლეებს უფლება აქვთ საოჯახო ხარჯის გაწევის წესი განსაზღვრონ, კერძოდ თუ რომელმა რამდენი ხარჯი უნდა გასწიოს, რა შეიძლება იყოს მინიმალური ოდენობა, როგორი სახით უნდა იქნეს გაწეული ხარჯი და ა.შ.
- ქონება, რომელიც შეძენელია ქორწინების განმავლობაში მხარეთა შორის გადანაწილდეს შეთანხმების შესაბამისად. მაგალითად: აგარაკი და ავტომობილი გადანაწილდეს არა თანაბრად, არამედ ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტის შემდგომ აგარაკი მიეკუთვნება, ხოლო მეორეს ავტომობილი;
- საქორწინო ხელშეკრულებით, შესაძლებელია განსაზღვრული ვადით შეიზღუდოს ესა თუ ის უფლება ან/და პირიქით გაიზარდოს, ხოლო პირობის დადგომის შემდგომ აღარ შეიზღუდოს ან/და შეიზღუდოს, მაგალითად ქორწინების პირველი 5 წლის მანძილზე მიღებული შემოსავალი იყოს ინდივიდუალური საკუთრება მაგ: ხელფასი, ხოლო 5 წლის მერე აღნიშნული უკვე თანასაკუთრებად იქცეს;
როდის წყდება საქორწინო ხელშეკრულება?
- მეუღლეებს უფლება აქვთ როგორც ნებისმიერ დროს დადონ საქორწინო ხელშეკრულება ასევე ნებისმიერ დროს მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ აღნიშნული ხელშეკრულება (აღნიშნული სანოტარო წესით, წერილობითი ფორმით უნდა გაფორმდეს);
- საქორწინო ხელშეკრულება განქორწინებისას წყდება, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ თუ ურთიერთ-რჩენის მოვალეობაა საქორწინო ხელშეკრულებაში განსაზღვრული, განქორწინების შემდგომ აღნიშნული ვალდებულება არსებობას არ აგრძელებს. ვალდებულებები, რომელიც საქორწინო ხელშეკრულებაშია გაწერილი, განქორწინების შემდგომ იმ პირობის დადგომადეაგრძელებენ არსებობას, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს.
- იმ შემთხვევაში, თუ ქორწინება ბათილად იქნება ცნობილი, ქორწინების ხელშეკრულებაც ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი ;
- საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა ნიშნავს, რომ თუ მას ახლავს განქორწინება, ის უკვე განქორწინების შემდგომ მეუღლეეების მიერ შეძენილ ქონებაზე აღარ მოქმედებს, შესაძლებელია საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების პერიოდში შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში მანამდე არსებული ქონება და ვალდებულება საქორწინო ხელშკეურლებას ექვემდებარება, ხოლო მომავალი ქონების სამართლებრივი ბედი კი კანონისმიერ დანაწესებს;
შესაძლებელია თუ არა საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა?
- საქორწინო ხელშეკრულება შესაძლებელია მხარეებმა ნებისმიერ დროს შეცვალონ, ეს ნიშნავს იმას, რომ პირობები რომელიც გაითვალისწინეს მეუღლეებმა ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს მათ მიერ. მაგალითად ბინა (საკუთრება) აქციონ თანასაკუთრებად, ან/და პირიქით, შემოსავალი მომავალში აქციონ თანასაკუთრებად და ან/და პირიქით ა.შ.
-საქორწინო ხელშეკრულების პირობები შესაძლებელია შეიცვალოს მხარის მიერ, თუ ის მიმართავს სასამართლოს და პირობების შეცვლას მოითხოვს. პირობების შეცვლის მოთხოვნის დროს აუცილებელია დაცული იყო შემდეგი პრინციპი: რაიმე უკვე არსებული პირობა, ერთ-ერთ მეუღლეს მძიმე მდგომარეობაში უნდა აყენებდეს. მაგალითად: მისი მთლიანი შემოსავალი მეორე მეუღლეს უნდა ეკუთვნოდეს, ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს თანასაკუთრების უფლება არც ერთ ქონებაზე (ასეთი პირდაპირი დანაწესი მართალია არ მოიძებნება, თუმცა აღნიშნული პირობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამორალურ პირობად) და ა.შ.
-უმნიშვნელოვანესია, რომ საქორწინო ხელშეკრულება, როგორც გარიგება, ექვემდებარება გარიგებათა გაფორმების დადგენილ წესს. შესაბამისად მისი როგორც გაფორმების წესი, ასევე მისი ბათილობის წესი ექვემდებარება ზოგად ნორმებს, ბათილია ისეთი საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია: მოტყუებით, ძალადობით, ფორმის დაუცველად (არ არის წერილობითი ფორმით); ბათილია ის საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (როცა მეუღლეს სურს თავი დააღწიოს კრედიტორს/მოვალეს რომ ამ უკანასკნელმა არ მოითხოვოს/მის თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან დაიკამყოფილოს თავისი მოთხოვნა); ბათილია ის საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით (აღნიშნული სახეზეა როცა არსებობს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოება, სიყვარული ამ დროს არ ითვლება ბოროტ გამოყენებად);
შესაძლებელია თუ არა ამორალურობის, ზნეობის ან/და საჯარო წესრიგის წინააღმდეგ ბათილობის ნორმები იქნას გამოყენებული? სამწუხაროდ პრაქტიკა ამაზე მწირია, თუმცა ვთვლი, რომ ამორალურობის გამო საქორწინო ხელშეკრულების ბათილობა შესაძლებელია, ბათილობა კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგება არსებობს მაგრამ ის არასოდეს არ არსებობდა, ანუ მხარეთა შორის უფლებებსა და მოვალეობებებს არ წარმოშობს;
შესაძლებელია საქორწინო ხელშეკრულება იყოს გამოსავალი, თუ ერთ-ერთ მეუღლეს ყავს კრედიტორი (მევალე) და სურს დაიცვას „საერთო“ საკუთრება, კერძოდ ერთ-ერთი მეუღლე უარს ამბობს თანასაკუთრებაზე და შესაბამისად კრედიტორი ვერ მოითხოვს თანასაკუთრებაზე აღსრულებას. საქორწინო ხელშეკრულება ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოსავალი იყოს ერთ-ერთი მეუღლისათვის, თუ მას აქვს დავები სასამართლოში და სურს დაიცვას საკუთრება დაიცვას. შესაძლებელია საქორწინო ხელშეკრულება ასევე სახელმწიფოსგან თავდასაცავად იქნას გამოყენებული და ა.შ.
რაც შეეხება საინტერესო საკითხს, საქორწინო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ დათქმებს სხვა და სხვა ამორალური საქციელის მიმართ, მაგალითად: ცოლ-ქმრული ღალატი, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ხულიგნური ქმედებები დ ა.შ. (აღნიშნული შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს) და მის თანმდევ შედეგებს, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული, რა თქმა უნდა შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქორწინო ხელშეკრულებაში. კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მეუღლე უღალატებს მეორე მეუღლეს, დაზარალებული მეუღლის წილობრივი მონაცემი თანასაკუთრებაში არსებულ ნივთებზე, მაგალითად ½ გაიზრდება ¾ -მდე ან/და სულაც შესაძლებელია მოღალატეს მხარეს რომელმაც დაარღვია არსებული ვალდებულება „ღალატის განუხორციებლობის შესახებ“ ჩამოერთვას სხვა და სხვა ქონებაზე თანასაკუთრების უფლება, თუმცა ეს პირდაპირ უნდა იყოს აღწერილი საქორწინო ხელშეკრულებაში, ამასთანავე გასათვალისწინებელია ის, რომ ღალატის ცნება პირდაპირ და სხვა კონტექსტების გარეშე უნდა იყოს განმარტებული საქორწინო ხელშეკრულებაში (,,შიშველი” დათქმა ცოლქმრული ღალატის შესახებ, არ არის საკმარისი, აუცილებელია განმარტებული იყოს, თუ რას მიიჩნევენ მხარეები ცოლ-ქმრულ ღალატად).
ასეთივე წინაპირობა შეიძლება იყოს ნარკომანიაზე, ალკოჰოლიზმზე და ა.შ. მართალია კონტექსტიდან შესაძლებელია აცდენილი იყოს, მაგრამ ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, რომელიც შესაბამისი სასამართლოს კანონიერ ძალში შესული განაჩენით იქნება დადასტურებული, შესაძლებელია თანასაკუთრება გადაიქცეს დაზარალებული მეუღლის საკთურებად.
რაც შეეხება საკითხს, რომ განქორწინების შემთხვევაში სად უნდა ცხოვრობდნენ შვილები, აღნიშნული ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს და მესამე პირის ინტერესების განსაზღვრის დროს სწორედ მესამე პირის ინტერესი (ბავშვის) უნდა იქნას გათვალისწინებული სასამართლოს მიერ. თუ მშობლები აღნიშნულის შესახებ ვერ თანხმდებიან, შესაბამისად აღნიშნული დათქმა სავარაუდოდ ბათილი იქნება და მომთხოვნ მხარეს შეუძლია ის შეცვალოს ან/და გააბათილოს სასამართლოში მიმართვის გზით.
სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში, იმისათვის რომ მეუღლემ ესა თუ ის ქონება თანასაკუთრებად არ აქციოს, მესამე პირის მეშვეობით ჩუქების ხელშეკრულებას აფორმებს, ხოლო მეორე მეუღლეს არ წარმოეშვება თანასაკუთრების უფლება ქონებაზე, ან/და მემკვიდრეობის დროს მიღებულ ქონებაზე მეორე მეუღლის ქონებრივი უფლება არ ვრცელდება. მიღებული ქონება ორივე შემთხვევაში ინდივიდუალურ საკუთრებად ითვლება, თუმცაღა საქორწინო ხელშეკრულებით შეიძლება ინდივიდუალური საკუთრება თანასაკუთრებად იქცეს.
საქორწინო ხელშეკრულება როგორც გამოსავალი, წარმოადგენს საშუალებას, რომ მეუღლეებმა ყოველგვარი დავის გარეშე განსაზღვრონ მხოლოდ და მხოლოდ ქონებრივი უფლებები ერთმანეთის მიმართ განქორწინების შემთხვევაში (ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინების დროსაც), ამასთანავე ის შეიძლება იქცეს მეუღლეთა თავდაცვის საშუალებად მესამე პირების მიმართ, ხოლო საქორწინო ხელშეკრულება არ და ვერ იქნება მახე მეუღლეთა შორის, თუ მხარეები (მეუღლეები) ერთმანეთის მიმართ აღებულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებენ.(უპირველესად სიყვარული, პატივისცემისა და საერთო საოჯახო მეურნეობის ერთად გაძღოლას)
პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ
დაუკავშირდეთ - Facebook-ზე, ან შემდეგ მისამართებზე:
ტელ: +995 591 97 67 64; Viber/Whatsapp: +995 591 97 67 64;
skype: pa31101986kgg ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;