2020-02-13

აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარის მიერ 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, USAID-ის მისიის დირექტორთან საქართველოში, პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა USAID-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციისთვის, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტს გააძლიერებს. აღნიშნული მოდელის კონცეფცია სრულ თანხვედრაშია USAID-ის ახალ პროგრამასთან და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ემსახურება.

თავის მხრივ, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა, მზადყოფნა გამოხატა სამომავლო თანამშრომლობისათვის როგორც პროფესიული განათლების მიმართულებით, ასევე სკოლებში სამოქალაქო განათლების კომპონენტის გაძლიერების კუთხით.

განათლება