ბავშვის დაბადების პირველივე წუთიდან მშობელსა და შვილს შორის მნიშვნელოვანია ურთიერთობის ნორმალური ფორმების ჩამოყალიბება, თუმცა ხანდახან ადრეული ასაკიდან ეს ფორმები ირღვევა, ბავშვში ვლინდება სოციალური ინტერაქტიულობის დაქვეითება, არქონა, რაც თავის მხრივ პრობლემაზე მიუთითებს, რომელიც აუტიზმით აიხსნება.
რა არის აუტიზმი, როგორ ვლინდება, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება. აღნიშნულთან დაკავშირებით „მშობელს“ ნეიროფსიქოლოგი ლილე ყაზაიშვილი ესაუბრება.
- რა არის აუტიზმი-ნიჭი, თუ დაავადება?
- საუკეთესო ვარიანტია ვუწოდოთ ამას მდგომარეობა, გამოწვევა, რადგან აუტისტური სპექტრის მქონე ყოველი ბავშვი უნარებით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. როდესაც ნიჭზე საუბრობენ, ალბათ აუტიზმის შემთხვევაში მაღალფუნციურ აუტისტურ სპექტრს გულისხმობენ, სადაც არავერბალური ინტელექტი ხშირად მაღალია, ბავშვებს აქვთ საკმარისი კომუნიკაციური უნარები იმისთვის, რათა მათი ხედვა სამყაროს შესახებ სხვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცენ. საპირისპიროდ, დაბალფუნქციური სპექტრის შემთხვევაში, ნიჭზე საუბარი ძალიან რთულია, ბევრი ჩემი ბენეფიციარის მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათმა შვილებმა თუნდაც ერთი სიტყვა თქვან, ამ მშობლებს ნიჭზე რომ დავუწყოთ საუბარი, ალბათ ძალიან გაკვირვებულები დარჩებიან. ძნელია მოკლედ იმის ახსნა რა არის აუტიზმი, ბევრი განსხვავებული სიმპტომით ხასიათდება, თუმცა მთავარი რაც მასზე საუბრისას უნდა ავღნიშნოთ ესაა კომუნიკაციის თავისებურება, ენისა და აბსტრაქტული აზროვნების დაუფლების სირთულე.
- როგორ ამოვიცნოთ ის?
- ამომცნობი სიმპტომები სხვადასხვა ასაკში განსხვავებულია. სამ წლამდე აუტიზმი ვლინდება ადამიანებთან ურთიერთობისადმი ინტერესის ნაკლებობით, ემოციის ინტერესის გაზიარების სირთულით, მაგალითად, ბავში არ უჩვენებს საჩვენებელ თითს მშობელს, როდესაც რამის მიღება სურს. უჭირს იმიტაცია, სახის გამომეტყველების, ჟესტების მობაძვა, სახელის დაძახებაზე ხშირად არ რეაგირებს. სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ კომუნიკაციის ჩივილით ნაკლებად მოდიან ჩვენთან. პირველ რიგში მეტყველების დაგვიანებას ამჩნევენ მშობლები, რადგან მშობელი, რომელიც მთელ დღეებს ბავშვთან ერთად ატარებს, იცის როდის რა უნდა მის შვილს, გუმანით ხვდება ამ ყველაფერს და შეიძლება ჩათვალოს, რომ მას არ აქვს კომუნიკაციის სირთულე. განსაკუთრებით ეს მაშინ ხდება, როდესაც მშობელი გამოუცდელია.
რაც შეეხება მაღალფუნქციურ აუტიზმს, ის შესაძლოა, ზემოთ მოცემული სიმპტომებით არ ხასიათდებოდეს, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს მოცემული სოციალიურ-ემოციური რეციპროკულობის ანუ გაზიარების, ორმხრივობის დეფიციტი, შეზღუდული ინტერესები, განმეორებადი ქცევები და აქტივობები, რასაც სტერეოტიპულ მოქმედებებს ვეძახით. ხშირია სენსორული ინფორმაციის გადამუშავების სირთულეები. როცა შეგრძნებები ისე არ გადამუშავდება, როგორც ნორმაში, ბავშვს აშინებს ან პირიქით ძალიან მოწონს, იწვევს ხმაურს. აქვს სუნების, გემოების, შეხების მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულება. ხშირად ძილის, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ა.შ. თუმცა ეს სიმპტომები ყველასთან არ გვხვდება.
როცა სტერეოტიპულ მოქმედებებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ უჩვეულოდ განმეორებად ქცევებს. მაგალითად, აწყობს მწკრივში კუბიკებს, საგნებს, მანქანებს. აქვს ხელის უჩვეულო განმეორებადი მოძრაობები.შეიძლება გატაცებული იყოს რომელიმე კონკრეტული საგნით და სულ თან ატარებდეს. ხშირია ფანქრებით, ფურცლებით, პატარა მანქანებით და მცირე ზომის სათამაშოებით გატაცება და ა.შ.
- შესაძლებელია თუ არა მკურნალობა?
- მართვა ცალსახად შესაძლებელია, სხვადასხვა თერაპიული მიდგომებით ბავშვები იძენენ ახალ უნარებს, სწავლობენ მეტყველებას, კომუნიკაციის უნარები იხვეწება, ქცევა წესრიგდება და ა.შ. თუ ბავშვს ამის რესურსი აქვს, ხარისხიანი თერაპიის შემდეგ, შეიძლება არასპეციალისტისთვის შეუმჩნეველიც კი იყოს მისი თავისებურება.
- რა არის აუტიზმის გამომწვევი მიზეზები?
- ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აინტერესებს, მშობელს დიაგნოზის გაგების შემდეგ პირველი ეს კითხვა უჩნდება. ძალიან კარგი იქნებოდა ეს ვიცოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტი მიზეზი არ ვიცით. ფაქტია მიზეზი კომპლექსურია და ერთ უნივერსალურ მიზეზს არ ვეძებთ, ზოგიერთი მკვლევარი ამბობს რომ ორსულობისას დედის ასაკს, დედის ჯამრთელობის მდგომარეობას, მაგალითად, გადატანილ ინფექციებს, სტრესს, გენეტიკურ ფაქტორებს მნიშვნელობა აქვს დაავადების ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა ზოგჯერ არც ერთი ფაქტორი არაა სახეზე და დაავადების საკმაოდ მწვავე ფორმა გვაქვს. სამწუხაროდ, ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება თანამედროვე მეცნიერებას. ცალსახაა, რომ მაგალითად, კომპიუტერი არ იწვევს აუტიზმს, თუმცა ამძიმებს მდგომარეობას და ბავშვები, როცა მათ ვუზღუდავთ ტექნიკას უკეთ შემოდიან შემდეგ კომუნიკაციაში. ეს რა თქმა უნდა ყოველთვის ასე არ ხდება, დამოკიდებულია სპექტის ხარისხზე და ასევე იმაზე, თუ რამდენად დიდი იყო დიაგნოზამდე გარემოს დეპრივაციის როლი. დეპრივაციას ისეთ მდგომარეობას ვუწოდებთ, როდესაც ბავშვს განვითარებისთვის ადეკვატური გარემო არ აქვს, მაგალითად, მშობლებს არასოდეს არ სცალიათ ინდივიდუალური თამაშისთვის და ბავშვი სამ წლამდე 7-8 საათი უყურებს კომპიუტერს, განვითარების მასტიმულირებელ გარემოს მოკლებულია და ა.შ
- დედის მიჯაჭულობა ტელეფონთან, კომპიუტერთან, რამდენად ახდენს გავლენას ნაყოფზე დაბადების შემდეგ?
- არაა დაზუსტებული კავშირი ორსულობის დროს ტელეფონის, გაჯეტების გამოყენებასა და რომელიმე ნეიროგანვითარებადი დაავადების არსებობას შორის. აი, მაგალითად ნორვეგიაში 2017 წელს 45 ათასზე მეტ ქალზე ჩაატარეს მსგავსი კვლევა და რაიმე სახის უარყოფითი კავშირი არ აღმოჩენილა. თუმცა, ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ადასტურებენ მავნე კავშირს ტექნიკის გამოსხივებასა და ნაყოფის თავის ტვინის განვითარებას შორის. ცალსახად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაბამისად რთულია. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ბავშვისთვის მავნებელია კომპიუტერთან გატარებული ყოველი საათიც კი, განსაკუთრებით სამ წლამდე, ეს რა თქმა უნდა აუტიზმს არ იწვევს, მაგრამ იწვევს ყურადღების კონცენტრაციის სერიოზულ სირთულეებს, მეტყველების განვითარების შეფერხებას, განსაკუთრებით თუ ბავშვს ისედაც ჰქონდა მოწყვლადობა, მეტყველების განვითარების სირთულეები.
- რა ასაკიდან ვლინდება?
- ძირითადად წლინახევრის შემდეგ არის შესამჩნევი, თუმცა სპეციალისტმა შეიძლაბა მანამდეც შეიტანოს ეჭვი, ადრეული სკრინგ-კითხვარებიც კი შეიქმნა წლამდე ბავშვებისთვის. ამავდროულად წლამდე შეიძლება განვითარება უკეთ მიდიოდეს და შემდეგ რეგრესი გვქონდეს სახეზე. საქართველოში მოქმედი ევროპული სადიაგნოსტიკო კრიტერიუმის მიხედვით, სამ წლამდე ერიდებიან დიაგნოზის დასმას, აუტიზმის კოდით. თუმცა, ნიშნების არსებობის შემთხვევაში სამ წლამდე ჩარევა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი.
- აუტიზმის დადებითი მხარეები...
- დადებითი მხარეები ნამდვილად არსებობს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო მშობლების პოსტტრამვული ზრდა, ისეთ საკითხებზე იწყენებ ფიქრს, რაზეც მანამდე არ უფიქრიათ, ადამიანი მისი უფლებები და თავისუფლებები თავისთავად ხდება ღირებული. მშომლები ემოციურად ბევრ რამეს სწავლობენ თავიანთი შვილებისგან, ზოგიერთ მშობელს უთქვამს კიდეც რომ მათმა ცხოვრებამ ერთგვარი დანიშნულება შეიძინა დიაგნოზის შემდეგ.
ამასთანავე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, ყოველთვის მოიძებნება მათი ძლიერი მხარე, რისი განვითარებაც შესაძლებელი და აუცილებელია. სამყაროს მათი ხედვა გვასწავლის ძალიან ბევრს რამეს, პირველ რიგში გვაფიქრებს ურთიერთობების მოტივებზე და მიზნებზე. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვისგან შესაძლებელია გულწფელობა ვისწავლოთ, კომუნიკაციაც შესაძლებელია ვისწავლოთ, რადგან ჩვენც უნდა ვეძებოთ მათთან კომუნიკაციის საშუალება, ისევე როგორც ისინი ეძებენ. ეს კომუნიკაცია, სიმღერით, შეხებითა და ხელოვნებით არის გაშუალებული, ნამდვილად ლამაზი პროცესია!
მოამზადა სალომე ქიტიაშვილმა
სპეციალურად „მშობელისთვის“