2022-11-02

"არ მინდა იფიქრონ, რომ რამე სტრესულს ვაკეთებთ"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ფოტო გავრელდა, სადაც გლოვოს თანამშრომელი გოგონაა შვილთან ერთად გადაღებული. აღნიშნულმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. "პრაიმტაიმი" ფოტოს მთავარ გმირს, დარია ნუცუბიძეს ესაურა, რომელიც ყვება, რომ გლოვოში მუშაობა რამდენიმე დღეა დაიწყო, ცხოვრებით კი ძეგვში, დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ცხოვრობს. 

"არ ვთვლი, რომ სტრესული სამსახურია, მწერენ, მირეკავენ, რომ ჩემი აქედან წამოყვანა და სხვა სამსახურების შემოთავაზება სურთ. არ მინდა გვაჩერებდნენ, გვიღებდნენ და კითხვებს გვისვამდნენ. იმ დღეს ერთ-ერთ შეკვეთაზე რომ მივედით, ქალი დაგვხვდა ბავშვით. ჩვენი ნახვის შემდეგ ემოციებში იყო: - ვაიმე, ღმერთო, ეს რა ვნახეო, - ასეთ რაღაცებს იძახდა. დაინახა, რომ მთელი ოჯახი, 4 წევრი ერთად მივედით. ვფიქრობთ, რომ ყველაზე მეტად ამ ადამიანის ემოცია იყო ის, რისი გაზიარებაც მინდა. მსურს ადამიანებმა სხვანაირად შეხედონ ყველაფერს. არ მინდა იფიქრონ, რომ რამე სტრესულს ვაკეთებთ. მერე რა, რომ უსახლკაროები ვართ. რეალურად, დახმარება მართლა გვჭირდება. თუ ვინმეს უნდა ამის გაკეთება, თუ თვლიან, რომ მართლაც ვწვალობთ ჩვენ, გაგვიხარდება, თუ ღამის გასათევი გვექნება. მხოლოდ ამის მიღება შეგვიძლია. დანარჩენი რჩევები, რომ იქ წადი, უფრო კარგად იქნები, ამ ეტაპზე სხვაგან წასვლას არ ვაპირებთ, არ გვჭირდება.

"მინდა, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი დადებითაც შეაფასონ"

მცხეთაში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. მათ კეთილი ნება გამოიჩინეს... დროებით სივრცე გამოგვიყვეს. იქიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ ხოლმე, როდესაც გადატვირთულია, ე.წ ავტოსტოპით ვახერხებთ ჩამოსვლას. რადგან ახლა სიცივეებია და ბავშვებით ვდგავართ და ბევრი ვართ, ყველა არ გვიჩერებს და შეიძლება, ცოტა ხანს დაგვაგვიანდეს ხოლმე.

გლოვოში ვაკანსია ვნახეთ, შევავსე და იმ დღესვე, კვირას მივედი. ასევე მაქვს სხვა სამსახური, სადაც შემიძლია ადამიანებს ტექნიკის, ავეჯის, სამშენებლო-სარემონტო მასალის, თეთრეულის, ოქროული ფასდაკლებებით შეძენაში დავეხმარო, მათ შორის, ბინებისაც.

რადგან დაგვჭირდა დახმარება, მერიასაც მივმართეთ. იციან, რომ ოჯახი ერთად დავდივართ. ყველაფერზე საუბარი არ მინდა, გეტყვით, რომ ადრე დალაგებებზე დავდიოდი, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებ.

უფროსი შვილი სკოლაში დადის. მიწევს-ხოლმე სხვადასხვა ადგილას დატოვება, შემდეგ გავლა და წამოყვანა. შეიძლება, ამ დროს მასთან ერთადაც გვნახონ. იმ დროსაც, როცა ფოტო გადამიღეს, უკან ჩემი მეუღლე და მეორე შვილი იყვნენ. მინდა, რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი დადებითაც შეაფასონ", - აცხადებს დარია.

 

წყარო 

საზოგადოება