2024-02-13

ბაღების მართვის სააგენტო, ბაღების ხშირი დაკეტვის საკითხს განმარტავს.

საქმე ეხება მშობლების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას. როგორც ისინი "მშობელთან" საუბარში აცხადებენ, საბავშვო ბაღები, კვირაში ერთი დღე მაინც იკეტება და ამის მიზეზად უშუქობა სახელდება, რაც დასაქმებული მშობლების შეფერხებას იწვევს.

მშობლების მომართვიანობის საფუძველზე, ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით, სადაც განმარტავენ, რომ ბაღის ასეთი მიზეზით დახურვა კონკრეტული პროვაიდერი კომპანიების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და არა ბაღის თვითნებურ გადაწყვეტილებას.

"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებების გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების უწყვეტი მიწოდება. წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების გარეშე, საბავშვო ბაღი ვერ იმუშავებს, რადგან ვერ იქნება დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ვერ განხორციელდება სტანდარტებით გათვალისწინებული, სველი წესით დასუფთავების რუტინა, ვერ იმუშავებს სამზარეულო, სადაც 100-დან 900-მდე ბავშვისათვის, ბაღის მიხედვით, მზადდება საკვები, ირეცხება ჭურჭელი და გამოყენებული ინვენტარი 60 გრადუს ტემპერატურაზე. აღსანიშნავია, რომ საჯარო ბაგა-ბაღებიდან წლების წინ იქნა გატანილი გაზის ქურები და სამზარეულოები სრულად აღიჭურვა მაღალი ძაბვის ელექტროენერგიაზე მომუშავე ქურებითა და გამწოვებით; ასევე, პროდუქტის შესანახ საწყობებში მუშაობს ათობით მაცივარი, სავენტილაციო და გაგრილების სისტემები. პარალელურად, გაზის გარეშე, ზამთრის პერიოდში ბაღს არ ექნება გათბობა და ცხელი წყალი, რაც პატარებს სტანდარტით გათვალისწინებულ პირობებში ყოფნის შესაძლებლობას ართმევს. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ბაღის ასეთი მიზეზით დახურვა უკავშირდება კონკრეტული პროვაიდერი კომპანიების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და არა ბაღის თვითნებურ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, ბაღის ადმინისტრაცია წინასწარ აფრთხილებს აღსაზრდელების მშობლებს", - განუცხადეს "მშობელს" ბაღების მართვის სააგენტოში.

საზოგადოება