გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა.
დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა.
სკოლა როგორც ქართულ, ისე უკრაინულ სექტორზე ჩარიცხულ მოსწავლეებს უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოში შესთავაზებს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას. უკრაინელ მოსწავლეებს სკოლაში დახვდათ უკრაინული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საბავშვო და საყმაწვილო უკრაინული ლიტერატურით.
საქართველოში უკრაინის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შერჩეული არიან კვალიფიციური პედაგოგები ყველა საგნისათვის. მათ შორის არიან, როგორც უკრაინიდან ბოლო პერიოდში ჩამოსული, ისე ადგილობრივი უკრაინულენოვანი სპეციალისტები. მათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პირადად შეხვდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ესაუბრა. აღნიშნული მასწავლებლებისთვის ანაზღაურებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკრაინულენოვან სექტორში დასაქმებული მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასაც უზრუნველყოფს.
მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე. მოსწავლეები ისწავლიან როგორც სავალდებულო, ისე - ფაკულტატურ საგნებს ფორმალური კურიკულუმის ფარგლებში. ასევე, დაიგეგმება აქტივობები აღმზრდელობითი და არაფორმალური განათლების მიმართულებით.
უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩემი საქართველო". მოსწავლეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებშიც მიიღონ მონაწილეობა.
თბილისის 41-ე საჯარო სკოლის უკრაინულენოვან სექტორზე სწავლის სურვილი დღეისათვის 130-მა მოსწავლემ გამოთქვა. მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა მოსწავლე სწავლისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოებითა და ბუკებით უზრუნველყო. უკრაინელი მოსწავლეები ისარგებლებენ მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიანი პირობებით სამინისტროსა და მობილურ ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 426 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
საქართველოში უკრაინული სკოლა 1999 წელს, საქართველოში მცხოვრები უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს მიმართვის საფუძველზე დაფუძნდა და ფუნქციონირებდა. 2005 წელს, მას შემდეგ რაც სკოლებს მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, 41-ე სკოლის ოფიციალურ სახელწოდებაში უკვე აღარსად იყო მითითებული უკრაინული სკოლის სახელწოდება, თუმცა უკრაინულ ენაზე სწავლება სხვადასხვა საგანში მაინც მიმდინარეობდა. 2011 წელს, მას შემდეგ რაც, 56-ე საჯარო სკოლის ოპტიმიზაცია განხორციელდა 41-ე საჯარო სკოლასთან მიერთების გზით, უკრაინულ ენაზე სწავლება მილევად რეჟიმში გაგრძელდა. მას შემდეგ დაწყებით საფეხურზე უკრაინული კლასები აღარ გახსნილა და ფაქტობრივად უკრაინულმა სექტორმა ფუნქციონირება შეწყვიტა.