შარდის გამოყოფის აშლილობა მოზრდილ ბავშვებში - რა იწვევს მას და არის თუ არა გამომწვევი მიზეზი ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემა?
გაეცანით ცნობილი ამერიკელი პედიატრის, ბენჯამინ სპოკის რჩევებსა და რეკომენდაციებს.
შარდის შეუკავებლობა ღამით შეიძლება სხვადასხვა მიზეზებმა გამოიწვიოს. ზოგჯერ მიზეზი დაავადებაა. ამ დროს ბავშვს შარდის შეუკავებლობა დღისითაც აქვს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი სულიერ მდგომარეობაში უნდა ვეძებოთ.
ზოგი სიტუაცია ბავშვს სტრესავს, ხანდახან ბავშვი გაუცნობიერებლად ცდილობს ჩვილობის ასაკს დაუბრუნდეს.
მაგალითად, 3 წლის ბავშვი 6 თვის განმავლობაში მშრალი იღვიძებდა დილით, თუმცა ზაფხულში, აგარაკზე წასვლისთანავე ისევ ჩასველება დაიწყო. გულის სიღრმეში ბავშვს აშკარად ენატრება სახლი, თუმცა გარეგნულად არაფერი ეტყობა.
ბავშვები ხშირად ასველებენ ლოგინს რაიმე ამაღელვებელი შემთხვევის შედეგადაც, მაგალითად, როგორიცაა დაბადების დღის აღნიშვნა, ცირკში წასვლა და ა.შ.
ადრეულ ასაკში შარდის შეუკავებლობის ხშირი მიზეზი ოჯახში ახალი ბავშვის გაჩენაა.
მშობლებს აუცილებლად უნდა ესმოდეთ, რომ ასეთ სიტუაციებში ბავშვები ლოგინს განგებ არ ასველებენ, რაც ლოგიკურია, რადგან ამ დროს ღრმად სძინავთ. შარდვა ხშირად იმ დროს ხდება, როცა ბავშვს ესიზმრება რომ საფრთხეშია და თავის დახსნა არ შეუძლია.
თუ მას სახლი ენატრება, ან დედმამიშვილის დაბადებას განიცდის, ესიზმრება, რომ დაიკარგა და ეძებს დედას, რომელიც ისევ მთელ დროს დაუთმობს და იზრუნებს მასზე.
როცა ბავშვს თავისი სახლი ენატრება, მშობლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში მეტი დრო უნდა დაუთმონ, მარტო არ დატოვონ და ახალი ადგილი შეაყვარონ.
თუ ოჯახში ახალშობილი გაჩნდა, მშობლებმა უნდა დაარწმუნონ უფროსი შვილი, რომ ისევ ისე უყვართ როგორც ადრე. არ შეარცხვინოთ ბავშვი ჩასველების გამო. ის თქვენს გარეშეც წუხს. თქვენ მეტ სარგებელს მოუტანთ თქვენს შვილს, თუ დაარწმუნებთ რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.
რაც შეეხება ბავშვს, რომელიც 3-4, 5 წლამდე ისველებს, ხშირად მიზეზი ღამის ქოთანია. ალბათ, ბავშვი დიდხანს უწევდა დედას წინააღმდეგობას, ის კი გამუდმებით აიძულებდა ბავშვს დღისით ქოთანზე ჯდომას. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით ქოთანს შეეშვებით.
არ ააყენოთ ბავშვი ღამით ქოთანზე დასაჯდომად, რადგან იფიქრებს, რომ ისევ პატარა ჰგონიათ და მისი იმედი არ აქვთ.
ბავშვს ყველაზე მეტად მშობლების რწმენა და გამხნევება სჭირდება, დაარწმუნეთ, რომ ცოტა ხანში მოიზრდება და აღარ ჩაისველებს.
არ არის საჭირო, ბავშვს სითხე შეუზღდოთ, ან შუაღამეს ააყენოთ მოსაშარდად.
მოზრდილ ბავშვს სტიმულს აძლევს კალენდარზე „მშრალი დღეების“ აღნიშვნა. თუ დედა ბავშვს ზედმეტად მკაცრად ზრდის, მიდგომა უნდა შეცვალოს.
ზოგჯერ ბავშვი ისეა გართული თამაშში, რომ ვერ ამჩნევს შარდი როგორ ეპარება. ძალიან არ აღელვდეთ, ეს ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ ბავშვი ყველაფერს სახვალიოდ დებს, ეს იმის მაუწყებელია, რომ მას ძალიან მკაცრად ექცევიან.
ამ დროს ბავშვს გამოუმუშავდება წინააღმდეგობის გაწევის მყარი ჩვევა. იმდენად მყარი, რომ უარზეა არამარტო მაშინ, როცა მშობლები რაიმეს აიძულებენ(მაგალითად ქოთანზე ჯდომას), არამედ მაშინაც როცა საკუთარი ორგანიზმი ანიშნებს, რომ ტუალეტში უნდა.
ზოგიერთ შემთხვევაში ასეც ხდება: სრულიად ჯანმრთელ, ბედნიერ ბავშვს თავის შეკავება უძნელდება, თუ რაიმემ ააღელვა ან შეეშინდა, ან თუნდაც გაეცინა. ასეთ დროს ბავშვი ვერ ამჩნევს რომ შარვალი უსველდება. ეს არაა დაავადება და არც იშვიათი მოვლენა.
ხშირ შარდვას რამოდენიმე მიზეზი აქვს, რაზეც ეჭვის მიტანა შეიძლება. თუ ეს ბავშვს უეცრად დაემართა, მანამდე კი ყველაფერი რიგზე იყო, შეიძლება საშარდე გზების ინფექციები იყოს მიზეზი და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ადამიანების დიდ ნაწილს უჩნდება ხშრად შარდვის მოთხოვნილება დროებითი დაძაბულობის ფონზე. ამ დროს მიზეზები ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაში უნდა ვეძებოთ. იქნებ რაიმე უსიამოვნება შეემთხვა სკოლაში? გადახედეთ თქვენს ურთიერთბას შვილებთან. ზედმეტი სიმკაცრე ბევრ პრობლემას იწვევს, მათ შორის შარდის გამოყოფის აშლილობასაც. ყველაზე მთავარია სიყვარული, ურთიერთგაგება და ნდობა მშობელსა და შვილს შორის.
„მშობელი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.
მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ