2018-09-24

ბევრი ბავშვი ცუდად ჭამს. რატომ? - იმიტომ რომ მშობლები მთელი ძალით ცდილობენ, აიძულონ ბავშვი კარგად ჭამოს. ლეკვებს, მაგალითად არ აწუხებთ მადის პრობლემა. ასევე ეს პრობლემა არ აწუხებთ იმ ქვეყნის ბავშვებს, სადაც დედებმა არ იციან კვების წესები, ამიტომ შეშფოთებულებიც არ არიან. ხუმრობით რომ ვთვათ, ბავშვისთვის მადის დასაკარგად საჭიროა ცოდნა და რამოდენიმეთვიანი დაძაბული შრომა.

გაეცანით ამერიკელი პედიატრის,  ბენჯამინ სპოკის რჩევებს:

ზოგი ბავშვი „მგლის მადით“ იბადება; მადა არ ეკარგება არც ავადმყოფობის დროს და არც მაშინ, როცა რაიმე აწუხებს. ზოგს უფრო ზომიერად აქვს განვითარებული და  ავადმყოფობის ან სტრესის დროს ადვილად ანებებს ჭამას თავს. ყველა ბავშვს, გამონაკლისების გარდა, აქვს თანდაყოლილი მადა, რაც საკმარისია ნორმალური წონისა და ჯანმრთელობისთვის.

 უბედურება ისაა, რომ მადასთან ერთად ბავშვს სიჯიუტეც დაჰყვება, მითუმეტეს  თუ მას ზედმეტად უჩიჩინებენ; იმ საკვების ზიზღი, რომელიც უსიამოვნო ასოციაციებს იწვევს; არსებობს კიდევ ერთ სირთულე: ყველა ადამიანს ბეზრდება ერთ სახეობის საკვების დიდხანს მიღება, ზოგი ტკბილეულს  და ცომეულს ეტანება, ზოგს კი საერთოდ არ უყვარს.

როდესაც ეს ყველაფერი იცით, იოლად გაიგებთ როდის წარმოიქმნება მადის პრობლემა.

ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, ზოგი დედა ცდილობს ბავშვს ძალით დაალევინოს ზედმეტი რძე, ბავშვს აღარ უნდა და ჯიუტობს. ზოგ ბავშვს თანდათანობით არ აჩვევენ მყარ საკვებს. ბევრი კი ერთ წლიდან იწყებს რძის გარდა სხვა საკვების გარჩევას და შედარებით ნელა იმატებენ წონაში, გარდა ამისა, ერთ წლიდან ბავშვი უკვე მეტად ჯიუტია. მადის გაუარესებას კბილების ამოსვლაც იწვევს, კიდევ უფრო აქვეითებს ბევრი ხვეწნა-მუდარა და ჩიჩინი. ამ ყველაფრით შეიძლება ბავშვი მუდმივად „ცუდ მჭამელად“ გადააქციოთ.

ძალიან ხშირად  უმადობის პრობლემა ავადმყოფობის შემდეგ იჩენს თავს.

გამოჯანსაღების გზაზე დამდგარ ბავშვს ჯერ კიდევ არ გაღვიძებია მადა, დედა კი ცდილობს საჭმელი ძალით „ჩატენოს“, ბავშვი საჭმელს შეიძულებს და ეს ზიზღი შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეს.

უმადობის პრობლემა ყოველთვის დაძალების გამო არ წარმოიშვება. ბავშვი ჭამაზე უარს შესაძლოა, უმცროს დაზე ან ძმაზე ეჭვიანობის, ან რამე სხვა პრობლემის გამო ამბობდეს. რა მიზეზმაც არ უნდა გამოიწვიოს მადის დაქვეითება, დედის წუხილი და ხვეწნა-მუდარა საქმეს ძალიან ართულებს.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ თავი ბავშვის ადგილას. გაიხსენეთ როდის არ გინდოდათ ჭამა, იქნებ ეს ზაფხულის ცხელი დღე იყო, ან მუცელი გტკიოდათ?

ახლა კი წარმოიდგინეთ: ვიღაც ახმახი თავზე გადგათ და აღელვებული ადევნებს თვალს ყოველ ლუკმას, რომელიც პირთან მიგაქვთ. საკვები ასე თუ ისე მოგეწონათ, დანაყრდით და ადგომას აპირებთ, მაგრამ შეწუხებული ახმახი არ გეშვებათ: „შენ არც კი გაგისინჯავს ბროკოლი“. უხსნით რომ ბროკოლს ვეღარ შეჭამთ, მაგრამ მას არ ესმის და გეუბნებათ, რომ განგებ იქცევით ასე. როდესაც ახმახი გიბრძანებთ: სუფრიდან ვერ ადგები, სანამ ბროკოლს სულ არ შეჭამო, გემოს უსინჯავთ, თან ცოტა გული გერევათ. ამ დროს კეთილი ახმახი კოვზით ბროკოლს გტენით პირში, რამაც კინაღამ დაგახრჩოთ.

ყველა პრობლემის გამოჩენისას, რაც ბავშვებთან გექმნებათ, აუცილებლად წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას. შედეგად  პრობლემების გადაჭრა შედარებით გაგიადვილდებათ.

 

მოამზადა ლუდმილა არდაშელიამ

რჩევები