ბავშვის კბილებს ამოჭრისთანავე სათანადო მოვლა სჭირდება. მიუხედავდ კარგი მოვლისა, თავს მაინც იჩენს სხვადასხვა პრობლემები.
"მშობელი" ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგ ანა ჭიჭინაძეს ესაუბრა.
როდის უნდა დავიწყოთ ბავშვის კბილების მოვლა?
ბავშვთა ასაკში კბილებზე ზრუნვა პირველივე კბილის ამოჭრიდან იწყება. თანამედროვე სტანდარტები გულისხმობს სარძევე კბილებზე ზრუნვასაც კი, არამცთუ მუდმივზე. პირველივე კბილის ამოჭრისთანავე ვიწყებთ მის ჰიგიენაზე ზრუნვას, წმენდა გასუფთავებას გამდინარე წყლით და სტერილური ბამბის ლილვაკით, ხოლო 2 წლიდან უკვე პატარა იწყებს ჯაგრისთან და კბილის სახეხ საშუალებებთან მეგობრობას, შესაბამისი კბილის პასტის და ჯაგრისის შერჩევით, რომელიც მის ასაკზე იქნება გათვლილი.
როდისაა აუცილებელი სტომატოლოგთან ვიზიტი?
პროფილაქტიკისთვის ექიმ-სტომატოლოგთან ვიზიტი სასურველია მანამდე მოხდეს, სანამ პირველი საგანგაშო სიგნალი - ტკივილი იჩენს თავს. ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივად ხდება იმ შიშის და დაძაბულობის მოხსნა, რომელიც ხშირად თან ახლავს ექიმთან ვიზიტს.
გარდა ამისა დროულად ხდება კარიესის საწყის ეტაპზე დიაგნოსტიკა და დროული მანიპულაცია, რომლის შედეგიც ბევრად კეთილსაიმედოა ვიდრე შორს წასულ შემთხვევებში. მშობელი აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოს და პირველივე საეჭვო მუქი ან ცარცისებური ლაქის შემთხვევაში ექიმ-სტომატოლოგთან დაგეგმოს ვიზიტი.
როგორ მოვუხსნათ პატარას დაძაბულობა ან ექიმის შიში?
ექიმთან ვიზიტი, ხშირად ბავშვებში და არა მარტო, გარკვეულ შიშთან და დისკომფორტთან ასოცირდება. არ არის აუცილებელი პირველივე ვიზიტი კბილის მკურნალობით დასრულდეს, ვინაიდან პატარები ხვდებიან მათთვის უცხო გარემოში და ნებისმიერი სიახლე მათთვის ჯერ რთულად აღსაქმელი და გასათავისებელია. ხშირ შემთხვევაში პირველი ვიზიტი ერთმანეთთან კომუნიკაციით, გაცნობით, მანიპულაციების შინაარსის და მოსალოდნელი შეგრძნებების ახსნით შემოიფარგლება, რომელიც მეორე ვიზიტის დროს ელოდება. ასევე იარაღების შეხებით, ვინაიდან მათ ასაკში შეხება მეტ აღქმასთან ასოცირდება და შეთანხმებით, რომ შემდეგი ვიზიტი მკურნალობას დაეთმობა.
მთავარი მათთან კომუნიკაციის სწორად დამყარება, ნდობის მოპოვება და სიფრთხილეა, რადგან ამ ასაკში შეძენილი შიში ხშირ შემთხვევაში მოზრდილ ასაკში ჩამოყალიბებულ ფობიაში გადაიზრდება-ხოლმე სტომატოლოგის მიმართ. ბავშვებთან მუშაობა ემოციურად დატვირთულია, თუმცა მათი ბედნიერი ღიმილი ვიზიტის ბოლოს იმდენად სასიამოვნოა, რომ მზად ხარ ყველაფერი გაიღო ამ შედეგისთვის.
ბედნიერი ხარ, როცა გესმის რომ როდესაც გაიზრდება უნდა სტომატოლოგი გამოვიდეს, ან დამთავრებული მკურნალობების შემდეგ მზად არის შემოირბინოს შენთან, იმისთვის რომ უბრალოდ გნახოს და მოგიკითხოს.
ისინი ყველაზე მეტად გრძნობენ შენს განწყობას, ამიტომ ტყუილი უნდა გამოირიცხოს მათთან ურთიერთობაში.
შენს გულწრფელ დამოკიდებულებას აუცილებლად, აუცილებლად გიფასებენ და მკურნალობა მშვიდ, წყნარ გარემოში წარიმართება, რაც შედეგზეც დადებითად აისახება.
მოამზადა მარიამ სოხაძემ