2018-11-07

ახალშობილის დაბადებისთანავე, უამრავი კითხვა იჩენს თავს. კითხვების უმეტესობა, ძირითადად კვების დროსა და ძილის შეთავსებას უკავშირდება.

„მშობელი“ გაგაცნობთ რამოდენიმე მარტივ რეკომენდაციას, რათა საქმე გაიმარტივოთ.

როგორ გავიგოთ როდის შია ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარას?

ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ახალშობილი:
*ტუჩებს აცმაცუნებს;
*ხშირად აღებს და კუმავს პირს;
*ტანსაცმელს, ხელს ან სათამაშოს წუწნის.
შედარებით აქტიურ პერიოდში:
*ძუძუს ეძებს;
*იღებს ჭამისთვის კომფორტულ პოზას, წვება ზურგზე, ან ტანსაცმელზე გექაჩებათ;
*გამუდმებით „ურტყამს“ დედას ხელზე, ან მკერდზე.
*წუხს და სუნთქვა უხშირდება.

მოზრდილ ბავშვებში გაითვალისწინეთ, რომ ჯერ უნდა დაამშვიდოთ და მერე გამოკვებოთ.
მოზრდილი ბავშვები, ხშირად გაუაზრებლად ბევრს დადიან ან გამუდმებით ტირიან, როცა შიათ.

რა უნდა გავაკეთოთ, როცა ახალშობილს სძინავს, მაგრამ ჭამის დრო უწევს და თავისით ვერ იღვიძებს.

ახალშობილებს პირველი თვის განმავლობაში თითქმის სულ სძინავთ, ასევე არ შეუძლიათ შიმშილზე მინიშნება იმ სიხშირით, როგორც ესაჭიროებათ. ახალშობილები უნდა გამოკვებოთ შიმშილის ყოველ მანიშნებელ სიგნალზე, თუნდაც ეს ერთ ან ორ საათში ერთხელ მეორდებოდეს.
როცა ბავშვი რეჟიმის მიხედვით დაიწყებს წონაში მატებას,(3 თვემდე,მატების კარგი რეჟიმი 115 გრამია კვირაში). შეგიძლიათ აღარ გააღვიძოთ და ის საკუთარ გრაფიკს თავად გამოიმუშავებს.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ღამით უწყვეტი ძილი ახალი დაწყებული აქვს და ფიქრობთ გააღვიძოთ თუ არა საჭმელად, ყურადღება მიაქციეთ ასაკს. თუ ერთ თვემდე ბავშვს გადაბმულად სძინავს, უმჯობესია ღამით 4-5 საათში ერთხელ გააღვიძოთ, ხოლო ერთი თვის შემდეგ, შეგიძლიათ აცადოთ ძილი იმდენი ხნით, რამდენიც უნდა. ოღონდ იმ პირობით, თუ თქვენი პატარა წონაში კარგად იმატებს.

ბევრი ახაშობილი გამუდმებით წოვს ხელებს, ეს მუდამ შიმშილის ნიშანი არ არის.
2,5-2 თვის შემდეგ, ბავშვები უკეთ აკონტროლებენ ხელებს და მათ შესწავლას ცდილობენ, ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი კი ხელის პირში ჩადებაა.
ასევე, ეს შეიძლება ღრძილების ქავილის ბრალი იყოს. აღსანიშნავია, რომ ღრძილების ქავილი კბილის ამოჭრამდე რამოდენიმე თვით ადრეც შეიძლება გამოვლინდეს.

 

მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ

 

რჩევები