2018-11-15

მხოლოდ ყველაზე გონიერები და ყველაზე უგუნურები არ ექვემდებარებიან სწავლებას - კონფუცი      
    
სახელმწფიო როგორც პირთა გარანტი ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვისათვის, კონსტიტუციის გზით შეთანხმებას დებს მასსა და მოქალაქეებს შორის, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მიერ მიღებულ კანონს/სამართალს ენიჭება პრიმატი პიროვნების სამართალთან მიმართებაში, ხოლო სახელმწიფო ამის საპირისპიროდ პიროვნების წინაშე იღებს დაიცვას მოქალაქე უზრუნველყოს მისთვის განვითარების საშუალების მინიჭება და ამასთანავე იღებს ვალდებულებას, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება გვხვდება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლში, რომელიც განათლების უფლებას ეხება. საქართველოს კონსტიტუციის 3 ნაწილის მიხედვით, სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.                            

რას ნიშნავს აღნიშნული უფლება, რა ვალდებულებას იღებს სახელმწიფო მოქალაქის/ბავშვის მიმართ, რა არის სახელმწიფოს უფლება და სახელმწიფოს ვალდებულება განათლების მხრივ?         

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ განათლების უფლება არის სოციალური უფლება (ახალი კონსტიტუციით კი საქართველო წარმოადგენს სოციალურ სახელმწიფოს) აღნიშნული უფლება გულიხმხობს უპირველესად იმას, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება არ ჩაერიოს პირის განათლების მიღების უფლებაში, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციით „ყველას“ ანუ განურჩევლად ყველას აქვს უფლება განათლებაზე. განათლება სახელმწიფოსათვის იმიტომაც არის უმნიშვნელოვანესი, რომ განათლება უზრუნველყოფს თავიდან იქნეს აცილებული საზოგადეობაში არსებული ან მოსალოდნელი უთანასწორობას.                    

თავის მხრივ განათლების მიღება იყოფა შემდეგ ეტაპებად:              
ა) სკოლამდელი განათლება;        
ბ) ზოგადი განათლება;  
გ) პროფესიული განათლება        
დ) უმაღლესი განათლება             

სკოლამდელი განათლება -  სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს შეუქმნას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სათანადო პირობები, ეს ნიშნავს, რომ უნდა განახორციელოს მისი მოვლა-პატრონობა, საჭიროების შემთხვევაში რეკონსტრუქცია განახლება, თანამედროვედ აღჭურვა ჰიგიენური პირობების დაცვა და ა.შ.

არის თუ არა ე.წ. რეგისტრაციით წესით მიღება სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებაში კონსტიტუციური? საკითხი უნდა დავსვათ იმ კუთხით, რომ სახელმწიფო შესაძლებელია აყენებდეს რაიმე პირობას, რომ პირმა მიიღოს დაწყებითი განათლება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სკოლამდელი განათლება დამოკიდებულია, რომ გამოვიყენოთ მიღებული ტერმინი „დასწრებაზე“, სავარაუდოდ არ იქნება აღნიშნული წესი სრულიად კონსტიტუციური, რადგან სახელმწიფო თავის ვალდებულებას თავისი მოქალაქის მიმართ, არ ასრულებს, რადგან რეალურად გამოდის, რომ სახელმწიფოს აქვს დეკლარირებული ვალდებულება „განათლების სავალდებულოობა“ მაგრამ ზღუდავს ამ უფლებას.

სკოლამდელი განათლება იყოფა თავის მხრივ ორ ნაწილად კერძოდ და საჯაროდ. საჯაროს აკონტროლებს თვითონ სახელმწიფო, ხოლო კერძოს შემთხვევაში სახელმწიფო კონტროლის როლი უმნიშვნელოა.  

ყველა ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების განათლების მიღების უფლება განათლების საერთაშორისო-სამართლებრივი უფლების ბირთვს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლი, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-13 და მე-14 მუხლები, ბავშვის უფლებათა კონვენციის 28-ე და 29-ე მუხლები და სან სალვადორის ოქმის მე-13 მუხლი.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფომ აიღო შემდეგი ვალდებულებები:             

- დააწესოს უფასო სავალდებულო და დაწყებითი განათლება (არ შეიძლება საჯარო სკოლა ითხოვდეს რაიმე თანხას ან საზღაურს შვილის განათლებისათვის მშობლისაგან);        
- მიმართონ ყველა ღონისძიება იმისათვის, რომ შემოიღონ უფასო განათლება და  აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური დახმარების გაწევა (უზრუნველყონ, რომ განათლება იყოს უფასო ხოლო საჭიროების შემთხვევაში მატერიალურადაც დაეხმარონ მოსწავლეებს განათლების მიღებაში);
- ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნული უფლება ყველა ბავშვისათვის ( ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვთა შორის არ უნდა იყოს განსხვავება განათლების მიღებაზე, მისი წარმომავლობის ეთნიკური კუთვნილების და ა.შ. ამავე ასპექტში შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ბავშვთა რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული სკოლამდელი და სკოლის არსებობა)         
- უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროში ინფორმაციისა და მასალების ხელმისაწვდომობას, ეს თავის თავში მოიცავს ასევე სახელმძღავნელოებისადმი ხელმისაწვდომობას და ა.შ.                

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველყოს დისციპლინა, დისციპლინარული სასჯელი და მისი გამოყენება უნდა განხორციელდეს ბავშვის ადამიანური ღირსების პატივისცემის გამომხატველი მეთოდების დახმარებით (რა თქმა უნდა აკრძალულია ძალადობა, მაგრამ აღნიშნული ასევე მოიცავს ე.წ. ფსიქოლოგიური ძალადობის გამორიცხვასაც, რასაც სამწუხაროდ ზოგჯერ ვაწყდებით თანამედროვე საქართველოში).                                               

სკოლამდელი განათლების მიღების დროს, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის მომზადება სკოლისათვის, მისი აზროვნების მომზადება, ამასთანავე გასათვალისწინებელია, განათლებას სახელმწიფო ბავშვს სწორედ იმიტომ აძლევს, რომ კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობება ჰქონდეს ბავშვს.                

სახელმწიფო  მართალია იცავს, შვილის და მშობლის უფლებას აირჩიოს საგანმანათებლო დაწესებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულის გამო  სავალდებულო განათლებას თავი აარიდოს შვილმა ან/და მშობელმა აარიდებინოს თავი.    

ზოგადი განათლება - აღნიშნულიც შედის სახელმწიფოს ვალდებულებაში, კერძოდ, სახელმწიფოა ვალდებული არ დააწესოს რაიმე გადასახადი სწავლისათვის. ზოგადი განათლების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, ზოგადი განათლების საფეხურებია: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი). ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან კერძო სამართლის პირები. სახელმწიფო, კანონმდებლობის საფუძველზე, ქმნის შესაბამის პირობებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნორმალური საგანმანათლებლო სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.            

განათლების მიღების დროს სახელმწიფო იცავს რამდენიმე პრინციპს, კერძოდ:    

- სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით (მაგალითად, დაუშვებელია მოსწავლის შეფასება მისი ქცევიდან გამომდინარე, რომელიც არ მოსწონს მასწავლებს);         

- ვალდებულია იზრუნოს, მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნისათვის; მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.              

- საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;  

ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელიც კი არის, რომ ბავშვებმა განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებმა იცოდნენ მათი უფლებების შესახებ. აღნიშნული შეიძლება მიწოდებულ იქნას მათთვის ბავშვისათვის მისაღები ფორმით.   

სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ მის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს ზოგადი განათლების სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.

ამასთანავე აუცილებლად გასათვალისწინებელია ის როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო სამართალი მტკიცედ იცავს მშობლების თავისუფლებას - შეარჩიონ თავიანთი შვილებისათვის განათლების სახე მათი რელიგიის, მორალური ან იდეური მრწამსის შესაბამისად. ეს მოიცავს როგორც უფლებას ბავშვმა მიიღოს მშობლის მიერ არჩეული განათლება მისი შეხედულებისამბერ ასევე უფლებას სახელმწიფოს ძალდატანების გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება შვილის განათლებაზე, ამასთანავე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული უფლება არ უნდა განხორციელდეს ისეთი სახით, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებას განათლებაზე.

გარდა ზემორე აღნიშნულისა, საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ იძლევა შემდეგ დამატებით უფლებებს: მოსწავლეს უფლება აქვს (მისი მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით), თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება სკოლა კი თავის მხრივ ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.                               

განათლების მიღების დროს, მოსწავლეს მიმართ დაუშვებელია: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება (ნებისმიერი პარტიის პოლიტიკური აგიტაცია მოსწავლეების მიმართ). მოსწავლეს/მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად. დაუშვებელია სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნების ცენზურა, უზრუნველყოფილია მოსწავლეს, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება.                               

დამატებით ევროპულმა სასამართლო ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში მიღების არადისკრიმინაციული მოთხოვნები (მაგალითად, გამოცდები) ამ ევროპულ კონვენციას არ ეწინააღმდეგებიან, იგივე მიდგომა ადასტურებს, რომ მონაწილე სახელმწიფოებს არ ეკისრებათ რაიმე ვალდებულება „თავიანთ ხარჯზე დააფუძნონ ან დააფინანსონ რაიმე კონკრეტული სახის ან კონკრეტული საფეხურის განათლების სისტემა“, სამართლის ლიტერატურაში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დაწყებით განათლებაზე არ უნდა იქნეს შემოღებული რაიმე შეზღუდვა, და რომ სახელმწიფოებს ეკისრებათ მინიმალური ვალდებულება უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებათა მინიმუმის არსებობა და ფუნქციონირება.

ზემორე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსწავლეს/ბავშვის უფლება განათლებაზე წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, სკოლამდელი და ზოგადი განათლება მიაწოდოს მოსწავლის ყოველგვარი დამატებითი საფასურის მოთხოვნის გარეშე, ასევე სახელმწიფოა ვალდებულება შექმნას გამართული მოწესრიგებული განათლების სისტემა, ამასთანავე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული საგანმანათებელო დაწესებულებების „აპოლიტიზირება“ ამასთანავე განათლება მოსწავლე უნდა მიეწოდოს ისეთი სახით, რომელიც უზრუნველყოს მისი როგორც მომავალი სრულწლოვანი მოქალაქის კონკურენტუნარიანობას.   

პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ       
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სპეციალურად „მშობელისთვის“     

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ          
დაუკავშირდეთ - Facebook-ზე, ან შემდეგ მისამართებზე:
ტელ: +995 591 97 67 64; Viber/Whatsapp: +995 591 97 67 64;
skype: pa31101986kgg ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;      

 

რჩევები