2018-02-23

ერთხელ, როცა ჩავისახე, გადაწყდა რომ ქალი უნდა ვყოფილიყავი. შემდეგ როცა დავიბადე გადავწყვიტე ვყოფილიყავი ძლიერი ქალი.

მერე ვიზრდებოდი, ძირითადად "ძლიერ სქესად" მიჩნეულ ადამიანებში. ვსწავლობდი მათგან სამართლიანობას, ისინი კი გოგოს თვალით უყურებდნენ "კაცურ" პრობლემებს. მე მათი მეგობარი კი არა ძმაკაცი ვიყავი და მდედრობითი სქესის ძმა.

შემდეგ კიდევ უფრო გავიზარდე და მივხვდი გოგოობასაც არაუშავდა რა, მანიკურიანი ფრჩხილი უფრო ლამაზი იყო, სახეზე კი მაკიაჟი მიხდებოდა.

მერე კიდევ გავიზარდე და ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე, მომეწონა. მათთვის კი უკვე არა ძმა არამედ გოგო ვიყავი.

შემდეგ კიდევ გავიზარდე და არა გავთხოვდი ან პატრონს ჩავბარდი, არამედ სიყვარულით, ძლიერი სიყვარულით შევქმენი ოჯახი. სადაც ქალი არა მხოლოდ სამზარეულოშია, არამედ სამსახურშიც დადის.

შემდეგ კიდევ უფრო გავიზარდე, მუცელიც გამეზარდა და კიდევ რომ გავიზარდე უზარმაზარმა დაბნეულმა თვალებმა შემომანათა.

ამის მერე კიდევ გავიზარდე და ამ დაბნეული თვალების სიყვარულით დაბრმავებულთა მთელი არმია მისი ერთი დაცემინების გამო დამიპირისპირდა. დაცემინებამ მეც შემაშინა, მაგრამ ძლიერი რომ ვიყავი გამახსენდა.

კიდევ რომ გავიზარდე, მეც ამოვიღე ხმა. შემდეგ კი არმიამ დამხმარე რაზმი გამოიძახა, რომელმაც შემახსენა რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი ჯერ კიდევ არ გაზრდილა და არ უნდა ვაწყენინო.

ამის შემდეგ მე ზრდა არ შემიწყვეტია...

მე გავიზარდე, ბევრჯერ და ბევრით და თქვენთვის ეს ასე რთულია?!

 

ქეთი გიგოლაშვილი

ბლოგი