2018-03-19

(მანქანა გაჩერებული მყავს - ღვედი ამიტომაც არ მიკეთია smile)

ისტორია #1

რამდენიმე დღის წინ აღმაშენებელზე გოგომ გამაჩერა, ვაჟაზე უნდოდა წაყვანა. მარჯანიშვილის თეატრთან ჩავუხვიე სანაპიროზე რომ ჩავსულიყავით. მაკდონალდთან რამდენიმე არაბი იდგა.

- როგორ გაბანძდა ეს უბანი -_-
- რატომ?
- გაივსო სუნიანებით პლხანოვი.
- ვის გულისხმობთ?
- ამ ბინძურ ინდი(!)ელებს და არაბებს
- რას ერჩი, რას გიშავებენ?
- კაი რიაააა... რას გვანან, ფუ!
ვეღარ მოვითმინე
- რით ხარ მათზე უკეთესი?
გაოცებულმა შემომხედა
- ყველაფრით
- რა ყველაფრით? რით ხარ მათზე მეტი, კულტურა გაქვს უკეთესი, ისტორია თუ რა? (თავისივე ფლანგიდან შევუტიე)
- დიახაც
- კი, კი, არაბულ და ინდურ კულტურაზე მეტია ქართული (ირონიული ღიმილი და პასიური აგრესია რომ სივიში მიწერია "ძლიერ მხარეებში", ბევრმა იცის)
- მგონი შენც ლიბერალი ხარ (ეს წინადადება ისეთი ტონით წარმოთქვა,
კორკოტა დაუფიქრებლად აიყვანდა მარჯვენა ხელად)
- კი ლიბერალი ვარ ნამდვილად. შენ კი აშკარად ფაშისტი ხარ და შენნაირების ადგილი არაა ჩემს მანქანაში.
- ფაშისტი თავი გაბია
- მეორე გოგო ხარ ცხოვრებაში, ვისაც ამ სიტყვას ვეუბნები. პირველ შემთხვევას ვნანობ. ამას კი, ზუსტად ვიცი, არასდროს ვინანებ. ჩააჯვი ჩემი მანქანიდან.

გავაჩერე მანქანა და გმირთა მოედნის ასახვევთან ჩამოვაგდე.

ისტორია #2

იმავე საღამოს, უკვე სახლისკენ მოვდიოდი, გვიანი იყო სანზონაში ორმა ინდუსმა ბიჭმა რომ გამაჩერა და დამტვრეული ქართულით:

- ცოტა ნასვამი არიან. ფული 50 თეთრი. გლდანი?
- დასხედით, დასხედით (თუ გრძელ გზას არ მეუბნებიან და არ მეჩქარება, არასდროს ვტოვებ მგზავრს გარეთ)

საუბრისას ვუთხარი, თუ ქართული უჭირდათ, შეეძლოთ ინგლისურად ესაუბრათ. უარი მითხრეს და ძლივს გამაგებინეს, რომ ცდილობენ ქართული ისწავლონ და თან ამ გზით პატივისცემას გამოხატავენ მასპინძელი ქვეყნის მიმართ.
სამედიცინოს მეორე კურსზე არიან. ძალიან მოსწონთ საქართველო და პროფესიასთან ერთად სწავლობენ ენას, კულინარიას და ყველაფერს ქართულს, რისი სწავლაც შესაძლებელია.

გლდანში რომ მივედით, მაწვდის 50 თეთრიანს. გამეცინა. ვუთხარი, რომ არაა საჭირო გადახდა.
- მე შენ მიყვარხარ. მე მიყვარს საქართველო. ყველაზე მაგარები ქართველი ადამიანი არიან.

ნომერი გამომართვეს. მეორე დღეს დამირეკეს, მგზავრობის ფულის მოცემა უნდოდათ. ვუთხარი, რომ ეს ზარი ყველანაირ საფასურზე მეტი იყო.

პირველ ისტორიაში ნახსენებ ქართველ .I.ქალას როგორ არ მერჩიოს ეს "სუნიანი ინდი(!)ელები"?! 

 

#ტაქსისისტორიები - გიორგი ჩინჩალაძე

ბლოგი