2022-10-30

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე, სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი უნდა განხორციელდეს.

ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას.

"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სახალხო დამცველი უკვე სწავლობს მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საზოგადოების ინფორმირებას ამ საკითხზე; ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს - განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები. ამ პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ: ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდეს უცხო პირთა გადადგილების მკაცრი კონტროლი. ხოლო, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებსა და სამართალდამცავ უწყებებს; საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ; საზოგადოებამ მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართოს სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში „112-ში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგიარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს.

საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე - 1481.

საზოგადოება