
ნარკომანია ყველა დროის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს, რაც ხშირად ოჯახში დიდი კონფლიქტის, უარეს შემთხვევაში კი ფატალური შედეგის მიზეზი ხდება. მშობლების ნაწილი შვილთან ომს არჩევს, ნაწილი კი ცდილობს ახსნით მიაღწიოს სასურველ შედეგს. „მშობელი“ ფსიქოთერაპევტ თამარ პაიჭაძეს ესაუბრა.
„ნარკოტიკების მოხმარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მოზარდები არიან. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ბიჭებში ყველაზე დაბალი ასაკი 12 წელი აღმოჩნდა, ხოლო გოგონებში 14 წელი. როცა ამ ასაკში აღნიშნული პრობლემა ფიქსირდება, ჩვენი შვილები ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ“.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკებისკენ სწრაფვა? რა არის მაპროვოცირებელი?
„მიზეზი ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს. უკვე არსებული შფოთვა, დეპრესიული ფონი. სტიმულანტები ქმნის ილუზიას, რომ „მე უფრო თამამი ვარ“, „მე უფრო ჭკვიანი ვარ“. ხდება რეალობისგან გაქცევა.
რეალობისგან გაქცევის სურვილი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდეს, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში.
რეალობისგან გაქცევა გამოსავალი არ არის - უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ არსებობს გზები, სირთულეების გადალახვის ალტერნატიული საშუალებები, რომ სირთულის გადალახვა აუცილებელი უნარია ცხოვრების ყველა ეტაპისთვის. ამის შთაგონება სწორედ რომ 12 წლამდე მოზარდებში ხდება უფროსი ადამიანისგან. ეს შეიძლება იყოს მშობლები, პედაგოგი, ავტორიტეტული ადამიანი.
ინფორმაცის მიწოდების დროს სიფრთხილე გვმართებს. თუ ჩვენ ყოველ დღე დავისვამთ ბავშვს და ვეტყვით, რომ „იცი ნარკოტიკი ცუდია“, ამით შეიძლება მეტი ინტერესი გამოვიწვიოთ. უმჯობესია ბავშვის ინტერესის სფერო შემეცნებითი გავხადოთ და მისი შესაძლებლობები საზოგადოებაში რეალიზებული იყოს, ბავშვმა თავი სკოლაში ცოდნით უნდა დაიმკვიდროს, დადიოდეს სპორტზე და სხვადასხვა ღონისძიებებში იღებდეს მონაწილეობას. ნარკოტიკების შესახებ კი მისი ასაკის შესაფერისი მცირე ინფორმაცია ეტაპობრივად მივაწოდოთ.
როდესაც მოზარდი აღმოჩნდება ისეთ საზოგადოებაში, სადაც ნარკოტიკს თავაზობენ, აქ უკვე ეხმარება მისი ზემოთ ნახსენები უნარები იმაში, რომ უარი თქვას, რადგან იცის რომ თავის რეალიზება და თავის დამკვიდრება უფრო ჯანსაღი გზებითაც შეიძლება“.
რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი პიროვნებსთვის?
„ნარკოტიკზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის 2-3 მიღებაც კი საკმარისია.
ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში, პიროვნება დეგრადირდება, კარგავს კოგნიტური უნარების 30%-ს, რაც პროცენტულად ძალიან ბევრია. აქ იგულისხმება მეხსიერება, აზროვნება, ყურადღება, აღქმა. ხდება ცენტრალური ნერვული და პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის, შარდსასქესო სისტემის და სხვა ორგანოების დაზიანება. პრაქტიკულად, არ რჩება ორგანოთა სისტემა და ორგანო, რომელზეც ნარკოტიკის მავნე ზეგავლენა არ აისახება“.
მოამზადა მარიამ სოხაძემ