2018-02-01

ახალბედა დედები ხშირად დაობენ საკითხზე, შესაძლებელია თუ არა დაფეხმძიმება ბავშვის ძუძუთი კვების დროს. ნაწილი ამტკიცებს, რომ არა და ამის მყარ არგუმენტად საკუთარი გამოცდილება მოჰყავს, ნაწილი კი, რომელმაც ასევე, საკუთარ თავზე გამოსცადა აღნიშნავს, რომ შესაძლებელია. „მშობელი“ კლინიკა „ვივამედის“ მეან-გინეკოლოგს, ქეთი ვაჩეიშვილის დაუკავშირდა.

„როცა ქალი ბავშვს ძუძუს აწოვებს, გარკვეული დროით ციკლი არ ექნება (ლაქტაციური ამენორია), ეს ინდივიდუალური და ნორმალურია. ძუძუთი კვების დროს ჰიპოფიზი სისხლში გამოყოფს ჰორმონს „პროლაქტინი“, რომლის რაოდენობაც ამ დროს იმატებს და როგორც წესი დაორსულების შანსი არ არსებობს. თეორიულად, დაფეხმძიმება შესაძლებელია მაშინ, როცა ქალს ციკლი აქვს, მისი არარსებობის შემთხვევაში, ხაზს ვუსვამ, თეორიულად არ ხდება, თუმცა პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე გეუბნებათ რომ ძუძუთი კვების დროს დაორსულება შეუძლებელია, არ დაუჯეროთ“, - განუცხადა „მშობელს“ ქეთი ვაჩეიშვილმა.

ექიმის თქმით,  მნიშვნელობა არ აქვს ციკლი არის თუ არა, ბუნებრივი კვება არ არის 100%-იანი კონტრაცეპტივი.

 

მარიამ სოხაძე

რჩევები