2018-11-09

შემოდგომა გრიპისა და ვირუსების სეზონია. ყველაზე რთული კი ეს მდგომარეობა მშობლებისთვისაა. ალბათ ყველას მოგისმენიათ, როგორ ნერვიულობენ დედები  ბავშვებზე. არის შემთხვევებიც, როცა ბავშვი 3 დღე ბაღში დადის, შემდეგი ერთი კვირა კი სახლშია ვირუსის გამო.

ისმის კითხვა: საერთოდ უნდა ვატაროთ თუ არა ბავშვი ბაღში, თუ უმეტესად გაცდენა უწევს?

გაეცანით უკრაინელი პედიატრის, ევგენ კომაროვსკის რეკომენდაციებს.

"ვირუსები და გრიპი ხშირ შემთხვევაში  წამლებს, ან მითუმეტეს ანტიბიოტიკებს, საერთოდ არ საჭიროებს. თუ მშობელი სათანადოდ დაეხმარება ბავშვის ორგანიზმს, ის თვითონ გაუმკლავდება ვირუსს.

საჭიროა მხოლოდ თბილი ტანსაცმელი, დატენიანებული ჰაერი და თბილი სითხეების მიღება.

წამლები, რომლებსაც ვირუსის დროს ვიღებთ, ძირითადად სამ პოზიციად იყოფა: ელექტროლიტები, ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირისთვის და იშვიათად სიცხის დამწევი საშუალებები.

როცა ვირუსის დროს, ამ საშუალებების გარდა არ გვიწევს სხვა პრეპარატების გამოყენება, ბავშვის ბაღში ტარება საჭიროა, აუცილებელიც კი. ხოლო, თუ ყოველ სურდოზე მედიკამენტების დიდი რაოდენობა ხდება საჭირო, ან ყოველი სურდო სრულდება გართულებებით, რომელიც ანტიბიოტიკს საჭიროებს, (1-3 ჯერ თვეში) მაშინ დაფიქრებაა საჭირო. იქნებ რამეს არასწორად აკეთებთ და ბაღში სიარული არაა მიზეზი?  უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ რამდენ სითხეს იღებს ბავშვი, არის თუ არა ოთახში დატენიანებული ჰაერი, რა ტემპერატურაა სახლში? იყო თუ არა სურდო დროულად  აღმოფხვრილი?

ისევ დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს. თუ ბაღში წასვლა ყოველთვის მთავრდება ვირუსით, მაგრამ არ ინიშნება უამრავი მედიკამენტი, ბაღში სიარული საჭიროა. ხოლო, თუ ბაღში ყოველი წასვლა ვირუსით, გართულებებით და ანტიბიოტიკით სრულდება, დროა დაფიქრდეთ, თუ როგორ იცხოვროთ ჰარმონიულად საბავშვო ბაღის გარეშე“.

 

 

მოამზადა მარიამ სოხაძემ

რჩევები