2022-04-16

„არ მსურს ვინმემ თითი გამოიშვიროს და მითხრას, რომ არა ეს შეღავათი, უნივერსიტეტში ვერ მოხვდებოდიო“, „ბევრ რამეზე ვთქვი მოსწავლლეობის წლებში უარი ე.წ. საზღვრის არსებობის გამო, ახლა მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მეც ისე მივიღო მონაწილეობა გამოცდებში, როგორც ამას დანარჩენი, თავისუფალი საქართველოს ახალგაზრდები აკეთებენ“ - ასე ეხმაურებიან "მშობელთან" საუბარში გალელი აბიტურიენტები მოახლოებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას, რაც მათ უგამოცდოდ ჩარიცხვის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

აფხაზეთში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უგამოცდოდ ჩარიცხვის გადაწყვეტილება, საქართველოს განათლების სამინისტრომ 2019 წელს მას შემდეგ მიიღო, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ, მათ ენგურის ხიდი სწორედ გამოცდის წინა დღეს ჩაუკეტა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის დროზე და მას მერეც, დანარჩენი საქართველოს საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და ბევრმა მათგანმა აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის დაწესებული შეღავათი გააპროტესტა.

უგამოცდოდ ჩარიცხვის დაშვება, აფხაზეთში მცხოვრები ბავშვებისთვის დღემდე მოქმედებს, თუმცა მათი ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო კონკურსით გეგმავს გასვლას.

როგორც „მშობელთან“ საუბარში, გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე აცხადებს, მისი მიზანია საკუთარი ძალები მოსინჯოს და დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები. მეტიც, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრის შემთხვევაში, მათთვის დაწესებული შეღავათით სარგებლობას არ გეგმავს.

“პირველ რიგში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავდივარ იმიტომ, რომ მექნება საშუალება დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები და ჯანსაღი კონკურენცია გავუწიო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ აბიტურიენტებს. რამდენიმე წლის წინ, როცა საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების უგამოცდოდ ჩარიცხვა გამოაცხადა, ბავშვებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უნივერსიტეტში მისვლის პირველივე დღიდან იგრძნეს, რომ მათზე აგდებულად საუბრობდნენ და ალმაცერად უყურებდნენ. უგამოცდოდ ჩარიცხვის გადაწყვეტილებას პოლოტიკური დატვირთა ჰქონდა. ნამდვილად კარგი სტრატეგიაა!!! მაგრამ ამით ნაწილობრივ გაქრა სწავლის მოტივაცია და იმ ემოციების განცდის საშუალება, რაც დიდ კონკურსში გამარჯვებას ახლავს. გადაწყვეტილება თავის დროზე აუცილებელი იყო, მაგრამ პირადად მე არანაირი სურვილი არ გამაჩნია ვინმემ თითი გამოიშვიროს ჩემსკენ და როცა დამინახავენ თქვან - "ის უგამოცდოდ ჩაირიცხა, რომ არა ეს პროექტი, აქ ვერ მოხვდებოდა" და სხვა ათასი რამ. ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და საუკეთესო შემთხვევაში, წარმატებით ჩაბარება, საშუალებას მომცემს თავაწეულმა ვიარო, დარწმუნებული ვიყო, რომ მე იქ ყოფნას ვიმსახურებ და სამადლოდ არ მოვხვედრილვარ. აქედან გამომდინარე ალბათ ცხადია, რომ ჩაჭრის შემთხვევაში ხელმეორედ აგვისტოში აღარ შევიტან საბუთებს. უამრავი ალტერნატივა არსებობს, რომელიც შესაძლოა მეტად პერსპექტიულიც კი აღმოჩნდეს, ვიდრე უნივერსიტეტი“, - განუცხადა „მშობელს“ გალის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ.

თითის გაშვერას უსვამს ხაზს „მშობელთან“ საუბარში მეორე რესპოდენტიც, რომელიც ასევე აპირებს საერთო კონკურსში მონაწილეობის მიღებას და დარწმუნებულია, რომ საკუთარი ცოდნითაც შეძლებს ბარიერის გადალახვას.

“გამოცდაზე გავდივარ პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი ძალების მოსინჯვა მინდა, თუმცა ამას უფრო დიდი მიზეზიც აქვს, არ მინდა რომ თითის გასაშვერი ვიყო და მითხრან, რომ უგამოცდოდ კომფორტულად ჩავირიცხე. მინდა დავამტკიცო რომ საკუთარი ცოდნითაც შემიძლია ჩავაბარო. თან რაღაც დოზით ვთვლი, რომ უსამართლობაა, როცა დანარჩენ საქართველოში მყოფი აბიტურიენტები წვალობენ, ღამეებს ათევენ იმისთვის რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ, მე კიდევ ასე უბრალოდ ჩავირიცხო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში ბევრი მონდომებული ბავშვია, რომესაც სწავლის გაგრძელება უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალება არ აქვს, გამოცდების ჩაბარებას ვერ ახერხებს. ასეთ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ წახალისება და შესაბამისი დახმარება“.

გოგონა აფხაზეთიდან ამბობს, რომ ოკუპაციის გამო, მოსწავლეობის წლებში, ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა, დღეს კი ეროვნული გამოცდები, მისთვის ერთგვარი შანსია, სწორედ ისე მოიქცეს, როგორც დანარჩენ, თავისუფალ საქართველოში გაზრდილი აბიტურიენტები.

„მიმაჩნია რომ ეროვნული გამოცდები საკუთარი ცოდნის გამოვლენისა და  შემოწმების ერთგვარი საშუალებაა. ის ემოციები, რომელიც აბიტურიენტობის პერიოდს ახლავს, ნერვიულობა გამოცდებზე გასვლის დღეს, საკუთარი ცოდნით მიღწეული წარმატების უსაზღვრო სიხარული, რომელსაც საბოლოოდ ბარიერის გადალახვა და ჩარიცხვა მოჰყვება, ვფიქრობ, სტუდენტური ცხოვრების დასაწყისისთვის საუკეთესო სტარტია. არავითარი სურვილი არ მაქვს ამ ზღვა ემოციების მიღების შანსი დავკარგო.

წლების განმავლობაში, არაერთხელ  მომიწია ბევრი რამის დათმობა, მოკლედ რომ ვთქვა, ბევრი კარგი მოგონებისა თუ ემოციის გამოტოვება, რადგან ვერ ვახერხებდი საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნას ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო. ეს ხელოვნურად   შექმნილი ბარიერი, რომელიც არ მაძლევდა უფლებას უფრო მრავალფეროვანი  და სასიამოვნო გამეხადა  ჩემი მოსწავლეობის წლები, დროთა განმავლობაში  მიზრდიდა სურვილს, რომ საქართველოს სრულფასოვან წევრად მეგრძნო თავი. მეამაყება რომ აფხაზეთიდან ვარ, თუმცა არ მინდა ეს რაიმე განსხვავებული სახის პრივილეგიას მაძლევდეს, მითუმეტეს რომ ამ პრივილეგიის მიზეზი ოკუპაციაა. როცა მაქვს ის იშვიათი ფუფუნება (და იმედია უშუალოდ გამოცდების პერიოდშიც მექნება), რომ მოვიქცე ისე როგორც ამას  სხვები, თავისუფალ საქართველოში გაზრდილი ახალგაზრდები აკეთებენ“.

საერთო კონკურსში იღებს მონაწილეობას შემდეგი რესპოდენტიც, რომელიც „მშობელს“ იმ დაბრკოლებებზე უყვება, რასაც აფხაზეთში სწავლის პროცესში აწყდებიან.

“ბევრი გვეკითება რატომ უნდა ირიცხებოდნენ გალელი ახალგაზრდები უგამოცდოდ? - ვეცდები მოკლედ გავცე პასუხი. მეეჭვება ვინმემ არ იცოდეს, რომ აფხაზეთი ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიაა, თუ ვინმემ არ იცის, ალბათ ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მაგრამ ახლა იმის თქმა მინდა, თუ რატომ იყო აუცილებელი ეს შეღავათი. გალელი მოსწავლეები ბევრ დაბრკოლებასა და ზეწოლას გავდივართ განათლების მისაღებად. ამ ეტაპზე უკვე სრულად აკრძალულია ქართულ ენაზე სწავლა და ქართული, როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება. ასევე მოგეხსენებათ პანდემიიდან გამომდინარე სწავლა ონლაინ რეჟიმზე იყო გადასული, მაგრამ ჩვენ არ გვქონია ამის შესაძლებლობა უამრავი სხვადასხვა მიზეზით (ტექნიკური რესურსი, სტაბილური ელექტრომომარაგება, ინტერნეტი). დაახლოებით წელიწადნახევარი გავიდა ფუჭად, მაგრამ ძალისხმევა არ დავიშურეთ და ვეცადეთ ჩვენით გვემუშავა ჩვენ თავზე. მიუხედავად ყველაფრისა, მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ საერთო კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ არ ვართ ის ბავშვები, რომლებიც “ვაკუმში”  სხედან და არ  შეუძლიათ საკუთარი თავის  წარმოჩენა!”

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებით, უნივერსიტეტში ჩარიცხულთა რიცხვი, ზემოთხსენებული შეღავათის გარეშეც, საკმაოდ მაღალი იყო.

გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნონა შონიას ინფორმაციით, 2005-დან 2021 წლის ჩათვლით, გალის რაიონის ომამდელი საზღვრებიდან ჩარიცხულია 2228 სკოლადამთავრებული. აქედან ეროვნული გამოცდების გარეშე 2019-2020-2021 წლებში, 723 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

„2019 წელს, ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, ხიდზე და მავთულხლართების გამოვლით  გამოცდების ჩაბარება მოახერხა და ჩაირიცხა 89 აბიტურიენტმა. პირობითად ჩაირიცხა 110.  იცით, რომ ხიდი სრულად ჩაიკეტა 2020 წლის 27 თებერვალს. ეს ჩაკეტილობა პანდემიის გამო 2021 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. იმის გამო, რომ გაძნელდა აბიტურიენტების გადმოყვანა, ამას დაემატა შიდა გამოცდების ივლისის 5 რიცხვამდე გაგრძელება, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ხელი შეეწყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის და კურსდამთავრებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულიყვნენ. 2019 წელს 110 აბიტურიენტის პირობითად ჩარიცხვა უგამოცდოდ იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება ნადარაიას მიერ ჩადენილი ქმედების საწინააღმდეგოდ. ნადარაიას ეგონა, ამ აქტით შეაჩერებდა ახალგაზრდების სვლას ქართული განათლების მისაღებად. იმ წელს მხოლოდ 30 ახალგაზრდა წავიდა სოხუმში სწავლის გასაგრძელებლად. პანდემიის პირობებში აფხაზეთში ჩაკეტილი ახალგაზრდების ჩარიცხვამაც ახალგაზრდობა და მათი მშობლები აარიდა სტრესს, მღელვარებას და თითოეულს მისცა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. მედალს ორი მხარე აქვს. ამ გადაწყვეტილებით ისარგებლეს დაბალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულებმაც და გადაწყვიტეს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება.  ჩარიცხულებიდან რამდენი ინარჩუნებს სტუდენტის სტატუსს, კონფიდენციალურია და ხელი არ მიგვიწვდება. გვაქვს ზუსტი ცნობა 2019 წელს პირობითად ჩარიცხულ 110 სტუდენტზე( პირობითად ჩარიცხვა გულისხმობს იმას, რომ სტუდენტს წლის განმავლობაში უნდა მოეგროვებინა 35 კრედიტი). იმის გამო, რომ დისტანციურ რეჟიმში ვერ ან არ ჩააბარეს გამოცდები და არ მოიპოვეს კრედიტები, სამწუხაროდ ამ 110 - დან სტუდენტის სტატუსს ინარჩუნებს და ფინანსდება 47.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში, განათლების სამინისტროსა და შერიგების სამინისტროში, არაერთხელ გაანალიზდა შედეგები და უგამოცდოდ ჩარიცხვის გადაწყვეტილებაში, ცვლილებების შეტანა იგეგმება.

„ვფიქრობთ, რომ სამომავლოდ აღდგება ერთიანი ეროვნული გამოცდები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისტვისაც. კონკურენტუნარიანი და მონდომებული ახალგაზრდები დაძლევენ დაბრკოლებებს და როგორც წინა წლებში, ღირსეულად გააგრძელებენ სწავლას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ბევრი მათგანი აპირებს პროფესიული განათლების მიღებას კოლეჯებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. წლების განმავლობაში, ეს ბავშვები, ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ საქარტველოს სხვა კუთხეების აბიტურიენტებს და ირიცხებოდნენ გამოცდების შედეგად. ზოგიერთები 100, 70, 50 პროცენტიან გრანტს იღებდნენ თავიანთი შედეგებით, დანარჩენები მთავრობის დადგენილების შესაბამისად, როგორც ოკუპირებული ტერიტორიის სკკოლადამთავრებულები ფინანსდებოდნენ სასწავლო გრანტით 2250 ლარის  ფარგლებში“, - განუცხადა „მშობელს“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

„მშობელი“ ესაუბრა იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ 2019 წელს, გამოცდის წინა დღეს ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა. ახალგაზრდა იმ გზაზე გვიყვება, რომელიც გამოცდაზე მოსახვედრად გაიარა.

„2019 წლის ივნისის თვეა, ზუგდიდში ვარ, ვემზადები ეროვნულებისთვის, ნერვიულობა, გაძლიერებული მეცადინეობა და გვეუბნებიან, რომ 27 ივნისს, გალში იმართება ღონისძიება კურსდამთავრებულებისთვის, რომელზე დასწრებაც სავალდებულოა. სხვა გზა არ იყო, უნდა წავსულიყავით. ჩავედი წინა დღეს. მეორე დღეს ავტობუსით წაგვიყვანეს. შუა ღონსიძიებაზე რაღაც ჟრიამული ატყდა და ვიგებთ, რომ ენგურის ხიდი ჩაკეტეს. ყველა განერვიულდა, რადგან მეორე დღეს გამოცდა გვქონდა. მშობლები მამშვიდებდნენ, რომ რაიმე  გზას გამოვნახავდნენ. ის ღამე თეთრად გავათენე ფიქრში და ალტერნატიული გზების ძებნაში. დილაადრიან მამაჩემი მაღვიძებს, გაემზადე, მალულად უნდა გადახვიდეთო.

ავდექი, სიჩქარეში რა ავკრიფე და როგორ, არც ვიცი. თან ვნერვიულობ უკვე, რადგან მალულად დიდი ხანია არ გადავსულვარ. მივედით „საზღვრის“ პირას, იქ ახლობელი დაგვხვდა, რომელიც ამ ამბავს კურირებდა. მაღაზიაში შევედით, ოთხნი ვიყავით, აგვიხსნა როგორ უნდა გადავსულიყავით მავთულხლართებზე, შემდეგ კი როგორ გადაგვეცურა ენგური. ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით რომ არა ვიღაც ბიჭი, რომელმაც იცოდა გადასასვლელი.

ზურგჩანთებით დახუნძლული გავუყევით გზას. წინ სამმეტრიანი მსერავი მავთულხლართის ორმაგი ღობე დაგვხვდა, დაახლოებით 30 წუთი ვეძებდით რაიმე სუსტ ადგილს, სადაც შევძლებდით გარღვევას და გადასვლას, მაგრამ ამაოდ.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ ვიპოვეთ კარი, რომლითაც რუსები სარგებლობდნენ და მის ქვეშ გავძვერით. ჩავვარდით ტალახში, მაგრამ ვინ ჩიოდა, უკვე რუსების გვეშინოდა და თავის დაღწევას ვცდილობით. აქეთ ტალახი, აქეთ მოსალოდნელი საფრთხეები. ერთი ჩემი მეგობარი ჩარჩა ტალახში, ვერ ამოდიოდა, გამოვბრუნდი უკან, დავეხმარე. ამასობაში ნერვულ ფონზე პანიკაში ჩავარდა და ძლივს მივიყვანე ენგურის ნაპირამდე. დინება ჩქარი იყო, ვეძებდით მარტივ გზას, რომ სიღრმეში არ აღმოვჩენილიყავით და დახრჩობის საფრთხე არ შეგვქმნოდა. ქართველმა მესაზღვრეებმაც შეგვამჩნიეს, გვგულშემატკივრობდნენ და გზას გვასწავლიდნენ საიდან გადაგვეცურა. ოთხივემ გადავცურეთ, თუმცა ვიცოდით, რომ უკან კიდევ მოდიოდნენ ჩვენი კლასელები.

დავურეკეთ და ვუთხარით, რომ გზა თავისუფალია და ეჩქარათ. გზებიც ავუხსენი თუ როგორ გადმოვიდოდა, მაგრამ იპოვა ის, კარი რომლითაც ჩვენ ვისარგებლეთ. ავიდა ჭადრის ხეზე და იქიდან ცდილობდა მავთულხლართების გვერდით ავლას. ხის ქვეშ იყო ეგ ორმაგი მსერავი მავთულხლართი, ხეზე ასულს ხის ტოტი ჩამოუტყდა და მავთულხლართებში ჩავარდა. მაჯა გაკრა მსერავ პირს და ჭრილობით ძლივს დააღწია მავთულხლართებს, თუმცა შიშის გამო ტკივილი და გადაჭრილი არტერია არც შეუმჩნევია. ჩვენამდე რომ მოვიდა, ვხედავ ერთი ხელი სხვანაირად მიაქვს და მეუბნება გავიჭერი, მიშველეო. არაფერი არ მქონდა პირველადი დახმარება რომ გამეწია, მეცვა პერანგი, რომელიც დვიხიე და მაგით გავუკვანძე. ჭრილობა წყლით მოვუსფთავე და პირდაპირ საავადმყოფოში აღვმოვჩნდით. ეს დღე ჭრილობითა და 7 ძაფით შემოგვრჩა. სულ ექვსმა გადმოვკვეთეთ ენგური.

გამოცდას მივუსწარი, ჩემი ქულებით ჩავირიცხე“.

როგორც სტუდენტის მონაყოლიდან ჩანს, გალში გამართული შეხვედრა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ დაბრკოლების შესაქმნელად დაიგეგმა. თუ გავიხსენებთ გალის ადმინისტრაციის  მაშინდელი დე ფაქტო ხელმძღვანელის განცხადებებს, ეს ვარაუდი კიდევ უფრო მყარდება.

ნადარაია ამბობდა, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან, ძირითადად – გალიდან, წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ, ამიტომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება.

„სამწუხაროდ, გალის სკოლების კურსდამთავრებულები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან, სადაც მათ მომავალ რევანშისტებად ამზადებენ. ეს საკითხი დღეს ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ დავარღვიოთ ადამიანის განათლების მიღების უფლება და მაქსიმალურად შევამციროთ იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც სწავლას საქართველოში გააგრძელებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ აფხაზურ უნივერსიტეტებთან, სადაც ისინი გალის რაიონის კურსდამთავრებულებს უფასო ფაკულტეტებზე ღებულობენ. ასევე საუკეთესო სტუდენტებს ვაძლევთ სტიპენდიას, რათა შევქმნათ კონკურენტუნარიანი გარემო იმ შეთავაზებებთან, რომელსაც ქართული მხარე აკეთებს. ეს ყველაფერი თავის შედეგს იძლევა. თუ წინა წელს 20-მდე კურსდამთავრებულმა გააგრძელა აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლა, წელს 26-მდე გაიზარდა. ვფიქრობ, ეს რაოდენობა თანდათან გაიზრდება. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, ამის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ეს არის გალის მოსახლეობის აფხაზებთან ინტეგრაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი“, - აცხადებდა ნადარაია, რომელმაც, როგორც ერთ-ერთი სტუდენტის მონაყოლიდან ირკვევა, აბიტურიენტებს ფულადი ჯილდოც კი შესთავაზა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

სტუდენტის თქმით, ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელი მათ სწავლისთვის ყველანაირ პირობას ჰპირდებოდა.

„სტუდენტები ხიდზე გადასვლას რამდენიმე დღე ვცდილობდით, თუმცა არ გვიშვებდნენ. ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს, მოვიდა უცხო ადამიანი და გვითხრა, რომ გალის ადმინისტრაციის მაშინდელ ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას ჩვენთან გასაუბრება სურდა. გავყევით, სხვა გამოსავალი ისედაც არ იყო. შეხვედრა თავიდან მშვიდი დიალოგით დაიწყო საუბრით, რომ სოხუმის იქაურ უნივერსიტეტში უნდა გვესწავლა და ამისთვის ისინი ყველანაირ პირობას შეგვიქმნიდნენ. საუბარში ისიც კი აღნიშნა, რომ თუ არ წამოვიდოდით ენგურს გამოღმა, თვეში 5000 რუსული რუბლის ოდენობის თანხას დაგვინიშნავდნენ. კითხვებით მიმართა მშობლებსაც, თუ რატომ უშვებდნენ შვილებს ენგურს გაღმა და არა სოხუმში, რაზეც ერთ-ერთმა მშობელმა უპასუხა, რომ მას მისი შვილისთვის უკეთესი პერსპექტივა სურდა, რასაც სოხუმის უნივერსიტეტის რესურსით ვერ ხედავს. ამან ნადარაიას გაღიზიანება გამოიწვია. შეხვედრა საკმაოდ მწვავე კამათით დასრულდა, თუმცა როგორც ვიცი სასწავლებლის შეცვლის გადაწყვეტილება, მაშინ არცერთ ჩვენგან არ შეუცვლია. როგორც აღმოჩნდა, ამ გასაუბრებაზე იყო დამოკიდებული ხიდს გადმოვიდოდით თუ არა, მაგრამ იმ დღეს არ გამოგვიშვეს, მხოლოდ მეორე-მესამე დღეს გამოგვატარეს“.

ნადარაია დღეს უკვე არ იმყოფება აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა მისი დღევანდელი განცხადებებიდან ირკვევა, რომ მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და დღეს უკვე გალის ქართული მოსახლეობისთვის სკოლა პანსიონის გახსნის ინიციატივით გამოდის.

„უფროსები თავს საქართველოს მოქალაქეებად თვლიან და ბავშვი, რომელიც სახლში მიდის, იგივეს ისმენს მშობლებისგან, ამიტომ მხოლოდ გვარის შეცვლით, შედეგი ვერ მიიღწევა. ამიტომ მე გთავაზობთ გავხსნათ 8 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის სკოლა-პანსიონი, სადაც მათ აფხაზი მასწავლებლები ასწავლიან ნამდვილ აფხაზეთის ისტორიას, კონსტიტუციას, სრულყოფილად ისწავლიან აფხაზურ ენას და ჩვენ მივიღებთ ნამდვილ პატრიოტებს, რომელსაც უყვართ საკუთარი სამშობლო - აფხაზეთი“, - აცხადებს ნადარაია დღეს.

ცნობისთვის, გალის რაიონის ომამდე საზღვრებში, დღეს 30 სკოლა ფუნქციონირებს. სკოლებში ქართულად სწავლის შეზღუდვა ეტაპობრივად დაიწყო. სკოლების ნაწილში, ის ერთიანად შეიზღუდა და ქართული მხოლოდ უცხო ენად დარჩა. ე.წ. დაბალი ზონის სოფლებში კი რუსული სწავლება მოსამზადებელი კლასიდან დაიწყო და ეტაპობრივად განხორციელდა. ამ პრინციპით, ამ წლის კურსდამთავრებულებს, სწავლა მშობლიურ ენაზე უნდა დაემთავრებიათ, თუმცა დე ფაქტო ხელმძღვანელობამ მათ სასწავლო წლის დასაწყისში სიურპრიზი მოუწყო და ბოლო, მე-11 კლასის დამთავრება, რუსულად მოუწიათ.

 

სპეციალურად "მშობელისთვის" - მასალის გამოყენების შემთხვევაში, წყაროს მითითება სავალდებულოა

განათლება