ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდის ადამიანისა“ - ილია ჭავჭავაძე
მშობლების განქორწინების შემდეგ, ყველაზე მწვავე და ამასთანავე პრობლემურ საკითხს, შვილების მიმართ, მშობლების უფლებები და ვალდებულებები წარმოადგენს.
მშობლის/მშობლების უფლებები და ვალდებულებები შვილების მიმართ წარმოიშვება მას შემდეგ, რაც მშობლის/მშობლების უფლებები და მოვალეობები დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით. კანონით დადგენილი წესი ნიშნავს, დაქორწინებული მეუღლეების შემთხვევაში, ბავშვის წარმოშობა დასტურდება, ორივე ან/და ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, ქორწინების მოწმობის და ბავშვის დაბადების მოწმობის წარდგენით, ხოლო დაუქორწინებელი მშობლების შემთხევაში ორივე მშობლის განცხადებით და ბავშვის დაბადების მოწმობით.
დაუქორწინებელი მშობლების შემთხვევაში, მამობის დადგენა შესაძლებელია სასამართლო წესით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გააჩნია, როგორც ერთ-ერთ მეუღლეს ასევე, იმ პირს ვის კმაყოფაზეც იმყოფება ბავშვი ან/და მეურვეს/მზრუნველს ან/და თვით ბავშვს, როგორც სრულწლოვანების მიღწევამდე ასევე სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ.
ბავშვის მიმართ მშობლების უფლებების და ვალდებულებების სწორედ გაგებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მთავარი პრინციპი, მნიშვნელოვანია მშობლის უფლებები, მაგრამ მასზე უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინების უფლება, აღნიშნული უფლება შეიძლება ითქვას წარმოადგენს მთავარ ღერძს მშობლების უფლებებისა და მოვალეობებების მიმართ, იმ დროს როცა მშობლის უფლებები (აღიარებულ იქნეს მშობელი მამად, უარი ეთქვას მასთან ურთიერთობაზე და ა.შ) შეიძლება "ჩაყლაპოს" ბავშვის უპირატესმა უფლებებამ, მშობლის "ვალდებულებები" ბავშვის მიმართ განაგრძობს არსებობას.
აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თუმცა, იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1198.1).
მშობლებს ვალდებულება გააჩნიათ არჩინონ საკუთარი შვილები, მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ შვილის საცხოვრებელი ადგილი, ერთად მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. ნებისმიერ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ მეუღლეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავის დროს ბავშვის ინტერესების დაცვის ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს, კერძოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ერთვება საქმეში. ბავშვის უპირატესი ინტერესები იმდენად მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში, რომ სასამართლო გამონაკლისად სცდება დისპოზიციურობის პრინციპს (როცა მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს და სასამართლო არ მოითხოვს დამატებით მტკიცებულებებს და განიხილავს "იმას რაც წარუდგინეს") და გადადის ინკვიზიციურობის პრინციპზე (როცა სასამართლო მხარეთა მითითების გარეშე თავისი ინიციატივით არკვევს დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელ გარემოებებს თვითონ ქმნის იმას "რაც არ წარუდგინეს").
სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მოითხოვოს ფსიქოლოგის დასკვნა, დასვას ზუსტი შეკითხვები ფსიქოლოგთან, დაადგინოს რა გავლენას იქონიებს ერთ-ერთი მშობლის ხანგრძლივი ურთიერთობა შვილთან, ან მასთან ურთიერთობის არ ქონა, ბავშვისათვის მისაღებია თუ არა მშობელთან ხანგრძლივი იურთიერთობა, როგორ აღიქვამს ბავშვი მშობელთან ურთიერთობას და ა.შ. აღნიშნულით სასამართლო მოქმედებს მხოლოდ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ეს უფლება სასამართლოს სწორედ იმიტომაც ენიჭება, რომ სახელმწიფო მართალია მხარს უჭერს მშობლის უფლებას, მაგრამ მისი შეზღუდვისათვის იტოვებს ბერკეტს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მშობლის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით, ერთ მშობელს არ აქვს უფლება აუკრძალოს მეორე მშობელს შვილთან ურთიერთობა გარდა სასამართლოში სარჩელის წარდგენის და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გარეშე.
საქართველოს კონსტიტუციით, მის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების 1989 წლის კონვენციით და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. რადგანაც ოჯახი წარმოადგენს სწორედ საზოგადოების და სახელმწიფოს მთავარ ქვაკუთხედს. ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო პირდაპირ უთითებს, რომ "ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ბავშვსა და მშობელს შორის კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ" ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ბავშვს უფლება აქვს რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ასევე სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკაა, რომ "ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა მორალურ და არა მატერიალურ მხარეს უნდა მიენიჭოს" ამასთანავე სასამართლო მშობლის უფლების შეზღუდვის დროს ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
(ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება - თუ შესაძლებელია, რომ მშობელს შეეზღუდოს ბავშვის ნახვის ან/და აღზრდის უფლება, არ უნდა ჩამოერთვას მშობელს მშობლის უფლება.
(ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა - პროპორციულობა შეფასებითი კატეგორიაა, თუმცა ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში გამოყენებული ზომა ზუსტად უნდა იძლეოდეს მომავალში ძალადობის გამორიცხვის საფუძველს.
(გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული - კერძოდ ვინც ითხოვს, ასაბუთებს თუ არა აღნიშნულს შესაბამისი დასკვნით, მტკიცებულებით და ა.შ. და სასამართლოს აქვს თუ არა შესაბამისი მტკიცებულება.
მშობლის მთავარი მოვალეობაა მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში, ჩამოაყალიბოს ბავშვი საზოგადოების ღირსეულ წევრად. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა, მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის წესით, ამისდა მიუხედავად მშობელს ჩამოერთმევა თუ არა მშობლის უფლება, შვილი მაინც ინარჩუნებს ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის მემკვიდრეობის უფლებასაც მშობლის მიმართ. შესაძლოა მშობელი აღდგეს თავის უფლებებში შვილის მიმართ, თუ აღმოჩნდება, რომ ის საფუძველი რის გამოც მას ჩამოერთვა მშობლის უფლება აღარ არსებობს, მაგრამ ამას წყვიტავს სასამართლო და ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ შვილს 10 წელი შეუსრულდა ის უკვე უფლებამოსილია მისი სურვილიც გაითვალისწინოს სასამართლომ.
რაც შეეხება მშობლის უფლება მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში, ეს უფლება შეიძლება ითქვას ქვაკუთხედია მშობლის/მშობლების უფლების, ეს უფლება მოიცავს არამარტო ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად განსაზღვრავს არამედ მოიცავს იმ უფლებასაც მშობელმა/მშობლებმა გადაწყვიტონ თუ რომელ მესამე პირთან ჰქონდეს თუ არ ჰქონდეს ურთიერთობა შვილს, რომელი წესით უნდა აღიზარდოს შვილი, მაგალითად: ეს ისეთი ვითომ მარტივი საკითხებია როგორიც,, რომელ სკოლაში ისწავლოს შვილმა, რომელი ენა ისწავლოს, რომელი აღმსარებლობის იყოს გარკვეულ ასაკამდე, რა წაიკითხოს და რა არ წაიკითხოს და ა.შ.
შვილის რჩენის ვალდებულება მშობელს განუსაზღვრას კანონი, რომელიც იყოფა ორ ნაწილად, პირველი მათგანია ალიმენტი, რომელიც წყდება მშობლების შეთანხმებით თუ არადა აღნიშნულს წყვიტავს სასამართლო და მეორეა დამატებითი ხარჯები, დამატებითი ხარჯებში მონაწილეობის ვალდებულება აქვს მშობელს თუ ბავშვმა მიიღო დასახიჩრება, ავადმყოფობა, მოკლედ კი ის ხარჯები რომელიც გაუთვალისწინებელ გარემოებასთან არის დაკავშირებული. თუ მეორე დაკავშირებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან, პირველი მიმართულია იმისკენ, რომ მშობელს მეორე მშობლისგან შეუძლია მოითხოვოს ყოველთვიური კონკრეტული გადასახდელი თანხით, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. სასამართლო აღნიშნულს განსაზღვრავს როგორც ბავშვის ნორმალური აღზრდა რჩენის პრინციპით ასევე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს კი ნიშნავს, რომ თუ ერთ-ერთი მშობელი რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი და მას აქვს შემოსავალი 1000 ლარი, სასამართლო ვერ დააკისრებს შვილისათვის 1500 ლარის ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადახდას.
მშობლის უფლება მოიცავს ასევე იმ უფლებასაც, რომ შვილები წარმოადგინონ მესამე პირებთან ურთიერთობაში ასევე ისინი იყვნენ მისი წარმომადგენლები სასამართლოში, მართალია ისინი წარმოადგენენ ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებს, მაგრამ ისინი შვილის საკუთრებას უნდა მართავდნენ მხოლოდ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. შვილის ( მცირეწლოვნად ითვლება 7 წლამდე, ხოლო არასრუწლოვნად ითვლება 7-18 წლამდე) საკუთრების მართვა უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ზოგიერთ შემთხვევაში მშობლები შვილის ქონებას ან/და მისი წარმომადგენლები, იყენებენ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკისათვის, მართალია აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო არ არის, მაგრამ იქ სადაც ბავშვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმეს სანაცვლოდ რაიმეს შესრულების ვალდებულება აწევს, ივარაუდება რომ აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო ბავშვისათვის სარგებლის მიღების მიზნით საწინააღმდეგო შემთხვევაში კი აღნიშნული შესაძლებელია ცნობილ იქნეს ბათილად, რადგან კანონიერ წარმომადგენლებს/ მშობელს განსხვავებით მეურვეობისა და მზრუნველისგან, ბოჭავს არა საკანონმდებლო დანაწესი და ნორმები, არამედ ზღუდავს, აბსტრაქტული ფარგლები არასრულწლოვანის ან/და მცირეწლოვნის ინტერესი.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ზოგიერთ შემთხვევაში იყო მცდელობები, რომ ასეთი იპოთეკის ხელშეკრულებები ცნობილი ყოფილიყო ბათილად თუმცა უშედეგოდ, რადგან დღევანდელ დღეს საკანონმდებლო ბაზა ასეთი ხელშეკრულებების კონტროლი, სამწუხაროდ მხოლოდ თეორიისა და ზოგად მიღებული პრინციპების დონეზე რჩება.
ზოგიერთ შემთხვევაში თვითონ შვილს/ შვილებს აქვთ უფლება დაიცვან თავიანთი უფლებები მშობლის/მშობლების ან/და სხვა კანონიერი წარმომადგენლების მიმართ, თუ ისინი ბოროტად იყენებენ თავიანთ უფლებებს, ულფების ბოროტად გამოყენება მაშინაა სახეზე თუ არასრულწლოვანი ინტერესები ირღვევა, განათლების მიღებასთან, მის აღზრდასთან, რჩენასთან და ა.შ. მიმართოს მზრუნველობის ორგანოს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხოლო 14 წლის ასაკიდან მიმართოს სასამართლოს.
მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ უთითებს, მაგრამ შესაძლებელია მშობელი დაავალდებულოს მეორე მშობელმა მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში, მის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში, აღნიშნული კი ხორციელდება სასამართლოში მიმართვის გზით.
იმ შემთხვევაში თუ მშობლები ვერ თანხმდებიან შვილისათვის საცხოვრებელი ადგილის, ნახვის, ალიმენტის და ასეთი საკითხების თაობაზე, ასევე მათი უფლებების თაობაზე შვილების მიმართ, აუცილებელია აღნიშნული დაადგინოს სასამართლომ, ერთ-ერთი მშობლის სარჩელის გზით, აღნიშნული კი აუცილებლად უნდა ემყარებოდეს მთავარ პრინციპს "ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი" გათვალისწინების პრინციპს, იმ შემთხვევაში თუ ეს პრინციპი ირღვევა რომელიმე მშობლის მიმართ მიმართეთ სასამართლოს.
პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - Facebook-ზე, ან შემდეგ მისამართებზე: ტელ: +995 591 97 67 64;
Viber/Whatsapp: +995 591 97 67 64;
skype: pa31101986kgg
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;