2018-09-07

დღევანდელ რეალობაში ხშირია, როცა გოგონები, რომლებიც პირველ კარიერულ საფეხურზე იმყოფებიან, ოჯახის შექმნის შემდეგ თავს ანებებენ საყვარელ საქმიანობას, შემდეგ კი რიგი მიზეზების გამო, ვეღარ ან აღარ უბრუნდებიან მას. რაშია პრობლემა? რატომ დუნდებიან ქალები დედობის სტატუსის შემდეგ? ამ თემაზე ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ანნა კვანტრიშვილი გვესაუბრება:

- როგორ შეაფასებთ აღნიშნულ პრობლემას?

- ჩვენი ქვეყნის კულტურიდან გამომდინარე, მიღებულია, რომ ბავშვი დედამ უნდა აღზარდოს. ეს ფაქტი საკმაოდ ღრმად არის გამჯდარი ჩვენში. სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია. ბავშვის დაბადების შემდეგ, ბავშვის გვერდით ყოფნა, აღზრდა, განსაკუთრებით 3 – 6 წლამდე, დედის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუმცა შემდეგაც ძალიან ბევრი ყურადღებაა საჭირო, მაგრამ პატარა ასაკში თოთო ბავშვი ჯერ კიდევ ვერ გამოჰყოფს თავის თავს დედისგან. ის საჭიროებს დედას ემოციურად და ფიზიკურად. როცა ღებულობთ ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილებას, მშობელი იმისთვისაც უნდა იყოს მზად, რომ ამ საქმეს სრული ყურადღება დაჭირდება. მე პრობლემას უფრო სხვაგან ვხედავ. როცა დედა ბავშვის წამოზრდის, შემდეგ ენერგიების მობილიზებას და თავისი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

-  ქალი იმდენად ერთვება ოჯახურ რუტინაში და დროის გასვლასთან ერთად იმდენად მატულობს პასუხისმგებლობები, რომ ვერ, ან არ ხერხდება საჭირო ენერგიების მობილიზება... თქვენი აზრით, რაშია გამოსავალი?

- ოჯახის რუტინა კიდევ სხვა რამეა, ბავშვის აღზრდა კი იმდენად საინტერესოა და იმდენად საპასუხისმგებლო, რომ ეს საქმე გაცნობიერებულად უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება კითხვას, ადამიანები ჩვევის არსებები ვართ. ქალი ეჩვევა კონკრეტულ სიტუაციას და მისი შეცვლა ძალიან რთულად ეჩვენება, ან თავის თავს უხატავს როგორც რთულ საქმეს და ამით ახდენს საკუთარი თავის გამართლებას, რომ მან ძალიან დიდი ენერგია დახარჯა, რომ უკვე გვიანია და ა.შ. სინამდვილეში კი მართლაც ენერგიის ნაკლებობაა მიზეზი და ის, რომ ქალი უკვე შეჩვეულია სიტუაციას. ენერგია ისეთი რამაა, რომ შეგიძლია შეივსო და გამოიმუშავო, ან მიიღო სულაც სამყაროსგან. ამას მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე და გააზრება .გვიანი კი არასოდეს არაა, სანამ ცოცხალი ხარ!

- მიანიშნებს თუ არა ეს ქალის სისუსტეზე? როგორ შეიძლება მსგავს დედებს დავეხმაროთ, წავახალისოთ?...

- ქალის სისუსტეს არ მივაწერ, ადამიანია ასეთი ბუნების ზოგადად. რთული არაა როდესაც იცი, როგორ დაეხმარო შენს თავს, ან როდესაც გადაწყვეტ, რომ გინდა ეს... რა თქმა უნდა შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედა იყოს რეალიზებული და ბედნიერი თავისი ცხოვრებით. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. თუ დედა მუდმივად უკმაყოფილოა თავისი ბედის, წუხს რომ კარიერა ვერ მოიწყო, დიდი შანსია შვილმაც მსგავსად წარმართოს თავისი ცხოვრება. ხოლო თუ დედა ბავშვის აღზრდის შემდეგ დაკავდა თავისი საქმიანობით და ბედნიერად გრძნობს თავს, დიდი შანსია შვილსაც სამყაროს ასეთი მოდელი ჩამოუყალიბდეს, რომ შესაძლებელია ნებისმიერი წამოწყების განხორციელება და რომ გვიანი არასოდეს არ არის. ამისი გაცნობიერებაა საჭირო დედების მხრიდან, რომ შვილებისთვის უპირველესი მაგალითები არიან და არა მარტო მაგალითი. შვილები ოჯახის ხის გაგრძელება არიან, რაც უფრო ძლიერი აქვს ხეს ფესვები, მით ძლიერია ხეც. ამის გააზრება მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს დედის ფსიქიკაში. ქალი ხომ მხოლოდ დედა არაა, ისაა ადამიანი და მისი ცხოვრება არ ამოიწურება შვილის გაზრდით. მითუმეტეს, რომ შვილი გაიზრდება და ბუდიდან გაფრინდება.

- რას ურჩევთ, ქალებს, რომლებიც ამ ეტაპზე იმყოფებიან გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე?

- თუკი ჰგონიათ რომ რთულია, ისინი მართლები იქნებიან, რადგან გაურთულდებათ ყველაფერი, მაგრამ მეც მართალი ვარ თუ ვფიქრობ, რომ მარტივად შეგიძლია გადაწყვიტო ყველა პრობლემა. მთავარია შეცვალო აზრი ამის შესახებ. ვურჩევდი დაფიქრდნენ და დაუსვან კითხვა საკუთარ თავს: - ჩემზეა თუ არა პასუხისმგებლობა, რა მექნება ცხოვრებაში?... თუკი პასუხი არის „დიახ“, მაშინ შემდეგი კითხვა იქნება: - რა გსურსრომ გააკეთო შენი თავისთვის? ხოლო თუ პასუხი იქნება „არა“, მაშინ შემდეგი კითხვა იქნება: - როგორ მოხდა, რომ შენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა გადააბარე სხვა ვინმეს ან რაიმეს. როგორ შეგიძლია, რომ უკან დაიბრუნო ეს პასუხისმგებლობა?

ამ კითხვაზე პასუხი ყველამ საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში უნდა ეძებოს. უნდა გაბედოს და გადადგას პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოუვა, რამხელა ოვაციას დაიმსახურებს, მთავარია მოძებნოს და აღიდგინოს ის ენერგია, რომელიც დაკარგა თავიდან. ყველაფრის ნულიდან დაწყებაც შესაძლებელია.

 

სალომე ქიტიაშვილი, სპეციალურად „მშობელისთვის“

რჩევები