
სიჯიუტე, სიკერპე ჯერ კიდევ 1 წლის ასაკში ვითარდება, ასე რომ თქვენ არაფერი გაგაკვირვებთ, მაგრამ 2 წლის ბავშვის სიჯიუტე ახალ ფორმებს იძენს.
გაეცანით ამერიკელი ცნობილი პედიატრის, ბენჯამინ სპოკის რჩევებს.
ერთი წლის ბავშვი დედას ეწინააღმდეგება, ორწლინახევრის - საკუთარ თავსაც კი.
ბავშვი ძნელად გადაწყვეტს რაიმეს, მაგრამ შემდეგ ამ გადაწყვეტილებას უამრავჯერ შეცვლის.
ის წააგავს ადამიანს, რომელიც ცდილობს ვინმეს უღელი გადაიდოს, თუმცა საკუთარი თავის გარდა არავის უცდია მისი დამონება. მას სურს ყველაფერი თავისებურად გააკეთოს, ისე როგორც ადრე და ძალიან ბრაზდება, როცა ვინმე ჩაერევა ან ნივთებს ადგილს შეუცვლის.
ორი წლის ბავშვის მთავარი მისწრაფება, ყველაფრის თავისებურად გადაწყვეტაა და სხვა ადამიანების ნებისმიერი სახის ჩარევას, წინააღმდეგობას უწევს. ამ ფონზე, ბავშვი შინაგან ნერვიულ დაძაბულობამდე მიდის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშობლებს ზედმეტი კონტროლი უყვართ.
ამ პერიოდს ბევრი რამ აქვს საერთო 6-9 წლის ასაკთან, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, ცდილობს თავის საქციელზე პასუხისმგებლობა აიღოს, როცა შენიშვნები სწყინს, ნერვულ დაძაბულობას სხვადასხვა ქცევებით გამოხატავს.
ხშირად 2-3 წლამდე ბავშვი ძნელად აღსაზრდელია. მშობლებს დიდი სიფრთხილე და ტაქტი მართებთ და რაც მთავარია, ნაკლებად უნდა ერეოდნენ ბავშვის საქმიანობაში.
მიეცით უფლება როცა მოუნდება მაშინ ჩაიცვას და გაიხადოს, ბანაობისას მიეცით დრო, რომ იჭყუმპალაოს და თავისი აბაზანა გარეცხოს. ჭამის დროს ნუ ეჩიჩინებით ჭამე ჭამეო, თვითონ მიირთვას რაც უნდა. თუ ჭამას თავი დაანება, ნუ დააძალებთ. როცა სეირნობისას შინ დაბრუნების დრო მოვა, ნუ ააჩქარებთ, რაიმე სასიამოვნო თემაზე ესაუბრეთ და ისე გადაატანინეთ ყურადღება.
და ბოლოს, დაწყნარდით, ნუ იღელვებთ და მიჰყევით რჩევებს. ასე შედარებით გაიიოლებთ ცხოვრებას და თქვენი პატარაც ბედნიერი იქნება.
მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ