2018-10-03

რას უკავშირდება ბავშვებში ფრჩხილების კვნეტა, რა არის მიზეზი, ჩავთვალოთ უბრალო მავნე ჩვევად თუ პრობლემა ვეძებოთ?

გაეცანით ამერიკელი პედიატრის, ბენჯამინ სპოკის რეკომენდაციებს.

ფრჩხილების კვნეტა - ნერვიულობის ნიშანია. ჩვეულებრივ, ფრჩხილებს იკვნეტენ ის ბავშვები, რომლებსაც ყველაფერი აღიზიანებთ. მაგ: როდესაც გაკვეთილზე გამოძახებას ელიან, ან რაიმე საშიშ ფილმს უყურებენ. თუ ბავშვი ზოგადად მხიარული და ხალისიანია, შესაძლოა, ფრჩხილების კვნეტა ნერვული დაძაბულობის ნიშანი არც იყოს, მაგრამ ყურადღებით ყოფნა მაინც საჭიროა.

თვითონ ბავშვი ზოგჯერ ვერც ამჩნევს, რომ ფრჩხილებს იკვნეტს, ამიტომ სასჯელი და შენიშვნები მხოლოდ ერთი წუთით თუ შეაჩერებს მის მოქმედებას. დასჯა უფრო ამძაფრებს ნერვულ დაძაბულობას და შეიძლება უარესი შედეგი მიიღოთ. არც მწარე ნივთიერების წასმაა გამოსავალი.

პრობლემის გამოსარკვევად აუცილებელია გაარკვიოთ, რა აწუხებს ბავშვს, რამ გამოიწვია დაძაბულობა.

იქნებ ხშირად უჯავრდებით? იქნებ ხშირად აიძულებთ რამე ისეთის გაკეთებას რაც არ უნდა, ან ყველაფერს უსწორებთ?

იქნებ მისგან ძალიან ბევრს მოითხოვთ? მაგალითად მხოლოდ ათებზე სწავლას.

დაელაპარაკეთ ბავშვის პედაგოგებს.

ძალიან ცუდად მოქმედებს ტელევიზორი და ასაკისთვის შეუსაბამო გადაცემები, ინტერნეტთან მიჯაჭვულობა.

გოგონებს 3 წელს ზემოთ შეიძლება შესთავაზოთ მანიკურის წასმა, რათა ფრჩხილების კვნეტას გადააჩვიოთ.

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

რჩევები