
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მომატებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია, რაც რისკებს შეამცირებს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ არ ემხრობა საქართველოში შემოსვლის სრული აკრძალვის, რადგან მიაჩნია რომ ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს პრევენციული კონტროლი გაატაროს.
„პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. გვაქვს აბსოლიტურად სრული ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და ასევე, იმ პირებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ღონისძიება უკვე გატარებული გვაქვს, რაც ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე შემოვიღეთ დამატებითი რეგულაციები, რაც ამ ეტაპისთვის იყო საჭირო. საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გამკაცრდება სასაზღვრო ზონის დაცვა. მზად ვართ ამისთვისაც. ჩვენ არ ვართ მომხრე, საქართველოში შემოსვლა სრულიად ავკრძალოთ, ვინაიდან გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ გვქონდეს პრევენციული კონტროლი და შემდეგ შემოსულ მოქალქეებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, მოვათავსოთ ისინი ან სტაციონარში ან კარანტინში“.
მინისრტის თქმით, ამ ეტაპზე იტალიასთან მიმართებაში დამატებითი რეგულაციები არ იგეგმება.
„ჩვენი საელჩო მუშაობს ამ მიმართულებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იტალიელი მგზავრი, ევროკავშირის მოქალაქე, მოწმდება როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე ჩვენს საზღვარზეც სპეციალისტების მიერ. საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ. ჩინეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან საქართველოში საუკეთესო პირობებში. საჩხერის სასტუმრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს კლინიკა, რომელსაც გააჩნია იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“.
რაც შეეხება პირბადეების მარაგს, მინისტრის თქმით, დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი.
„საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომწოდებლებმა დამატებით შემოიტანონ პირბადეები შესაბამისი ღირებულებით“.