დაარსებიდან 9 თვეში „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“ ჯეკპოტი უკვე მეორედ გათამაშდა. ლოტო „6/36“-ის მეორე ჯეკპოტის - 547 235 ლარის მფლობელი გახდა პენსიონერი თბილისიდან ივანე სომხიშვილი, რომელსაც მოგებული თანხა უკვე გადაეცა.
ივანე სომხიშვილმა ლოტო „6/36“-ის ბილეთი თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ნაცნობ ჯიხურში გათამაშებამდე ერთი საათით ადრე ავტომატური შერჩევის წესით შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათზე ციფრების კომბინაციას კომპიუტერი არჩევს. და ის, სულ რაღაც, ერთ საათში ჯეკპოტის მფლობელი გახდა.
„სისტემატურად ვთამაშობ ლოტო „6/36“-ს, არც ერთი გათამაშება არ ჩამიგდია. ჯეკპოტი რომ მოვიგე, მეორე დღეს გავიგე, სიხარულისგან გონი არ მეკითხებოდა. მოგებული თანხით შვილიშვილს, რომელიც მალე დაოჯახებას გეგმავს, ბინას შევუძენ და გავურემონტებ. მართლაც რომ სასწაულია, რომელსაც არანაირად არ ველოდი. მადლობა ამ სიხარულისთვის „საქართველოს ეროვნულ ლატარიას“, - თქვა ივანე სომხიშვილმა.